როგორც არ უნდა დამთავრდეს მიმდინარე საარჩევნო კამპანია, ის, რაც უკვე მოხდა და „შედგა“, პოლიტიკოს მიხეილ სააკაშვილის ძალიან სერიოზული წარმატებაა. ბოლოს და ბოლოს, პოლიტიკოსისთვის ყველაზე საშიში და მომაკვდინებელი ისაა, როცა იგი აღარ არის „აქტუალური“ და მასზე აღარ „ლაპარაკობენ“. არა აქვს არსებითი მნიშვნელობა „რას ლაპარაკობენ“ და „როგორ ლაპარაკობენ“. მთავარია, რომ ლაპარაკობენ, აღელვებთ, აინტერესებთ და ა.შ.
ჯერ ერთი, ამ არჩევნებში მიხეილ სააკაშვილმა არა მხოლოდ ბიძინა და „ოცნება“ დაამარცხა მწარედ, არამედ ყოფილი თანაგუნდელებიც ანუ „ევროპული საქართველო“. ეს კი მისთვის არანაკლებ პრინციპული საკითხი იყო - 2020 წლის „საპარლამენტო კამპანიის“ გათვალისწინებით.
ამ ორ პარტიას შორის ისტორიული დავაც, კაცმა რომ თქვას, ამით გადაწყდა, რადგან როდესაც ჯერ კიდევ გუშინ სააკაშვილზე „ისეთ“ პოსტებს წერ, რაც სოციალურ ქსელში ქვეყნდებოდა, მის კანდიდატს უწოდებ „ნუგზარს დანელიას ფილმიდან „მიმინო“, ხოლო არჩევნების შემდეგ იძულებული ხდები (!) ამ „ნუგზარს“ დაუჭირო მხარი „უარესის“ თავიდან ასაცილებლად, ეს უკვე სერიოზული მარცხია. მით უმეტეს იმგვარი მენტალობის საზოგადოებაში, როგორიც საქართველოა.
ანუ, სააკაშვილმა ამ არჩევნებით „პროგრამა-მინიმუმსაც“ მიაღწია („ევროპული საქართველოს“ დამარცხება) და „პროგრამა-მაქსიმუმსაც“ - აჩვენა ძალა, გავლენა და შეინარჩუნა აქტუალურობა, როგორც მნიშვნელოვან პროცესთა ინიციირების უნართა მქონე პოლიტიკოსისა.
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
ბუნებრივად ჩნდება კითხვა მისი სამომავლო გეგმების შესახებ, რაც პრიმიტიულად დაიყვანება სათაურში გამოტანილ საკითხამდე: „დაბრუნდება?“ ან „რა უნდა მიშას?!“
ბევრს (უმრავლეს შემთხვევაში, ხსენებული კითხვის ავტორებს) გულწრფელად ჰგონია, თითქოს სააკაშვილს უნდა პრემიერ-მინისტრობა, რაც მტკნარი სისულელეა. არანაირი პრემიერ-მინისტრობა და საქართველოს ხელისუფლებაში ამ ფორმით დაბრუნება მიხეილ სააკაშვილს უკვე ა(ღ)არ უნდა. მან დაასახელა კიდეც პრემიერ-მინისტრობის საკუთარი კანდიდატი - გიორგი (გოგიტა) ვაშაძე - და ნამდვილად არ თვალთმაქცობდა!
ისევე, როგორც არ იტყუებოდა, როდესაც ბოლო ინტერვიუში „რ2“ -თან თქვა: „არანაირი თანამდებობა ჩემთვის არ მინდაო“. გულისხმობს სახელმწიფო თანამდებობებს, თორემ მმართველი პარტიის თავმჯდომარეობაზე, რასაკვირველია, არ იტყვის უარს მაშინ, როდესაც მისი პრემიერ-მინისტრობა, საგარეო-პოლიტიკური კონტექსტების გათვალისწინებით, შესაძლოა დასავლეთისთვისაც მიუღებელი იყოს, როგორც რუსეთთან „კონფლიქტოგენური ფაქტორისა“.
თუმცა, დასავლეთის დამოკიდებულებაც არ იქნებოდა გადამწყვეტი პოლიტიკოსისთის, ვინც ერთ-ერთ ინტერვიუში საკუთარ თავს „უუნაგირო ცხენი“ უწოდა.
მთავარი მაინც ისაა, რომ სააკაშვილისთვის „საქართველოს პრემიერ-მინისტრობა“ უკვე „მოვე-ტონია“ ანუ, სტილურად, „გაბანძებაა“. მით უმეტეს, როცა უამრავი რისკი ახლავს და ბევრის არაფრის მომტანიცაა. „იმავე მდინარეში მეორედ შესვლა“ რომ შეუძლებელია, კარგად ესმის.
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
ინტერვიუში თქვა, რა უნდა სინამდვილეში: „მე ვარ რეგიონული მასშტაბის პოლიტიკოსი!“.
საქართველოს ხელისუფლებაში საკუთარი გუნდის მოყვანა (არა პირადად დაბრუნება და პრემიერ-მინისტრის პოსტის დაკავება), ანუ ჯერ საპრეზიდენტო, შემდეგ საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვება მისთვის „რეგიონული გავლენის“ გაძლიერებაა. მათ შორის უკრაინაში და სხვა ქვეყნებში, სადაც ბრენდი „სააკაშვილის რეფორმები“ ნამდვილად „კოტირებს“ ესე იგი პოლიტიკურად „გაყიდვადია“. სომხეთის რევოლუციის დროსაც კი ხშირად ახსენებდნენ მიშას. და მას არც თვით რუსეთი დავიწყებია, ანუ „პუტინის რეჟიმის“ წინააღმდეგ ბრძოლა, რასაც ცდილობდა კიდეც იქაურ ოპოზიციასთან კავშირების დამყარებით.
ეს ვარაუდი რომ მართებულია, მთლიანად დადასტურდა როცა სააკაშვილმა, ერთი შეხედვით მოულოდნელი განცხადებები გააკეთა: ჯერ ერთი, პრეზიდენტობის კანდიდატ გრიგოლ ვაშაძეს „თითი დაუქნია“ - „შენი შესაწყალებელი რა მჭირსო“ და რაც მთავარია, საკუთარ „ძალისმიერ სტაფს“, ანუ მერაბიშვილს, ახალაიებს, ქარდავებს, სხვებსა და სხვებს მოურიდებლად უთხრა: „სულაც არ ვაპირებ თქვენი ცოდვები „შევიზილო“ ისე, როგორც ბიძინამ „შეიზილა“ ფარცხალაძე მისი „გაპრავების“ მცდელობით. ამიტომ, ვანო მერაბიშვილის ადგილი ჩემს გუნდში ნამდვილად არ იქნება, ხოლო მერაბიშვილიც, ახალაიებიც, ისევე როგორც სხვანი ყველანი, პრეზიდენტმა ვაშაძემ მხოლოდ მას შემდეგ უნდა შეიწყალოს, რაც......სჯობს ზუსტი ციტატა:
„როცა აირჩევა ვაშაძე, აბსოლუტურად ვიზიარებ მის პოზიციას, რომ უნდა მოისმინოს საქართველოს პროკურატურის პოზიცია. იქნებ მართლა აღმოჩნდეს, რომ ვიღაცა არის მაწამებელი, ვიღაცა არის ცივსისხლიანი მკვლელი, ვიღაცას აქვს რაღაც ცოდვები, რაზეც ჩვენ არა ვართ ინფორმირებული....პრეზიდენტი ვაშაძე არ არის ინფორმირებული და მხოლოდ ამის შემდეგ მიიღოს სამართლებრივი გადაწყვეტილება. ეს ერთი. მეორე: ეს არ ნიშნავს, რომ ადამიანი პოლიტპატიმარი რომ არის, მიუხედავად ჩემი გრძნობებისა, მეგობრობისა თუ პატივისცემისა, ეს არის მისთვის ბილეთი პოლიტიკაში“. (ციტატის დასასრული).
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
მერედა, ვის უნდა დაეკითხოს „პრეზიდენტი ვაშაძე“, რომელიც პროკურორს ვერ შეცვლის? რასაკვირველია ამჟამინდელ პროკურორს, რომელიც ქართულმა ოცნებამ დანიშნა......და ის რას ეტყვის - „უდანაშაულოები არიანო?“
ბაჩო ახალაიამ, ვისაც პოლიტიკაში ყოფნა ნამდვილად არ უნდა, ამაზე უკვე გააკეთა კომენტარი: „რაკი ასეა, ვიჯდები კიდევ 2-3 წელიწადსო“. ხოლო ვანო მერაბიშვილი, ვისაც, პირიქით, აშკარად ძალიან უნდა დიდ პოლიტიკაში მოსვლა, ჯერ-ჯერობით სდუმს. მას „კარგად“ ახსოვს, რომ მიშამ, ჯერ კიდევ 3 წლის წინ (როცა „ფარული სექს-კადრები“ გავრცელდა), სწორედ მის გასაგონად თქვა: „ვინც თავისი უპასუხისმგებლობით ან არაპროფესიონალიზმით ამგვარი კადრების გადაღება დაუშვა, მისი ადგილი ჩვენს გუნდში არ იქნებაო“.
მიხეილ სააკაშვილს მიაჩნია, რომ ამ ხალხთან პირნათელია, რადგან ჯერ კიდევ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, თუ გახსოვთ, გამოსცა „უცნაური“ ბრძანება, რითაც ჯერ ერთი, უკვე გაცემულ დიპლომატიურ პასპორტებს გაუგრძელა ვადა და გარდა ამისა, „დიპლომატიური პასპორტი“ დაურიგა ყველა იმ თანამდებობის პირს, ვინც ხელისუფლების შეცვლის შემდეგ შეიძლება დაეპატიმრებინათ.
ეს იყო მკაფიო სიგნალი მათთვის: „მეც წასვლას ვაპირებ, თქვენც გაერიდეთ, წადით.....“
ნაპროკურორალმა ზურაბ ადეიშვილმა, დათა ახალაიამ, ასევე მეგიზ ქარდავამ და ა.შ ამით ისარგებლეს, ვანო მერაბიშვილმა და ბაჩო ახალაიამ - არა. „ჰოდა ახლა საფლავში ხომ არ ჩაგყვებით?“ - ეუბნებათ დღეს ექსპერზიდენტი, რაკი შესანიშნავად იცის, რომ მისი „ძალოვანების“ შეწყალება არაპოპულარული თემაა! ამდენად, ხმებს აკარგვინებს გრიგოლ ვაშაძეს და საფრთხეს უქმნის თითქმის გადაწყვეტილ (მაგრამ ჯერ მაინც სათუო) გამარჯვებას მეორე ტურში.
ხოლო თუ ახალაიების მამა გაგიჟებული გამოვარდება და აღშფოთებით იყვირებს „შენი ერთგულნი როგორ გასწირეო“, სრულიად ფუჭი ისტერიკა იქნება.
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
აი ეს მომენტი - ახალაიებთან და მერაბიშვილთან დამოკიდებულებისა - ყველაზე ზუსტი ინდიკატორია, რომ სააკაშვილს ხელისუფლებაში პირადად და უშუალოდ დაბრუნება (ესე იგი, პრემიერ-მინისტრის პოსტის დაკავება) ნამდვილად აღარ უნდა, შესაბამისად, აღარც მათი ერთგულება სჭირდება და არც მათი უკვე გამოყენებული პროფესიონალიზმი.
„პოლიტიკა სასტიკია“ და უკიდურესი პრაგმატიზმის (შესაბამისად ცინიზმის) გარეშე ბევრს ვერაფერს მიაღწევ. მიშას კი ძალიან დიდი „რეგიონული“ გეგმები აქვს, რომლებიც საქართველოს(აც) მოიცავს, თუმცა შორს სცილდება ამ ჩვენს მრავლისმნახველ ქვეყანას.