საინფორმაციო გამოშვებაში „რუსთავი 2“-ის ეთერში არ გასულა არც მმართველი გუნდის ერთ-ერთი ლიდერის ირაკლი კობახიძის და არც ოფიციალური უწყების შს სამინისტროს ბრიფინგი. „რუსთავი 2“ და „ნაციონალური მოძრაობა“ ცდილობს, საზოგადოებას დაუმალოს სიმართლე, ფაქტები და რეალობა, ეს არის დღევანდელი მათი პროვოკაციული ქმედებების ნაწილი, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, „რუსთავი 2“ ცდილობს, რომ იმ სიებთან დაკავშირებით, რომელიც პარტიებს ცესკო-დან ოფიციალურად აქვთ გამოთხოვილი, პრობლემა შექმნას.
„რაც შეეხება სიებს, ჩვენ ვუყურებთ დილიდან დაწყებული ამ დრომდე, რომ „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტები პირდაპირ დასდევენ ჩვენს მომხრეებს მათ შორის „ქართული ოცნების“ აქტივს სიებთან დაკავშირებით. მათ მოვუწოდებთ, რომ არაფერი ამ სიებში უკანონო არ არის. თითქმის ყველა პარტიას ეს სიები აქვს წაღებული ცესკოდან. ეს არის ოფიციალური მონაცემები, რომელიც შეუძლია პარტიამ გამოითხოვოს და ამ უფლებით ნასარგებლევი აქვს ყველა ძირითად საარჩევნო სუბიექტს, მათ შორის პარტიებს, რომლებიც არიან ცესკოში რეგისტრირებული და ამ სიებში არაფერი უკანონო არ არის. შეუძლიათ თავისუფლად გამოიყენონ ეს სიები, მათ შორის, მოახდინონ ჩვენი მხარდამჭერების აღრიცხვა ან ამომრჩეველთა რაოდენობის აღრიცხვა. ნუ შეუშინდებიან პროკაციულ ფონს“, - განაცხადა მდინარაძემ .