საქართველოს თავდაცვის მინისტრი ბრიუსელში, ნატოს შტაბ-ბინაში მიმდინარე თავდაცვის მინისტერიალის ფარგლებში, ამერიკელ კოლეგას ჯეიმს მატისს შეხვდა. მხარეებმა საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებისა და ნატოსთან თავსებადობის გაზრდის კუთხით მიღწეულ პროგრესზე იმსჯელეს.
„ბატონმა მატისმა ბრძანა, რომ გამოიყენებს მინისტერიალის ფორმატს, რათა საქართველოში განხორციელებული რეფორმები და მიღწეული წარმატებები საჯაროდ გაცხადდეს, როგორც მაგალითი არამხოლოდ ნატოს პარტნიორი, არამედ ნატოს წევრი ქვეყნებისთვისაც“, - აღნიშნა ლევან იზორიამ.
მისი განცხადებით, ქართულ მხარეს კიდევ ერთხელ ჰქონდა შესაძლებლობა ხაზი გაესვა, რომ საქართველო აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორი და რეგიონში სამაგალითო ქვეყანაა: „ჯეიმს მატისმა შეხვედრაზე განსაკუთრებით ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ ჩვენი მთლიანი შიდა პროდუქტის 2% თავდაცვის ბიუჯეტშია მიმართული, აქედან 20% კი - ძირითადი შეიარაღების შესყიდვისკენ.“
განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა აშშ-საქართველოს ერთობლივ ამბიციურ პროექტზე - საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამაზე (GDRP). „ეს შეიძლება იყოს საუკეთესო მაგალითი ნატოს წევრი ქვეყნებისთვის იმ ყოვლისმომცველი სტრატეგიის ფარგლებში, რომელიც აშშ-მა ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტში გააჟღერა და რომლის მნიშვნელოვანი ნაწილი იქნება საქართველო“, - განაცხადა ლევან იზორიამ.
საქართველოსა და აშშ-ის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელებმა რეგიონში საერთაშორისო მრავალეროვნული სწავლებების განხორციელების მზარდ დინამიკას გაუსვეს ხაზი. როგორც ლევან იზორიამ აღნიშნა, მომავალ წელს ორი ამბიციური სწავლების - ნატო-საქართველოს სწავლება და „მტკიცე სული“ (Agile Spirit) ჩატარება იგეგმება, რომელშიც ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების უპრეცედენტო რაოდენობა მიიღებს მონაწილეობას.
„საერთაშორისო სწავლებები, როგორც განახლებული შეკავების პოლიტიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი, ტერიტორიული თავდაცვის ამოცანებიდან გამომდინარე, შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების განმტკიცების მიზნით, ჩვენი აქტიურობით იქნება უზრუნველყოფილი“, - განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა.