10 ნოემბერს, 19:00 საათზე, შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო აკადემიური თეატრის მცირე დარბაზში ჩასაბერ საკრავთა თბილისის საერთაშორისო ფესტივალის დასკვნითი კონცერტი გაიმართება.
"თბილისის ჩასაბერ საკრავთა ფესტივალი" საქართველოში პირველად ტარდება და მასში მონაწილეობას იღებენ საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ მოღვაწე ქართველი და ევროპელი მუსიკოსები. მოწვეულ მუსიკოსებს შორის იქნებიან უმაღლესი კლასის შემსრულებლები, რომლებიც თავიანთი შემოქმედებით ქართველი მსმენელის წინაშე პირველად წარდგებიან.
ფესტივალის მიზანია, საზოგადოებაში ჩასაბერ საკრავთა მიმართ ინტერესის გაზრდა და ამ სფეროში უკეთესი სკოლის ჩამოყალიბება, რადგანაც ჩასაბერ ინსტრუმენტზე შემსრულებელი მუსიკოსები ორკესტრის ერთ-ერთი წამყვანი ჯგუფია, რომელიც ორკესტრის დონეს მნიშვნელოვნად განსაზღვრავს.
ფესტივალის ორგანიზატორებმა (დაფუძნებელი და მთავარი ორგანიზატორი ლევან ცხადაძე), რომლებიც უცხოეთში სწავლობენ და მოღვაწეობენ, გადაწყვიტეს ყოველწლიურად მოიწვიონ მსოფლიოს წამყვანი მუსიკოსები და მათთან ერთად ქართველ სტუდენტებს თავიანთი გამოცდილება და ცოდნა გაუზიარონ. ისინი წლის განმავლობაში რამდენჯერმე ეწვევიან საქართველოს და თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიასთან თანამშრომლობის საფუძველზე, ინტენსიურად ჩაატარებენ გაკვეთილებსა და ვორქშოფებს.