ქუთაისში უბანზე მარკირებიანი მოქალაქეები მიდიან და აცხადებენ, რომ მანდარინი აქვთ ნაჭამი, - ამის შესახებ ინფორმაციას "ახალგაზრდები ევროპული მომავლისთვის" წარმომადგენელი ავრცელებს.
მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ თავმჯდომარეს ეუბნებიან აღნიშნულის შესახებ, ის უარყოფს ამ ფაქტებს.
"მანდარინის ლაქა სულ სხვა არის, ესენი აშკარად არიან მარკირებიანი ადამიანები, ეს არის დიდი დარღვევა და დანაშაული. მიუხედავად იმისა, რომ თავმჯდომარეს ეუბნებიან აღნიშნულის შესახებ, ის უარყოფს ამ ფაქტებს. ეს არის მასიური ხასიათის. ბევრმა დამირეკა სხვადასხვა უბნებიდანაც. საეჭვოა რომ დილიდან მანდარინი ჭამეს, თან არჩევნების დღეს და თან ამდენმა ადამიანმა”, - აღნიშნავს ის.
ქუთაისის 119-ე საარჩევნო უბნის თავმჯდომარე კესო ვაშაყმაძე ბრალდებებს უარყოფს და ამბობს, რომ მხოლოდ ერთი ადამიანი მივიდა უბანზე, რომელსაც მანდარინი ჰქონდა ნაჭამი და ხელის დაბანის შემდეგ ლაქები აღარ აღენიშნებოდა. მისივე თქმით, აქედან გამომდინარე, კომისიამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ შესაძლებელი იყო მოქალაქეს ხმა მიეცა.