ლუგარის ლაბორატორიასთან დაკავშირებული განცხადებები არის მორიგი პროპაგანდა იმ სიცრუისა, რასაც მუდმივად ეწევა რუსეთის ფედერაცია და ცდილობს, რომ ამ კონკრეტულ ნაწილში ჩრდილი მიაყენოს ჩვენს თანამშრომლობას ამერიკის შეერთებულ შტატებთან, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა ვლადიმერ კონსტანტინიდმა განაცხადა.
მისი თქმით, რუსეთის მხრიდან ლუგარის ლაბორატორიასთან დაკავშირებული განცხადება ემსახურება მიზანს, რომ ჩრდილი მიაყენონ ჩვენს თანამშრომლობას მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან - ამერიკის შეერთებულ შტატებთან.
„ამაზე განცხადებები გააკეთა შესაბამისმა დარგობრივმა უწყებამ, მათ შორის დღესაც. ჩვენ ამაზე გავაკეთეთ კომენტარი. ჩვენი შეფასება ასეთია, რომ ეს არის მორიგი პროპაგანდა იმ სიცრუისა, რასაც მუდმივად ეწევა რუსეთის ფედერაცია და ცდილობს, რომ ამ კონკრეტულ ნაწილში ჩრდილი მიაყენოს ჩვენს თანამშრომლობას ამერიკის შეერთებულ შტატებთან. რა თქმა უნდა, ამაზე ჩვენ შესაბამისი რეაგირება გვექნება იმ ინსტრუმენტებისა და ბერკეტების გათვალისწინებით, რაც საგარეო უწყებას აქვს”, – განაცხადა ვლადიმერ კონსტანტინიდმა.
ცნობისთვის, რუსული მხარის თქმით, აშშ ლუგარის ლაბორატორიაში საქართველოს მცხოვრებლებზე ექსპერიმენტებს ატარებს. მათივე მტკიცებით, ტოქსიკური ნივთიერების გამოცდის გამო, 2015 წლის დეკემბერის შემდეგ ათობით ადამიანი დაიღუპა.