იერიში განხორციელდა წუხელ დაღესტანში არსებულ სამხედრო პოლიგონ "დალნიზე". სამხედრო ბაზის ტერიტორიაზე რამდენიმე უცნობმა პირმა ავტომობილით შეღწევა სცადა. მას შემდეგ კი რაც ავტომობილს გზა სამხედროებმა გადაუკეტეს, იგი აფეთქდა. რუსული მედიის ინფორმაციით, აღნიშნული ინციდენტის შედეგად სამი ადამიანი გარდაიცვალა და 30-ზე მეტი დაიჭრა. დაჭრილთაგან სამი უმძიმეს მდგომარეობაში იმყოფება.
შემთხვევის ადგილზე სამართალდამცავები მივიდნენ, რომელთა კოლონის გზაზე ფუგასი აფეთქდა. ამ აფეთქებას მსხვერპლი არ მოჰყოლია.
პოლიგონი რუსეთის თავდაცვის სამინისტროს 136-ე მოტომსროლელი ბრიგადის საწვრთნელი ადგილია.
რუსული მედია ასევე იუწყება, რომ აფეთქების სიმძლავრე 50 დან 100 კილოგრამამდე ტროტილის ექვივალენტი იყო.
ამჟამად შემთხვევის ადგილზე რუსეთის თავდაცვის სამინისტროს სპეციალური საგამოძიებო ჯგუფი მუშაობს. გამოძიებას რუსეთის სამხედრო პროკურატურა აწარმოებს. "ტერაქტისა" და კიდევ ორი მუხლით უკვე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე.
აღნიშნული ტერაქტის შესახებ რუსეთის პრეზიდენტს რუსეთის თავდაცვის მინისტრმა ანატოლი სერდიუკოვმა აცნობა. დიმიტრი მედვედევმა უკვე გასცა განკარგულება დახმარება გაეწიოს ყველა დაღუპული და დაჭრილი სამხედროს ოჯახს.
მახაჩკალაში ასევე გაემართა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ვერტმფრენი დაჭრილთა გადმოსაყვანად.