ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საპატიო სტუმრობა გვაძლევს შესაძლებლობას, ვიყოთ არა მარტო ევროპის ყურადღების ცენტრში, არამედ კიდევ უფრო გავაღრმავოთ ჩვენი კულტურული კავშირები თანამედროვე მსოფლიოსთან, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყებამდე გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
პრემიერმა მსგავსი ფორმატების მაქსიმალურად გამოყენების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება, რათა მსოფლიომ მეტი გაიგოს ქართული ლიტერატურისა და კულტურის შესახებ.
„ფრანკფურტის წიგნის ბაზრობას თითქმის 500-წლიანი ისტორია აქვს და მსოფლიოში ყველაზე მასშტაბური ფორმატია. ჩვენ მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ მსგავსი შესაძლებლობები, რათა საქართველოს მიმართ კიდევ უფრო გავზარდოთ ინტერესი და მსოფლიომ უფრო მეტი გაიგოს ქართული ლიტერატურის, თეატრის, მუსიკის, მხატვრობის, ჩვენი ფოლკლორის, საქართველოს ისტორიისა და უნიკალური კულტურის შესახებ“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
პრემიერ-მინისტრმა დიდი მადლობა გადაუხადა სამზადისში ჩართულ ყველა ადამიანს, მათ შორის გერმანელ მეგობრებს დახმარებისთვის, რათა საქართველო ამ ფორმატში ძალიან მაღალ დონეზე იყოს წარმოდგენილი.