ჩემი ხმა მივეცი ყველაზე ევროპელ კანდიდატს, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" მხარდაჭერილმა საპრეზიდენტო კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომელიც საარჩევნო უბანზე შვილებთან ერთად მივიდა.
მისი თქმით, მისი არჩევანია მშვიდობია, ერთიანი, დაწყნარებული და ღიმილიანი საქართველო.
„ჩემი ხმა მივეცი ყველაზე ევროპელ კანდიდატს. ეს არის ჩემი არჩევანი. ჩემი არჩევანი არის მშვიდობიანი საქართველო, ერთიანი საქართველო, დაწყნარებული საქართველო და ღიმილიანი საქართველო“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
დღეს, 28 ნოემბერს, საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს. საქართველოს მოქალაქეები ექვსწლიანი ვადით მეხუთე პრეზიდენტს აირჩევენ.მეორე ტურში ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 3 528 658. ცესკოს მონაცემებით, პირველ ტურში ამომრჩეველთა რაოდენობა 3 518 877-ს შეადგენდა. არჩევნების ჩასატარებლად სრულ მზადყოფნაშია 3 703 საარჩევნო უბანი, მათ შორის 55 საზღვარგარეთ, 11 კი გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი უბანია.არჩევნებს აკვირდება საარჩევნო სუბიექტების 17 000-მდე წარმომადგენელი, 48 500-ზე მეტი ადგილობრივი და 1300-ზე მეტი საერთაშორისო დამკვირვებელი. საარჩევნო პროცესს გააშუქებს 2 300-მდე ჟურნალისტი. საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტური 28 ოქტომბერს გაიმართა. ცესკოს მონაცემების თანახმად, „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილმა დამოუკიდებელმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა ხმების 38.64% მიიღო, „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ - 37,74%.
ეს ბოლო არჩევნები იქნება, როდესაც სახელმწიფოს მეთაურს პირდაპირი გზით აირჩევენ. პრეზიდენტის მიერ ფიცის დადების მომენტიდან კი კონსტიტუციის ახალი რედაქცია თავისი ერთ-ერთი წინააღმდეგობრივი ცვლილებით – პრეზიდენტის არაპირდაპირი არჩევის წესით, შევა ძალაში.