საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე საკანონმდებლო ორგანოში შს მინისტრისა და მთავარი პროკურორის დაბარების საჭიროებას ვერ ხედავს.
„ამ საქმეზე მტკიცებით ფორმაში საუბარი სწორი არ არის. მით უმეტეს იმ პირობებში, როცა ამ ეტაპზე, არათუ საფუძვლიანი ეჭვი, უსაფუძვლო ეჭვის საფუძველიც კი არ არსებობს. აქედან გამომდინარე, თუ მკითხავთ, ამ ეტაპზე ვერავის დაბარების საჭიროებას ვერ ვხედავ. ეს ჩემი პოზიციაა, თუმცა იმ პირების პოზიციაა მთავარი, რომელსაც შესაბამისი საპარლამენტო სუბიექტი დაიბარებს. შუამავლად ვერ გამოვდგები, შეგიძლიათ, მათ მოუწოდოთ, რომ შესაბამისს მოსმენაში მონაწილეობა მიიღონ. ამ საქმეზე მტკიცებით ფორმაში საუბარს არ გირჩევთ. მით უმეტეს, ისეთი ბრალდებების წამოყენებას არ გირჩევთ, რომელსაც თქვენ აყენებთ. ეს ყველაფერი წარსულს 2012 წელს ჩავაბარეთ. ამ საკითხის განხილვის ადგილი ბიურო არ არის. რაზეც თქვენ საუბრობთ – ტოტალურ, ელიტურ და სისტემურ კორუფციასა და ძალადობაზე, ეს 2012 წლამდე ხელისუფლების ხელწერაა და წარსულს ჩავაბარეთ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.