ბუქარესტის აეროპორტში Wizz Air-ის თვითმფრინავის ექსტრემალური დაჯდომის მიზეზი საეჭვო სატელეფონო ზარი გახდა.
„საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ ინფორმაციით, ქუთაისი - ვარშავას ბორტზე შემოწმება დასრულდა და სატელეფონო შეტყობინება კი ცრუ განგაში აღმოჩნდა.
„საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ განცხადებით, 25 ოქტომბერს Wizz Air-ის რეისმა W6 1576 ქუთაისი - ვარშავას მიმართულებით იძულებითი დაშვება განახორციელა რუმინეთის ქალაქ ბუქარესტში, რისი მიზეზიც ქუთაისის აეროპორტში განხორციელებული საეჭვო სატელეფონო ზარი გახდა. ბორტის წევრებმა იმოქმედეს დადგენილი პროცედურების შესაბამისად და რისკის თავიდან აცილების მიზნით საჰაერო ხომალდის დაუგეგმავი დაშვება განახორციელეს ბუქარესტის აეროპორტში. ყველა მგზავრი და ბორტის წევრი უსაფრთხოდ იქნა გადაყვანილი ხომალდიდან.
ამჟამად შემოწმების პროცესი დასრულებულია. აღმოჩნდა ცრუ განგაში. თვითმფრინავი გადაყვანილია სადგომზე და მიმდინარეობს მგზავრების ჩასხდომა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტმა ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტის საინფორმაციო ცენტრში შესული შეტყობინების ფაქტზე გამოძიება დაიწყო სსკ-ის 331-ე მუხლით, რაც ტერორიზმის შესახებ ცრუ შეტყობინებას გულისხმობს", აცხადებენ „საქართველოს აეროპორტების გაერთიანებაში".
ამ დროისათვის დადგენილია ზარის ავტორი და გაირკვა, რომ ზარი განხორციელდა ოჯახური კონფლიქტის ნიადაგზე და რეალურად საფრთხის შემცველი არ იყო.
მიუხედავად აღნიშნულისა, ავიაკომპანია Wizz Air-მა მიიღო გადაწყვეტილება ქუთაისი - ვარშავას ავიარეისი ნომრით W6 1576 დაფრენილიყო ბუქარესტის აეროპორტში და საავიაციო უშიშროების ნორმების შესაბამისად ხომალდს ჩატარებოდა დამატებითი შემოწმება.