რამდენიმე დღის წინ, მიხეილ სააკაშვილს ჰქონდა ძალიან ძლიერი ინტერვიუ ერთ-ერთ უკრაინულ არხზე და პრეზიდენტ პოროშენკოზე საუბრისას საოცარი რამ თქვა. დავაკვირდეთ ყურადღებით, რადგან ნიშანდობლივი ნარატივია:
„ახლახანს „ჰელსინკის კომისიამ“ გამოაქვეყნა კვლევა უკრაინის შესახებ, თუ რატომ გამოუვიდა საქართველოს კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა და რატომ არ გამოუვიდა უკრაინას. „ჰელსინკის კომისიის“ დასკვნაში გაზიარებულია ექსპერტ გავრილიშინის ციტატა: „უკრაინა და საქართველო თანაბარ საწყის პირობებში იყვნენ. მაგრამ საქართველოს გამოუვიდა კორუფციის დამარცხება, ხოლო უკრაინას არ გამოუვიდა. იმიტომ, რომ 1) საქართველოს პრეზიდენტს ჰქონდა ძლიერი პოლიტიკური ნება 2) იგი სარგებლობდა ნდობით თავიდანვე 3) საქართველოს პრეზიდენტმა ფრონტალურად შეუტია კორუფციას 4) მოიყვანა სრულიად ახალი ადამიანები 5) შეამცირა სახელმწიფოს ჩარევის როლი (დააკვირდით ამ ერთი შეხედვით აბსურდულ დებულებას: კონტექსტით იგულისხმება არა ეკონომიკაში სახელმწიფოს როლის შემცირება, არამედ კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში „სახელმწიფოს“ ანუ სასამართლოს როლის შემცირება, თუმცა ეს დებულება, ექსპერტის დასკვნაში თაღლითურად და გაიძვერულად შენიღბულია - ნ.ი.) 6) იყენებდა ძალზე არაკონვენციურ მეთოდებს კორუფციის წინააღდმეგ ბრძოლისას 7) მას ჰქონდა მკაფიო მიზანი და ამ მიზნის მიღწევისთვის იგი (საქართველოს პრეზიდენტი-ნ.ი.) საერთაშორისო გამოცდილებას იზიარებდა მხოლოდ შიდა-ქართული კონტექსტიდან გამომდინარე. (ციტატის დასასრული)
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
როგორია? უცბად ვერც მიხვდებით, რამდენად გამაოგნებელია ამ ვინმე „ექსპერტ გავრილიშინის“ ამგვარი „დასკვნის“ გაზიარება „ჰელსინკის კომისიის“ (!!!) მიერ, თუ მიხეილ სააკაშვილი მართალს ამბობს (არადა, როგორც ჩანს მართალს ამბობს) და „ჰელსინკის კომისია“ ნამდვილად იზიარების საკუთარი ექსპერტის ამ შემზარავ დასკვნას.
რატომ შემზარავს?
ამის განსამარტად, ჯერ ის ვთქვათ, რა არის „ჰელსინკის კომისია?“
„ჰელსინკის კომისია“ შეიქმნა 1975 წლის „ევროპაში უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის თათბირის“ საფუძველზე, რომელიც შემდგომ გარდაიქმნა „ევროპაში უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციად“ (ეუთო-OSCE). ბევრი ისტორიკოსი თვლის, რომ კომუნისტური რეჟიმი, მათ შორის სსრკ, სწორედ იმ ღირებულებებმა დაანგრია, რაც დასავლურმა დიპლომატიამ და ევრო-ამერიკელმა ლიდერებმა მოახერხეს და შეიტანეს ხსენებულ ხელშეკრულებაში.
ეს ღირებულებები კი, უპირველესად, იყო არა „საზღვრების ურღვევობა“, არამედ.......პირველ რიგში, ადამიანის უფლებები, კანონის უზენაესობა, თავისუფლება, დემოკრატია, უდანაშაულობის პრეზუმფცია, სიტყვის თავისუფლება, სასამართლოს დამოუკიდებლობა და ა.შ და ა.შ. ანუ ყველაფერი ის, რაც, ავტორიტარული ბუნებისა და მენტალობის მოღავაწეთა შინაგანი, უცდომელი რწმენით, ხშირად ხელს უშლის ეკონომიკის ზრდას, ხელს უშლის პროგრესს, მათ შორის, თქვენ წარმოიდგინეთ, კორუფციის მყისიერ დამარცხებასაც!
დამარცხებას ისტორიულად ხანმოკლე ვადაში, თორემ ევროპული ყაიდის დემოკრატია, ადრე თუ გვიან, აუცილებლად დაამარცხებს კორუფციას, რისი ბრწყინვალე მაგალითიცაა თანამედროვე იტალია - მისი წინამორბედი, 1950-1980 წლების იტალიისგან განსხვავებით
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
ჰოდა დავუბრუნდეთ მთავარ სათქმელს: მიშა ძალიან ჭკვიანი და გამჭრიახი პოლიტიკოსია. ალბათ ყველაზე ძლიერი პოლიტიკოსი, ვინც კი ჩვენს ქვეყანას ჰყოლია ბოლო 100 წლის მანძილზე. ბევრად წარმატებული და შეუდარებლად ნიჭიერიც, ვიდრე ეს „უბადრუკი“ პეტრო პოროშენკო, მაგრამ......როცა „ჰელსინკის კომისიას“ ახსებენებ, პირველ რიგში არა „წარმატება-წარუმატებლობა“, არა „შედეგიანობა-უშედეგობა“, არამედ ღირებულებები და „ღირებულებითობა“ გახსენდება ადამიანს ხომ? განა ასე არ არის? კი, ნამდვილად ასეა!
ჰოდა რაკი ასეა, მაშინ უნდა ითქვას ყოველგვარი მობოდიშების გარეშე: „......... იმ „ჰელსინკის კომისიას“, თუ ახლავე არ ახსნის, რა იგულისხმება აი თუნდაც ამ დებულებებში, რომელსაც (ჩვენი ქვეყნის მესამე პრეზიდენტის სრულიად სარწმუნო მტკიცებით) ეს კომისია თურმე იზიარებს: „იყენებდა ძალზე არაკონვენციურ მეთოდებს კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლისას“ და „იყენებდა საერთაშორისო გამოცდილებას მხოლოდ შიდა-ქართული კონტექსტიდან გამომდინარე“
იმედია მკითხველს არ სჭირდება „თარგმნა“, რას ნიშნავს „არაკონვეციური მეთოდი კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლისას“ და რას ნიშნავს ამ კონტექსტში „კონვენციური მეთოდი“. მით უმეტეს „ჰელსინკის კომისიის“ ტექსტში. რასაკვირველია იგულისხმება ისეთი.....„ხელისშემშლელი სისულელეები“, როგორიცაა უდანაშაულობის პრეზუმფცია და სასამართლოს დამოუკიდებლობა.
ჰოდა ამიტომაც ვამბობ, თუ ამ დებულებას მართლა იზიარებს, .......... ასეთ „ჰელსინკის კომისიას“!!!
და არც იმის „თარგმნაა“ საჭირო ალბათ, რა იგულისხმება აი ამ გაიძვერულ ფორმულირებაში, კვლავ დააკვირდით: „.....იყენებდა საერთაშორისო გამოცდილებას მხოლოდ შიდა-ქართული კონტექსტიდან გამომდინარე“.
როგორ გგონიათ, რომელი „საერთაშორისო გამოცდილება“ იგულისხმება აქ? ნუთუ მოზამბიკის გამოცდილებას გულისხმობს „ჰელსინკის კომისია?“ ნუთუ პინოჩეტისდროინდელი ჩილეს გამოცდილებას გულისხმობს ეს კომისია „საერთაშორისო გამოცდილებაში“?!
არა ბატონებო, არა! მტკიცებაც კი არ სჭირდება, რომ იგულისხმება სწორედ ევროატლანტიკური „საერთაშოროსო გამოცდილება კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში!“
ანუ, რა გამოცდილება? გამოდის, ისევ და ისევ .......უდანაშაულობის პრეზუმფცია, სასამართლოს დამოუკიდებლობა, ევოლუციურობა და სხვა ამგვარი „სისულელეები“
ესე იგი, გამაოგნებელია, თუმცა......გამოდის, „ჰელსინკის კომისია“ პეტრო პოროშენკოს ზუსტად იმას უწუნებს, იმიტომაც აკრიტიკებს, რომ ეს უკანასკნელი ამ გამოცდილებას იზიარებს?!!!
ჰოდა....ამიტომაც მტკიცედ უნდა ითქვას: „........ ასეთ „ჰელსინკის კომისიას“!
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
ეეეჰ, პეტრო პეტრო, შე მართლა „ვიოლინო“ შენა....... გგონია ვინმე დაგიფასებს იმას, რომ უკრაინა დემოკრატიული ქვეყანაა, რომ პარლამენტი რეალურად მრავალპარტიულია, რომ მედია რეალურად თავისუფალი და პლურალისტურია, რომ ქონების ექსპროპრიაციას არ ახორციელებ, რომ დღევანდელ უკრაინაში მოსამართლეს შეუძლია მიიღოს ისეთი გადაწყვეტილება, რაც პროკურატურას არ მოეწონება (მაგალითად იმავე ოპოზიციონერ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება), რომ ამაზრზენი „ტელედაპატიმრებები“ არ ხდება სისხლმოწყურებული ბრბოს გულის მოსაგებად, რომ 50 ლარის გამო ადამიანს 9 წლით ციხეში არ სვამენ, რომ არჩევნები მართლა არჩევნებია და 5%-იან ზღვარს ერთდროულად რამდენიმე პარტია ლახავს, რომ ყოველი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, პარლამენტში, დიდი დავი-დარაბისა და დებატების, მოლაპარაკებების, კომპრომისების, ჩხუბისა და აყალმაყალის შედეგად მიიღება (ან ვერ მიიღება!), როგორც უნდა იყოს დემოკრატიულ, მრავალპარტიულ, პლურალისტურ, ევროპულ ქვეყანაში.......გგონია ვინმე დაგიფასებს ამას?
არა, პეტრო, დაწერენ და „ჰელსინკის კომისია“ (?!!!) თურმე გაიზიარებს, რომ შენ კორუფცია ვერ დაამარცხე, რაკი „არაკონვენციურ მეთოდებს“ არ იყენებდი მის წინააღმდეგ ბრძოლისას და/ანუ თავადაც კორუმპირებული, ესე იგი დამპალი ხარ, რახან „საერთაშორისო გამოცდილებას“, ესე იგი დემოკრატიული ქვეყნების პრაქტიკას ითვალისწინებდი, რაკი სასამართლოში პატრონყმული წესრიგი არ დაამყარე პროკურატურის ნებისმიერი „ფხანის“ დასაკმაყოფილებლად, რაკი „მალიუტა სკურატოვი“ არ გყავს კორუფციის წინააღმდეგ საბრძოლველად, რომელიც თურმე ცეცხლითა და მახვილით „იბრძოლებს“ კორუფციის წინააღმდეგ, ამაზრზენ ტელედაპატიმრებებს გააპიარებს, მაგრამ თვითონ......„მოულოდნელად“ 6 მილიონი დოლარი აღმოჩნდება „საიდანღაც“ - გირაოს სახით გადასახდელად და ა.შ და ა.შ
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
შე მართლა საცოდავო შენა.....შე საცოდავო „უკრაინის ვაიმარის რესპუბლიკის პრეზიდენტო პეტრო პოროშენკო“...... მიშა შენზე ასჯერ ჭკვიანია, ბევრად წარმატებულია, ბევრად გონიერია, ბევრად გამჭრიახია, ბევრად ნაკლებ......„გულუბრყვილოა“, შენზე ბევრად უკეთ იცის „Realpolitic“ და ბევრად უკეთ იცნობს კაცობრიობას, რომელშიც ცხოვრობს....
შენ კი, საბრალო პეტრო, ნუთუ გეგონა, ვინმე დაგიფასებდა იმას, რომ შენს ქვეყანაში (ვიმეორებ) პარლამენტი პლურალისტურია, მართლა მრავალპარტიულია, სასამართლო პროკურატურის „სატელეფონო მეძავი“ არაა, ქონებას არავის „ახევ“ გენ-პროკურორის კაბინეტში, მედია თავისუფალია, არჩევნები მართლა არჩევნებია.....არა, ხომ ხედავ როგორ დაგიფასეს? - „კორუფცია ვერ დაამარცხა, რაკი არაკონვენციურ მეთოდებს არ იყენებდა მის წინააღმდეგ ბრძოლაში“ და „საერთაშორისო გამოცდილებას ითვალისწინებდა უფრო მეტად, ვიდრე შიდა კონტექსტსო“...
მეცოდები, შე უბედურო, - უკრაინის „ვაიმარის რესპუბლიკის“ საბრალო პრეზიდენტო...... მეცოდები, მაგრამ......მაინც შენ მირჩევნიხარ!
მირჩევნიხარ, რადგან ბოროტ აღმოსავლელ (ჩვენთვის ჩრდილოელ) „საურონს“ ისე ებრძვი, რომ შენი ქვეყანა იმ მორდორის მსგავს (თუნდაც მის მტერ) „პატარა მორდორად“ არ აქციო ამ ბრძოლის პროცესში და თავისუფალი, ამაყი ელფების ქვეყანად შეინარჩუნო.
Хай живе вільна, автокефальна україна!
ნიკა იმნაიშვილი