ადამიანს, რომელმაც კომისია დატოვა, სადაც შეიძლება მისი ხმა გადამწყვეტი ყოფილიყო, ხმას არ მივცემ, - ამის შესახებ ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის მამამ, ზაზა სარალიძემ განაცხადა, რომელმაც საკუთარი არჩევანი დიდ დიღომში #38 საარჩევნო უბანზე დააფიქსირა.
ზაზა სარალიძემ მოქალაქეებს მოუწოდა, გონივრული გადაწყვეტილება მიიღონ.
„პირველი შემთხვევაა, როდესაც არჩევანს ვაკეთებ. დავდიოდი არჩევნებზე მანამდეც ოღონდ ბიულეტენს ვაუქმებდი. ამ შემთხვევაში, ადამიანს, რომელმაც მე მიღალატა და ჩემს შვილს უღალატა, იმას ვერ დავიჭერდი მხარს. არასდროს არ მივცემდი ჩემს თავს უფლებას, რომ მისი თხოვნა გამეთვალისწინებინა, რომელმაც ჩემი თხოვნა არ გაითვალისწინა და კომისია დატოვა, სადაც მისი სიტყვა შეიძლება გადამწყვეტი ყოფილიყო“, - განაცხადა ზაზა სარალიძემ.