მოვუწოდებ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, მიეცით შესაბამისი მითითება საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეებს, რომ არ აქვთ უფლება უკანონოდ გააძევონ ადამიანები მხოლოდ იმიტომ, რომ დარღვევებს აფიქსირებენ, - ამის შესახებ გაერთიანებული ოპოზიციის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა.
მისი ინფორმაციით, ამ ეტაპზე 55 ადამიანია გამოძევებული საარჩევნო უბნებიდან. მისივე თქმით, ესენი არიან დამკვირვებლები.
„გურჯაანში განსაკუთრებით მასიურად ხდება ეს ყველაფერი. 30 ადამიანი არის მათ შორის საოლქო საარჩევნო კომისიიდან გამოძევებული. ზოგიერთ შემთხვევაში გვაქვს ინფორმაცია, რომ კომისიის წევრებიც არიან გამოძევებული. ნუ არღვევთ საარჩევნო პროცედურებს, მოვუწოდებ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, მიეცით შესაბამისი მითითება საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეებს, რომ არ აქვთ უფლება უკანონოდ გააძევონ ადამიანები მხოლოდ იმიტომ, რომ დარღვევებს აფიქსირებენ“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.