მმართველი პარტიის „ოქროპირები“ ჯიუტად განაგრძობენ იმ სასაცილო ბანერების დაცვას, რომელზეც გამოსახულია „ოცნების ლიდერშიპი“ და არ ჩანს თვით პრეზიდენტობის კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი.
„ტრანსგენდერი ბანერიო“ - ასე იხუმრა ივანიშვილის ყოფილმა მრჩეველმა, გია ხუხაშვილმა. არც სხვები აკლებენ. განსაკუთრებით „მთავარი ოპოზიციური ძალა“ და მისი ნიჭიერი ტელევიზია.
ზოგადად, ყველაზე უარესი, რაც შეიძლება ხელისუფლებას დაემართოს, ისაა, იქცეს სასაცილოდ - ქილიკის, დაცინვის, აბუჩად აგდების ობიექტად.....მით უმეტეს პოსტსაბჭოური მენტალობის საზოგადოებაში, რასაც კიდევ უფრო აღრმავებს ქართული „ეთნოფსიქოლოგია“ და „ძალის კულტი“:
ხელისუფლება შეიძლება იყოს საძულველი, საშიში, თუნდაც შესაცოდი, მაგრამ სასაცილო როცა ხდება, იმ ხელისუფლების საქმე თითქმის წასულია, თუ რაიმე სასწაული არ მოხდა და ამომრჩეველმა მაინც „ძველი“ არ ამჯობინა „ყოფილს“.
მტკნარი სისულელეა, თითქოს ბანერზე ბიძინა ივანიშვილი ან სხვა ლიდერები სალომე ზურაბიშვილთან ერთად თუ იქნებოდა გამოსახული, ამით რაიმე კარდინალურად შეიცვლებოდა. ბევრი არაფერი: ამ შემთხვევაში სხვა კუთხით გახდებოდა საქილიკო დასაცინი-აბუჩად ასაგდები: „რომ ამბობდნენ დამოუკიდებელი კანდიდატიაო და.....ხელით უჭირავთ სათითაოდ, არ გაექცეთო“ და ა.შ და ა.შ.
„სათქმელის“ მეტი რაა....მით უმეტეს, გაჭირვებით გამწარებულ, სიღარიბით მოცულ, მართლა გაბრაზებულ საზოგადოებაში. თუმცა ეს კატეგორია ყოველთვის იყო საქართველოში. არის და ალბათ დიდხანს იქნება. გააჩნია რამდენად მრავალრიცხოვანია და, რაც მთავარია, რამდენად ექნება „სათქმელი“.
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
კომიკური „ბანერი“ იმიტომაც იქცა „სასაცილოდ“ და უკვე დამატებითი ზიანი იმიტომ მიაყენა მმართველ პარტიას (იმასთან ერთად, რაც უკვე იყო და რისი გამოსწორებაც ძალიან ძნელია), რომ ამ ბანერმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი აბსურდულ სიტუაციას, რაც შეიქმნა სალომე ზურაბიშვილის კანდიდატობასთან დაკავშირებით, ვინც თავის დროზე მმართველმა პარტიამ წარადგინა, როგორც „დამოუკიდებელი“, მაგრამ ბოლოს დაასრულა იმით, რომ ლამის მის ნაცვლად და მასზე მეტად მონაწილეობენ ამ „დამოუკიდებელი კანდიდატის“ უღიმღამო საარჩევნო კამპანიაში.
სწორედ ამიტომ, ეს „ბანერი“ განსაკუთრებული განხილვის ღირსია იმ აზრით, რომ სწორედ იგი მანიფესტირებს, თუ რა გახდა იმ უმძიმესი მარცხის მიზეზი რაც განიცადა ბიძინა ივანიშვილმა. ეს მარცხი - მარცხად დარჩება, როგორც არ უნდა დასრულდეს 2018 წლის საარჩევნო კამპანია.
არის ასეთი ცნება: „პოლიტიკოსის კონტრაქტი ხალხთან“. ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია და დემოკრატიულ საზოგადოებაში გადამწყვეტი მნიშვნელობაც ენიჭება, ანუ რამდენად პასუხობს პოლიტიკოსი ხალხის მოთხოვნებს, „დებს კონტრაქტს“ ხალხთან და შემდეგ ახორციელებს კიდეც მას. თუ ვერ/არ ახორციელებს, „კონტრაქტი“ ირღვევა და ხალხის რეაქციაც არ აყოვნებს.
2003/2004 წელს მიხეილ სააკაშვილმა გააფორმა ხალხთან ასეთი „კონტრაქტი“, რომლის არსი იყო ქმედუნარიანი ხელისუფლების შექმნა და გაზულუქებული ჩინოვნიკების დაჭერა.
შეასრულა კიდეც ეს კონტრაქტი და „ტელედაპატიმრებებით“ გაახარა „ხალხი“, მაგრამ ომმა და გაუთავებელმა დაძაბულობამ, რაც მის მმართველობას ახლდა თან, იგი თანდათანობით დაასუსტა: უბრალოდ, ხალხი დაიღალა მიშას მმართველობის „გიჟური“ სტილით, განუჭვრეტადობით, არაპროგნოზირებადობით, მოულოდნელობებით, დაძაბულობით, გაუთავებელი „მივარდნებით“, სკანდალებით, ოპოზიციის ცხვირ-პირის მტვრევით და ა.შ.
ყოველივე დაგვირგვინდა 2012 წლის „ციხის“ მეგასკანდალით, რამაც სააკაშვილი დაამარცხა.
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
ხალხმა ძალიან მოინდომა ახალი კონტრაქტის გაფორმება, ამჯერად ბიძინა ივანიშვილთან. ეს კონტრაქტი განსხვავდებოდა 2003/2004 წლის კონტრაქტისგან იმით, რომ 9 წლიანი ზე-აქტიური, განუჭვრეტელი, სტრესებით და დაძაბულობით აღსავსე პერიოდის შემდეგ, ამომრჩეველი ბიძინა ივანიშვილს განიხილავდა ჯერ ერთი, როგორც მამა-მარჩენალს და, რაც მთავარია, მშვიდობისა და სტაბილურობის გარანტორს.
დამოკიდებულება იყო: იქნება ბიძინა, იქნება ოცნება, - გვექნება მშვიდობა, სტაბილურობა, განჭვრეტადობა და პროგნოზირებადობა.
„სახალხო კონტრაქტი“ გულისხმობდა, რომ რაკი აბსოლუტურად შეუძლებელი იყო იმის გათვლა, რას გააკეთებდა მიშა მეორე დღეს, ხალხს სწყუროდა იმგვარი ხელისუფლება, რომლის ნაბიჯებს იოლად გათვლიდა, ვინც სიმშვიდესა და სტაბილურობას მოუტანდა და, ერთი სიტყვით „მოასვენებდა“.
„დავიღალეეეეეეთ, მოგვასვენეეეეეთ“ - ამოიბღავლა ქართველმა ხალხმა 2012 წლის 1 ოქტომბერს, როდესაც ხმა მისცა „ნაციონალური მოძრაობის“ წინააღმდეგ, ანუ „ოცნების მომხრედ“.
ეს მოტივი არანაკლებ (თუ მეტად არა) არსებითი აღმოჩნდა, ვიდრე მამა-მარჩენალის მიერ უფასო ფულის დარიგება, ელექტროენერგიაზე ფასის დაკლება და სხვა დაპირებები.
უფრო ზუსტად, მოსვენება, მშვიდობა და სტაბილურობა განიხილებოდა „ოცნების“ აღსრულების აუცილებელ წინაპირობად.
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
2012 წელს „კონტრაქტი“ გაფორმდა და ბიძინა ივანიშვილმა სრული კარტ-ბლანში, ხელისუფლების „საკონტროლო პაკეტი“ მოიპოვა. მაგრამ, თანდათანობით, ხალხს ეჭვი შეეპარა „კონტრაქტის“ მოქმედებაში, რაკი ბიძინა ივანიშვილმა ვერ შეასრულა უმთავრესი მოთხოვნა, რაც უეჭველად ჩადო „კონტრაქტში“ იმ მილიონზე მეტმა ადამიანმა, ვინც 2012 წლის 1 ოქტომბერს ხმა მისცა „ქართულ ოცნებას“: „შემაწუხებელი“ მიშას გაქრობა, მისი „ნაციონალური მოძრაობის“ გაქრობა, ნერვებისმომთხრელი „რუსთავი-ორის“ აორთქლება, სიმშვიდე, მოსვენება სიმაძღრე და უდარდელობა.
მიუხედავად ამისა, „კონტრაქტორი ხალხი“ მაინც ხმას აძლევდა ბიძინა ივანიშვილს 2013, 2014, 2016, 2017 არჩევნებზე, რაკი მაინც იმედი ჰქონდა, „იმას“ რაღაც ჰქონდა ჩაფიქრებული და ბოლოს მაინც მოუტანდა საოცნებო მშვიდობა-მოსვენებას.
ოღონდ 2018 წელს ბიძინა ივანიშვილმა დაუშვა კატასტროფული შეცდომა, რითაც საბოლოოდ დაარღვია ხსენებული „კონტრაქტი“: ნაცვლად იმისა, პრეზიდენტობის კანდიდატად დაესახელებინა ამ კონტრაქტის განმასახიერებელი მშვიდი, გაწონასწორებული, არაკონფლიქტური, პროგნოზირებადი ფიგურები თავისივე გუნდიდან (მაგალითად კახი კახიშვილი, დავით სერგიენკო...), რომლებიც უეჭველად პირველივე ტურში მოიგებდნენ არჩევნებს, ივანიშვილმა „სანახევროდ“ მხარი დაუჭირა ისეთ პერსონაჟს, აუცილებლად იქცეოდა აყალ-მაყალის, სკანდალის, დაპირისპირების, კონფლიქტის, ოპოზიციის მხრიდან ლეგიტიმური ბრალდებების, ესე იგი, არა მშვიდობის, სტაბილურობის, არამედ ისევ არევ--დარეულობის, დაძაბულობის, გაურკვევლობის მიზეზად და საბაბად.
რატომ გააკეთა ეს ბიძინა ივანიშვილმა? არა ნებაყოფლობით, რასაკვირველია, - მისი ნება რომ ყოფილიყო, სწორედ კახიშვილ/სერგიენკოს დაასახელებდა და ისინი ნამდვილად „არჩევადნი“ იყვნენ, მაგრამ ევროკავშირის ზეწოლას გაუწია ანგარიში უფრო მეტად, ვიდრე საკუთარ „კონტრაქტს ხალხთან“.
შედეგმაც არ დააყოვნა: ხალხმა 2012 წ. „კონტრაქტის“ დარღვევისთვის იგი მკაცრად დასაჯა!.