ფინანსთა სამინისტროს ინიციატივით, 2012 წლიდან პროგრამული ბიუჯეტი დაინერგება. აღნიშნული ცვლილება გათვალისწინებულია საქართველოს საბიუჯეტო კოდექსით, რომელიც განსახილველად პარლამენტს უკვე წარედგინა. პროგრამული ბიუჯეტის დანერგვის საფუძველზე თითოეული სამინისტრო წარმოადგენს 4 წელზე დეტალურად გაწერილ ბიუჯეტს.
როგორც ფინანსთა მინისტრმა, კახა ბაინდურაშვილმა განაცხადა, პროგრამული ბიუჯეტი იქნება წლიური ბიუჯეტის განუყოფელი ნაწილი და მასში ასახული იქნება თითოეული პროგრამის, პროექტისა და ღონისძიების დაფინანსება მომდევნო 4 წლის განმავლობაში. განსაზღვრული იქნება ასევე გატარებული ღონისძიებების მოსალოდნელი შედეგები.
"პროგრამული ბიუჯეტი იქნება წლიური ბიუჯეტის განუყოფელი ნაწილი და მასში ასახული იქნება თითოეული პროგრამის, პროექტისა და ღონისძიების დაფინანსება მომდევნო 4 წლის განმავლობაში. განსაზღვრული იქნება ასევე გატარებული ღონისძიებების მოსალოდნელი შედეგები. ჯანდაცვის, განათლების და იუსტიციის სამინისტტროებმა უკვე გააკეთეს პილოტური პროგრამული ბიუჯეტები და ეს გვაძლევს შესაძლებლობას, ზუსტად განვსაზღვროთ, რას მოხმარდება ბიუჯეტიდან დახარჯული თითოეული თეთრი", _ განაცხადა ბაინდურაშვილმა.
რაც შეეხება საბიუჯეტო კოდექსს, ფინანსთა მინისტრის განცხადებით, საბიუჯეტო კოდექსის შემოღებით მოხდება საბიუჯეტო სისტემის მარეგულირებელი კანონმდებლობის გაერთიანება, გამარტივება და სრულყოფა, ასევე ერთიან საბიუჯეტო სისტემაში მოექცევა სახელმწიფო, ადგილობრივი და ავტონომიური რესპუბლიკების ბიუჯეტები, რაც ფინანსთა მინისტრის განცხადებით, გაზრდის საბიუჯეტო ხარჯების გამჭვირვალობას.