15:00 საათის მონაცემებით, უპრეცედენტო აქტივობა ფიქსირდება, ამომრჩეველთა დღევანდელი აქტივობა 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების აქტივობასაც აჭარბებს, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
როგორც კობახიძემ პარტია „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, „ნაციონალური მოძრაობის“ ტელევიზიაში, „რუსთავი 2“-ში იყო აბსოლუტურად კომიკური ვითარება, როდესაც ე.წ. ჟურნალისტები ცდილობდნენ წარმოეჩინათ, თითქოს იყო დაბალი აქტივობა.
„იყო უამრავი სპეკულაცია არჩევნების დღესთან დაკავშირებით. ჩვენ მაშინვე აღვნიშნავდით, რომ ოთხშაბათ დღეს არ ექნებოდა არანაირი უარყოფითი გავლენა ამომრჩეველთა აქტივობაზე. ჩვენი ნათქვამი რეალურად გამართლდა. აქაც ნახავდით, რომ „ნაცმოძრაობის“ ტელევიზიაში, „რუსთავი 2“-ში იყო აბსოლუტურად კომიკური ვითარება, როდესაც ე.წ. ჟურნალისტები ცდილობდნენ წარმოეჩინათ, თითქოს იყო დაბალი აქტივობა. ამაზე იყო საუბარი დილიდან და ეს იყო კომიკური. არის უპრეცედენტო აქტივობა, რომელიც აჭარბებს 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების აქტივობასაც კი. იმ ტყუილებს, რომელიც დილიდან ვრცელდებოდა არ აქვს არანაირი საფუძველი“, - განაცხადა კობახიძემ.