ENG / RUS       12+

G.R.U.

შესანიშნავი რუსი სამხედრო ისტორიკოსი, სტალინისა და მეორე მსოფლიო ომის შესახებ ძალიან საინტერესო წიგნების ავტორი, ვიქტორ სუვოროვი (რეზუნი) 1970-იან წლებში სსრკ შეიარაღებული ძალთა გენერალური შტაბის მთავარი სადაზვერვო სამმართველოს (ГРУ) საიდუმლო აგენტი იყო ჟენევაში.

არა ვენაში, როგორც თავად აღწერს სათავგადასავლო რომანში  „აკვარიუმი“, არამედ სწორედ ჟენევაში.

„აკვარიუმი“ კი ГРУ-ს უძღვნა. ასე უწოდა, რადგან ამ ზესაიდუმლო ორგანიზაციის მთავარი კანონი სრული მდუმარება-უჩინარობა იყო.

მართლაც, КГБ სად მდებარეობდა, ყველამ იცოდა საბჭოთა კავშირშიც და საზღვარგარეთაც. „ნებისმიერი გიჩვენებთ სად არის КГБ-ს შენობა ამა თუ იმ ქალაქში, რასპუბლიკაში...მაგრამ აბა ვინმემ თუ იცის, სადაა ან რა არის საერთოდ, ГРУ?“ - მართებულად კითხულობდა ავტორი. ვისაც იმ ეპოქაში არ უცხოვრია, საერთოდ ვერ გაიგებს რაზე ვსაუბრობთ.

სუვოროვი დღემდე ამტკიცებს, რომ ГРУ, იმ დროისათვის გვარიანად  „გაფიარებულ“ КГБ-ზე ბევრად ძლიერი ორგანიზაცია იყო!  სინამდვილეში,  ალბათ არც ცდება.

სხვათა შორის, ეს გარემოება თუნდაც იმით დადასტურდა საბჭოთა იმპერიის რღვევისას, რომ КГБ „რესპუბლიკურ ნაწილებად“ დაიშალა. ანუ, ადგილობრივმა ელიტებმა იგი საკუთარ ინსტრუმენტად აქციეს ლიტვიდან - საქართველომდე და უზბეკეთამდე, ხოლო ГРУ მაინც ინარჩუნებდა ერთიანობას და სპეც-ოპერაციებსაც ახორციელებდა. ერთ-ერთი ასეთი „ძალიან წარმატებული“ სპეცოპერაცია მან თბილისში განახორციელა ე.წ. „დეკემბერ-იანვრის გადატრიალებით“ და სამოქალაქო ომის პროვოცირებით.

იმდროინდელ ქართველ „სასარგებლო იდიოტებს“, ამის გამო, მდუღარე კუპრში თავის ჩაყოფა  არ ასცდებათ, თუმცა ეს სხვა თემაა.

სუვოროვ-რეზუნი ГРУ-ს რეზიდენტურიდან გაიქცა. თავად აღწერს: ბევრი ვიფიქრე რომელი ქვეყნისთვის შემეფარებინა თავი და ბოლოს ინგლისი  ვარჩიე, რადგან გაქცეულები ამერიკაშიც კი არ გრძნობდნენ ისე დაცულად თავს, როგორც ინგლისშიო.

ინგლისელ დიპლომატს სახლში მიაკითხა და „ატკრიტკა“ გადასცა, რომელზეც მხოლოდ სამი ლათინური ასო დაწერა G.R.U. ეს საკმარისი აღმოჩნდა, - უმალვე მიაკითხეს და პირადად დიდი ბრიტანეთის ელჩი მონაწილეობდა მის ევაკუაციაში.

დღემდე ლონდონის გარეუბანში ცხოვრობს. ქურაში ცოცხლად დაწვის მტანჯველ შიშს (ГРУ მხოლოდ ასე სჯიდა სიკვდილით - მოღალატე თანამშრომლებს) შესანიშნავი ისტორიული ნარკვევების წერით იქარვებს

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

გასულ კვირას, ვალდიმერ პუტინმა ვლადივოსტოკის ფორუმზე განაცხადა, რომ „რუსლან ბოშიროვი“ და „ალექსანდრე პეტროვი“, რომლებიც ინგლისის სამართალდამცავმა ორგანოებმა მამა-შვილ სკრიპალების „ნოვიჩოკით“ მოწამვლაში დაადანაშაულა, „სამოქალაქო პირები არიან, არავინ მოუწამლავთ და უახლოეს მომავალში თავად გამოჩნდებიან“.

ამის შემდეგ „ბოშიროვი“ და „პეტროვი“ დაუკავშირდნენ რუსეთის სახელმწიფო პროპაგანდისტული ტელეარხის Russia Today გენ-მენჯერ მარგარიტა სიმონიანს და მასთან ინტერვიუში  განაცხადეს, რომ თურმე, სოლსბერიში კი იყვნენ, მაგრამ არავინ მოუწამლავთ, უბრალოდ გეი-წყვილი არიან, სოლსბერიში სახელგანთქმული ტაძრის მოსანახულებლად ჩავიდნენ, ახლა კი საშინლად იტანჯებიან ასეთი „ყურადღების“ გამო, ხოლო  სოლსბერიში მათ ყოფნას და  სკრიპალების მოწამვლას „საზარელი დამთხვევა“ უწოდეს.

მარგარიტა სიმონიანი რის მარგარიტა სიმონიანი იქნებოდა, ის კითხვები დაესვა, რაც საკითხის არსს გახსნიდა და არა ის კითხვები, რაც შინაარსს კიდევ უფრო შემოსავდა ბურუსით.

მაგალითად, „მარგარიტას“ არ უკითხავს, რატომ შეიძინეს „ბოშაროვმა“ და „პეტროვმა“ ორ-ორი წყვილი უკან დასაბრუნებელი ბილეთი? ანუ, სოლსბერიდან ლონდონში დაბრუნების შემდეგ, თუ „აეროფლოტის“ 7 საათიან რეისს ვერ მიასწრებდნენ, მაშინ 10 საათიანი რეისით გამოფრინდებოდნენ (ესე იგი გამოიქცეოდნენ).

გაგიგიათ ოდესმე ტურისტები ორ-ორ წყვილ ბილეთს წინასწარ ყიდულობდნენ?

ან კიდევ: გაგიგიათ ოდესმე, ტურისტები პირველად ჩავიდნენ ლონდონში (ცხოვრებაში პირველად!), ამბობდნენ „გოთური არქიტექტურა გვაინტერსებდაო“ და სოლსბერის ტაძრის დასათვალიერებლად გაიქცნენ მაშინ, როდესაც თვით ლონდონშია უნახავი „უესტმინსტერის ტაძარი“, „ტაუერის ციხე-სიმაგრე“ ან „წმინდა პავლეს ტაძარი?“

აქ „ლეგენდა“ ისაა (თან დასავლურ პოლიტკორექტულობაზე გაიძვერულად გათვლილი), რომ სოლსბერიში უამრავი „გეი-კაფეა“ მართლაც, მაგრამ გეი-კაფეებს რა დალევს თვით ლონდონშიც?

ან როგორ აღმოჩნდა მათ სასტუმრო ნომერში ქიმიური ნივთიერება „ნოვიჩოკის“ კვალი?  რატომ არ იძებნება ბაზაში მათი წინა პასპორტები, თუკი „რუსლან ბოშიროვი“ და „ალექსანდრე პეტროვი“ საპასპორტო მონაცემთა ბაზაში მხოლოდ 2009-2010 წლიდან ფიგურირებენ? თანაც ისეთ მისამართებზე, რაც სწორედ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს უკავშირდება? ან კიდევ: თუ მაინც „სოლსბერის ტაძრის“ დასათვალიერებლად წავიდნენ ამ პატარა ქალაქში, რატომ ფიქსირდებიან CCTV კამერებით უფრო სკრიპალების სახლის მახლობლად და არა ტაძართან?

და რაც მთავარია: „ცუგრუმელა მარგარიტამ“, რომელსაც, როცა სჭირდება არაფერი გამოეპარება, არ ჰკითხა ამ „წყვილს“: როგორ და რატომ მოხდა, რომ სკრიპალების მოწამვლამდე (მარტი) ძალიან ხშირად დადიოდნენ ევროპაში, მაგრამ მიმდინარე წლის მარტის შემდეგ არც ერთხელ აღარ წასულან საზღვარგარეთ? კი მაგრამ რატომ? ეშინოდათ? მერედა რატომ ეშინოდათ, თუკი არავინ მოუწამლავთ, ხოლო ინგლისელებმა მათი სახელები და ფოტოები მხოლოდ სექტემბერში გამოაქვეყნეს?

განა თავად არ ამბობენ „სოლსბერის ტაძარში უამრავი რუსი ტურისტი იყოო“. ჰოდა როგორ დავიჯეროთ ის ასეულობით შეძლებული რუსი ტურისტი მარტის შემდეგ აღარ წასულა ევროპაში მხოლოდ იმიტომ, რომ სოლსბერიში მათი ყოფნის დროს ვიღაც ყოფილი ჯაშუში სკრიპალი და მისი შვილი მოწამლეს?

ბუნებრივია, ადამიანი, ვისაც არავინ მოუწამლავს, ევროპაში მოგზაურობაზე ამის გამო უარს არ იტყოდა ამათ კი უარი თქვეს ზუსტად იმიტომ, რომ იცოდნენ: როგორც კი მოხვდებოდნენ ევროპაში, მაშინვე „აიყვანდა“ ნებისმიერი ქვეყნის სპეც-სამსახური ინგლისელი კოლეგების თხოვნით.

ამიტომაც არ ასაჯაროვებდა MI5 მათ სახელებსა და ფოტოებს სექტემბრამდე, რაკი იმედი ჰქონდა, ევროპაში გამოიჭერდა სადმე. თუმცა ГРУ-ში ასეთი არაპროფესიონალები არ მუშაობენ.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

ბევრი თვლის, თითქოს მთელი ეს ისტორია რუსეთისა და მისი სპეცსამსახურების „სირცხვილად იქცა“, რაკი მეტისმეტად იოლად დაადგინეს „ვინ, როგორ, როდის“ და ა.შ. სინამდვიელში, ასე არ არის: სკრიპალების ლიკვიდაცია, პუტინის ბრძანებით, იყო „საჯარო და სასტიკი მკვლელობა“, რომლითაც ერთის მხრივ სხვა „მოღალატეები“ დააშინეს, მეორე მიზანი კი ინგლისის დასჯა იყო მისი გლობალური შეურაცხყოფით და ამ დიდებული ქვეყნის უმწეობის დემონსტრირებით!

 დასჯა იმისთვის, რომ ინგლისი არა მხოლოდ რუს ოპოზიციონერებსა თუ „გამოქცეულებს“ იფარებს, არამედ ერთადერთი ქვეყანაა ევროპაში, რომელსაც რუსეთისა, ისტორიულად, არაფერი მართებს. ყველა სხვა დიდ ევროპულ ქვეყანაში დაუდგამს ჩექმა რუს ჯარისკაცს - ინგლისის გარდა.

რაც შეეხება იმას, თუ „რატომ გამოაჩინეს“ ორი მკვლელი, როცა შეეძლოთ ყველაფერი უარეყოთ.....იმავე მიზეზით, რატომაც „გამოაჩინეს“ 2007წ ალექსანდრე ლიტვინენკოს რადიოაქტიული „პოლონიუმით“ მომწამვლელი ლუგოვოი: ახლა უნდა დაიწყოს დიპლომატიური მიმოწერა და იწილო-ბიწილო: „მოგვაწოდეთ კონკრეტული მტკიცებულებები.......ხომ მოგაწოდეთ.......არა, ეს არ არის მტკიცებულებები.......როგორ არ არის, აბა სხვა რა მტკიცებულებები გინდათ....... უდანაშაულობის პრეზუმფციას  ნუ არღვევთ.......“ და ა.შ.

რაც მთავარია, ლონდონის პასუხი და სანქციები ამგვარ თავხედობაზე ძალიან სუსტია! ჯერ-ჯერობით ასეა და თუ ხვალ რაიმეს გაბედავს პრემიერ-მინისტრი ტერეზა მეი იმ ვითარებაში, როცა ევროკავშირთან აწარმოებს ურთულეს მოლაპარაკებებს იმავე მოსკოვის პროვიცირებული და RT-ის მეშვეობით გაფიარებული „Brexit“-ის თემაზე, ამასაც ვნახავთ.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

ერთადერთი „კარგი“ (ბრჭყალებში და ხუმრობით რასაკვირველია) ამ საზარელ ისტორიაში მხოლოდ ისაა, რომ უნიჭიერესი ვიქტორ სუვოროვი, თავად რომ აცხადებდა „ჩემი საუკეთესო წიგნები მაშინ დავწერე, როცა შიშით აცახცახებული სახლიდან  ცხვირს ვერ ვყოფდიო“, ახლაც ისევე „ჩაიკეტება სახლში“ და მორიგ ისტორიულ ბესტსელერს შექმნის

ნიკა იმნაიშვილი