საქართველოს ეროვნული გვარდია 28 წლისაა. საქართველოს ეროვნული გვარდია ოფიციალურად 1990 წლის 20 დეკემბერს შეიქმნა.
საქართველოს ეროვნული გვარდია — სამხედრო ორგანიზაცია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შემადგენლობაში დეპარტამენტის სახით. მისი დანიშნულებაა: შეიარაღებული ძალების რეზერვის მომზადება-გადამზადება, სამობილიზაციო რესურსების მართვა; სამხედრო ოპერაციების დროს მხარდამჭერი და უსაფრთხოების ოპერაციების ჩატარება; საგანგებო სიტუაციების დროს სამოქალაქო ხელისუფლების მხარდაჭერა.
გვარდია შეიქმნა 1990 წლის 20 დეკემბერს, საქართველოს უზენაესი საბჭოს გადაწყვეტილებით „საქართველოს რესპუბლიკის შინაგანი ჯარების, ეროვნული გვარდიის შექმნის შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის კანონის მიღებით, როგორც რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს შინაგანი ჯარები, რითაც დაიწყო საქართველოს შეიარაღებული ძალების ჩამოყალიბება.
XX საუკუნის 90-იან წლებში საქართველოს ერთიანობისთვის წარმოებულ ბრძოლებში ეროვნული გვარდია წარმოადგენდა ქართული შეიარაღებული ძალების ძირითად ბირთვს. 600-ზე მეტმა გვარდიელმა სამშობლოს ერთიანობასა და თავისუფლებას საკუთარი სიცოცხლე შესწირა. 2000 წლამდე ეროვნულ გვარდიაში თავმოყრილი იყო საბრძოლო და სასწავლო ქვედანაყოფები, ხოლო 2000 წლიდან აშშ-ის ევროპული სარდლობისა და გენერალ დევიდ პოიტრესისრეკომენდაციების გათვალისწინებით, ეროვნულ გვარდიას ახალი როლი და ფუნქციები განესაზღვრა, განხორციელდა შესაბამისი სტრუქტურული ცვლილებები.
საქართველოს თავდაცვის 2004-2006 წლის სამხედრო დოქტრინიდან გამომდინარე, ეროვნული გვარდიის პრიორიტეტებია: შეიარაღებული ძალების რეზერვის მომზადება-გადამზადება, სამობილიზაციო რესურსების მართვა, საბრძოლო წვრთნების ორგანიზება და განხორციელება, რეზერვის მობილიზაციის დაგეგმვა და მართვა, საჯარისო მობილიზაციის ჩატარება სრული მოცულობით ყოველგვარ პირობებში. სამხედრო ოპერაციების დროს, მხარდამჭერი და უსაფრთხოების ოპერაციების ჩატარება (ზურგის ოპერაციები), საგანგებო სიტუაციების დროს სამოქალაქო ხელისუფლების მხარდაჭერა, შეიარაღებული ძალების შენაერთების, დანაყოფების და ნაწილებისათვის ხელშეკრულების საფუძველზე მოქალაქეთა შერჩევა და დაკომპლექტება.