ჯარმა ყველაზე კარგად იცის, რომ ქვეყნის გარეთ საერთაშორისო დავებში „ქართული ოცნების“ მთავრობა იყო, არის და იქნება მათი ყველაზე დიდი მხარდამჭერი, – ამის შესახებ იუსიტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა.
მისი თქმით, საარჩევნო კამპანია „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და „ევროპულმა საქართველომ“ საარჩევნო ადმინისტრაციის დისკრედიტაციით დაიწყო, ახლა კი ჯარსა და ჯარისკაცებზე ახორციელებენ დარტყმებს. როგორც იუსტიციის მინისტრი ამბობს, ოპოზიციის პროვოკაციას არავითარი შედეგი არ ექნება.
„ვიცი, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები ცდილობენ, ჯარისა და ჩვენი ყოფილი სამხედროების წარმომადგენლები ამ პროვოკაციაში აიყოლიონ, მაგრამ არ გამოუვათ, რადგან ჯარმა ყველაზე კარგად იცის, რომ ქვეყნის გარეთ სხვადასხვა საერთაშორისო დავაში იუსტიციის მინისტრი, იუსტიციის სამინისტრო, „ქართული ოცნების“ მთავრობა, იყო, არის და იქნება მათი ყველაზე დიდი და ერთგული მხარდამჭერი, ეს მათ იციან, ამიტომ პროვოკაციას, რომელიც ხორციელდება, არავითარი შედეგი არ უწერია“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.
მისი თქმით, იუსტიციის სამინისტროს მიზანია, საერთაშორისო სასამართლოში დაამტკიცონ ქართველების ეთნიკური წმენდა, სამხედრო ტყვეების წამება და მკვლელობა.
„ჩვენი მთავარი მიზანი იყო, არის და იქნება ყველა სხვადასხვა საერთაშორისო ფორმატში ჩვენი საჯარო მოხელეებისა და პირველ რიგში, ჯარისა და ჯარისკაცების ღირსების დაცვა. ჩვენ სხვა მიზანი გვამოძრავებს, რომ დავამტკიცოთ ქართველების ეთნიკური წმენდა, ჩვენი სამხედრო ტყვეების წამება და მკვლელობა. რაც მთავარია, ბენსუდას ოფისს დავადგენინოთ იმ რუსი და შესაძლებელია, ეთნიკურად ოსი პირების ვინაობები, რომლებმაც აწამეს სოფრომაძე, ანწუხელიძე და სხვები. მათ შორის ვინც დღეს ცოცხალია და მათ იციან, რომ იუსტიციის სამინისტრო მათი ერთგული პარტნიორია“, – აღნიშნა თეა წულუკიანმა.