28 სექტემბერს აჭარის მთავრობის თავმჯდომარის თორნიკე რიჟვაძის ხელმძღვანელობით მორიგი მთავრობის სხდომა გაიმართა.
სხდომაზე სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან ერთად, განხილულ იქნა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სამინისტროების მმართველობის სფეროში მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულებების დაქვემდებარება.
„მცირე მთავრობის კონცეფციის ფარგლებში გრძელდება სტრუქტურული ცვლილებები. მიღებულია გადაწყვეტილება მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულებებთან დაკავშირებით და გვაქვს შემდეგი მოცემულობა:
გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტი ისევე როგორც აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი დაექვემდებარება აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს, საარქივო სამმართველო გადადის განათლების, კულტურისა და სპორტის დეპარტამენტის დაქვემდებარებაში, ხოლო გარემო და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამმართველო - სოფლის მეურნეოიბის სამინისტროში", - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.
მისი თქმით, აღნიშნული საკითხი არის აჭარის ა.რ. კონსტიტუციის მოთხოვნის პირველი ეტაპი და ახლო კავშირში არის აჭარის ა.რ. მთავრობის სტრუქტურისა და უფლებამოსილების კანონთან.
„ეს სტრუქტურული ცვლილებები გაგრძელდება. დღეიდან უკვე დაიწყო სტრუქტურული ანალიზი და 2019 წლის პირველ კვარტალში, ჩვენ უნდა გვქონდეს უკვე გაერთიანებული სტრუქტურული ერთეულების სიღრმისეული ანალიზი, რომელიც მოგვცემს საშუალებას უფრო ოპტიმალური და მცირე მთავრობის კონცეფციასთან შესაბამისი გადაწყვეტილებები მივიღოთ. ეს ცვლილებები გამოიწვევს გარკვეული ფუნქციების დუბლირებას, რასაც დიდი ყურადღება უნდა მიექცეს", - აღნიშნა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ.