მადლობას ვუხდით ჩვენს ამომრჩეველს, მთლიანად ჩვენს საზოგადოებას, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა ეგზიტპოლების შედეგების გამოცხადების შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, ახლა უკვე ნამდვილად არის შესაძლებელი რეაქციის გაკეთება, ვინაიდან ეგზიტპოლების შედეგები გამოაცხადა არა მხოლოდ მმართველი გუნდის მიერ დაქირავებულმა კომპანიამ, არამედ ოპონენტების მიერ დაქირავებულმაც.
„პირველი ტურის შემდგომ ალბათ სახიფათოც კია გავაკეთოთ რეაქცია, მაგრამ რამდენადაც ეს ჩვენი შიდა კვლევა აღარ გახლავთ, უცხოური კომპანია მოვიწვიეთ, თანაც ჩვენი კონკურენტის მიერ დაქირავებული კომპანიაც აცხადებს ეგზიტპოლებს და შესაძლებელია გავაკეთოთ შესატყვისი რეაქცია. მადლობას ვუხდით ჩვენს ამომრჩეველს, მთლიანად ჩვენს საზოგადოებას“, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
ცნობისთვის, "რუსთავი 2"-სა და "იმედის" დაკვეთით ჩატარებულ ეგზიტპოლებში სალომე ზურაბიშვილი იმარჯვებს. Edison Research-ის ეგზიტპოლში სალომე ზურაბიშვილს 55% აქვს, გრიგოლ ვაშაძეს - 45%, ხოლო Gallup-ის ეგზიტპოლში სალომე ზურაბიშვილს 58%, გრიგოლ ვაშაძეს 42%.