მრავალეროვნულ სწავლებაში „ღირსეული პარტნიორი 2018“ მონაწილეობის მისაღებად რუმინეთში, კონსტანცას პორტიდან გამოგზავნილი ამერიკული ჯავშანტექნიკა უკვე საქართველოშია. აშშ-ის შეიარაღებული ძალების საბრძოლო ჯავშანმანქანა „სტრაიკერი“, ქვეითთა საბრძოლო მანქანა „ბრედლი“, M1A2 ტიპის ტანკი „აბრამსი“ და სხვა ტიპის სამხედრო ტექნიკა ფოთის პორტში უკვე ჩამოიტვირთა. ვაზიანის მიმართულებით სამხედრო ტექნიკის ნაწილი ავტომატარებლის საშუალებით, ნაწილი კი - თვითსვლით გადაადგილდება.
აშშ-ის ევროპის სარდლობის ჯავშანტექნიკა რუმინეთში, კონსტანცას პორტში ხომალდზე დაიტვირთა და შავი ზღვით საქართველოსკენ 22 ივლისს წამოვიდა.
საჰაერო გზით კი, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მრავალეროვნულ სწავლებაში მონაწილე აშშ-ის ევროპის სარდლობის II საკავალერიო პოლკის პირადი შემადგენლობა უკვე ჩამოფრინდა. წვრთნაში მონაწილე ამერიკელი სამხედროების ნაწილი კი, საქართველოში 31 ივლისამდე ეტაპობრივად ჩამოვა.
სწავლება ოფიციალურად ვაზიანის სამხედრო აეროდრომზე 1 აგვისტოს გაიხსნება. „ღირსეული პარტნიორი 2018“ საქართველოს შეიარაღებული ძალებისა და აშშ-ის არმიის ევროპული სარდლობის ლიდერობით ხორციერლდება. სწავლების სცენარი სტაბილურობის, შეტევა/თავდაცვის ოპერაციებს ემყარება.