ასეთი არჩევნები საქართველოში ჯერ არ ჩატარებულა. ვისი მობილიზაციაც ხელისუფლებას შეეძლო, ყველას მობილიზაცია მოხდა. მოხდა ყველას მოსყიდვა. ყველა კრიმინალი, კორუფციონერი, ნარკომანი - ყველა საქმეში იყო ჩართული, - ამის შესახებ გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ განაცხადა.
მისი თქმით, ხელისუფლების საქმე დამთავრებულია, რადგან ასეთი სირცხვილი, რაც შეეხება დემოკრატიულ არჩევნებს, საქართველოს არ უნახავს.
„მიუხედავად ამისა, დღეს, 17:00 საათის მდგომარეობით, 756 ათასი ხმა მიიღო გაერთიანებულმა ოპოზიციამ და მინდა გითხრათ, რომ ჩვენ ორ შედეგს მივაღწიეთ უკვე, როგორც არ უნდა დამთავრდეს ეს არჩევნები. პირველი არის ის, რომ გაერთიანებული ოპოზიცია შედგა. ეს არის მძლავრი ძალა. ჩვენ დაშლას არ ვაპირებთ და ყველაფერი ახლა იწყება. ამ არჩევნებით, ე.წ. ქურდულმა ოცნებამ დაკარგა ლეგიტიმაციის ბოლო ნიშანი. აბსოლუტურად მნიშვნელობა არ აქვს, რა უსულო საგანს შეიტანენ ისინი პრეზიდენტის სასახლეში. ამ ხელისუფლების საქმე დამთავრებულია, რადგან ასეთი სირცხვილი, რაც შეეხება დემოკრატიულ არჩევნებს, საქართველოს არ უნახავს", - განაცხადა ვაშაძემ.
ცნობისთვის, "რუსთავი 2"-სა და "იმედის" დაკვეთით ჩატარებულ ეგზიტპოლებში სალომე ზურაბიშვილი იმარჯვებს. Edison Research-ის ეგზიტპოლში სალომე ზურაბიშვილს 55% აქვს, გრიგოლ ვაშაძეს - 45%, ხოლო Gallup-ის ეგზიტპოლში სალომე ზურაბიშვილს 58%, გრიგოლ ვაშაძეს 42%.