"გაერთიანებულმა ტელეკომმა" და "კავკასუს ონლაინმა" თანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულებებს ხელი მოაწერეს. "კავკასუს ონლაინი" საკუთარი ქსელის ლეგალიზებას იწყებს. ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" გაერთიანებული ტელეკომიდან აცნობეს.
მათი ინფორმაციით, კომპანია "კავკასუს ონლაინმა" აღიარა, რომ ჰქონდა დავალიანებები "გაერთიანებული ტელეკომის" წინაშე. ეს კომპანია ამიერიდან დაიწყებს საკუთარი ქსელის ლეგალიზებას, რაშიც მას "გაერთიანებული ტელეკომი" საკუთარი ინფრასტრუქტურით დაეხმარება.
ბოლო ერთი კვირის განმავლობაში აქტიური კონსულტაციების შედეგად „გაერთიანებულ ტელეკომსა" და "კავკასუს ონლაინს" შორის ხელი მოეწერა 3 ხელშეკრულებას, რითაც საბოლოოდ დარეგულირდება ტექნიკური და ანგარიშსწორების მექანიზმები. კერძოდ:
ორმხრივად შეთანხმებულია პროცედურები და ვადები, რომლის მიხედვითაც "გაერთიანებული ტელეკომი" ანაზღაურების სანაცვლოდ საკუთარ ინფრასტრუქტურას გასცემს და საშუალებას აძლევს "კავკასუს ონლაინს" გამოიყენოს მის კუთვნილებაში არსებული ელექტრონული საკომუნიკაციო კანალიზაციის არხები, სახაზო-საკაბელო (სატელეფონო) წყვილები და თანალოკაციის ფართები (სატელეფონო სადგურები). ასევე შეთანხმების შესაბამისად, "კავკასუს ონლაინის" სპეციალისტები 24 საათის განმავლობაში ყოველდღიურად (მათ შორის უქმე და დასვენების დღეებში) შეძლებენ სამუშაოს წარმოებას შეუზღუდავად იჯარით აღებულ ყველა და ნებისმიერ თანალოკაციის ფართზე, როგორც თბილისში, ისე რეგიონებში.
აღნიშნულ ხელშეკრულებებში ("ელექტრონული საკომუნიკაციო კანალიზაციის არხებთან დაშვებისა" და "სპილენძის სააბონენტო სახაზო-საკაბელო წყვილების ფართოზოლოვან რესურსთან და თანალოკაციის ფართთან დაშვების" შესახებ ხელშეკრულებები) ფინანსური ვალდებულებების შესრულების უზრუნველყოფის საფუძველს კვლავ საბანკო გარანტია (500 000 ლარი) წარმოადგენს. "გაერთიანებული ტელეკომი" უფლებამოსილია საბანკო გარანტია გაანაღდოს მთლიანად, საბანკო ლიმიტის გათვალისწინებით მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ "კავკასუს ონლაინი" საერთოდ არ განახორციელებს მიღებულ მომსახურებაზე დარიცხული საფასურის გადახდას ან არასრულად მოახდენს ანგარიშსწორებას.
ასევე, გაფორმდა მესამე მნიშვნელოვანი ხელშეკრულება "კავკასუს ონლაინის" ოპტიკურ-ბოჭკოვანი ქსელის (ჯელინკის) "გაერთიანებული ტელეკომის" კუთვნილ კანალიზაციის არხებში განთავსებაზე, რითაც კომპანია "კავკასუს ონლაინი" მოახდენს ჯელინკის პროექტის ლეგალიზებას და კანონის ჩარჩოებში მოქცევას.
"კავკასუს ონლაინი" საკუთარი ძალებით განახორციელებს ქსელის (224 კმ კაბელი) დემონტაჟს თბილისის უბნებში (ვაკე-საბურთალო; დიდუბე-ჩუღურეთი; გლდანი-ნაძალადევი; ისანი-სამგორი; ძველი თბილისი), ხოლო "გაერთიანებული ტელეკომის" საკანალიზაციო არხებში განთავსება მოხდება ორივე კომპანიის სპეციალისტების მიერ.