რესპოდენტის შესახებ
ბოლო დროის ერთ-ერთი ყველაზე სასტიკი მკვლელობის - ხადას ხეობაში სმიტების ოჯახის წევრების დახოცვის საქმის ირგვლივ განსხვავებული ვერსიები და მკვლელობის რამდენიმე მოტივი ვრცელდება.
აღნიშნულ სასტიკ მკვლელობაში ბრალდებული მწყემსის, მალხაზ კობაურის ადვოკატი, დავით გირგვლიანი „ჯი-ეიჩ-ენთან“ ინტერვიუში აცხადებს, რომ საშვი, რომელიც 19 წლის მწყემსს საოკუპაციო რეჟმის უშიშროების კომიტეტისგან ჰქონდა, რუსულ სპეცსამსახურებთან მის კავშირს ცალსახად ვერ ადასტურებს.
ადვოკატის განმარტებით, საქმეში ბევრი კითხვაა, რომელზეც კომპლექსურმა ექსპერტიზამ და გამოძიებამ უნდა გასცეს პასუხი.
გირგვლიანი ლორა სმიტზე სექსუალურ ძალადობას გამორიცხავს. ექსპერტიზის წინასწარ დასკვნაში აღნიშნულია, რომ მსხვერპლს სექსუალური ძალადობის კვალი აღენიშნება, რასაც კატეგორიულად უარყოფს კობაურის ადვოკატი.
_ ერთ-ერთი ვერსიით, სმიტების ოჯახის მკვლელობის საქმეში შესაძლოა, რუსული კვალი იპოვონ. გამორიცხავთ ამ ვერსიას?
_ ამ საქმის ირგვლივ ძალიან ბევრი ვერსია არსებობს, რაზეც გამოძიებამ უნდა იმუშაოს. ცალსახად, ვერც რუსულ და ვერც სხვა კვალზე ვისაუბრებ, რადგან ამ საქმის ირგვლივ არ არსებობს მოპოვებული მტკიცებულებები, რომელიც ასეთ გამოკვეთილ მიმართულებას მოგვცემდა. ამ საქმეში საინტერესო სწორედ ის არის, რომ ვერსიები და დანასაულის ჩადენის მოტივი, ყოველდღე, ელვის სისწრაფით იცვლება. ჩემი აზრით, გამოძიება არ ტარდება იმისათვის, რომ დადგინდეს, რა და როგორ მოხდა. გამოძიება ცდილობს, როგორმე ამ ადამიანს შეეწმინდოს ხელი.
_ გამოძიება არ მუშაობს რუსული, ან სხვა ქვეყნის სპეცსამსახურების კვალის მოსაძებნად?
_ არცერთ ვერსიასთან დაკავშირებით, გამოძიების მხრიდან გადადგმული ნაბიჯი არ მინახავს. თუნდაც, ეს ვერსიები გაეცხრილათ, ან თავიანთ ვერსიებზე ემუშავათ. აქედან გამომდინარე, გამოძიების პროცესი არ მომწონს, ისე არ მიდის, როგორც უნდა მიდიოდეს, მითუმეტეს, ასეთი მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მქონე საქმეზე.
ვიმეორებ, ბევრი ვერსიაა, მათ შორის იმასთან დაკავშირებით, რომ ამ საქმეში, რუსული კვალის გარდა, შესაძლოა, აზერბაიჯანული კვალიც არსებობდეს. ასევე შესაძლოა, ვიღაცის ბიზნესინტერესებიც იკვეთებოდეს. საქმეში დაახლოებით, 7-8 ვერსია არსებობს, რომელიც ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებულია. ამ ვერსიებიდან თუ რომელია ჭეშმარიტი, ამ მიზნით ის საგამოძიებო მოქმედებები უნდა ჩატარდეს, რომელიც გარკვეულწილად ჭეშმარიტებამდე მიგვიყვანს.
_ არ ტარდება ეს მოქმედებები?
_ ჩემთვის ნამდვილად უცნობია, რა ვერსიებზე მუშაობს და რა საგამოძიებო მოქმედებებს ატარებს ბრალდების მხარე. თუმცა, ნამდვილად არ მაქვს იმის მოლოდინი, რომ გამოძიება ამ მიმართულებით მუშაობდეს.
ჩვენ ამერიკის ფედერალურ ბიუროსთან ვითანამშრომლებთ. იმედი გვაქვს, რომ ისინი მაინც იქნებიან ის ერთადერთი საგამოძიებო ორგანოს წარმომადგენლები, რომლებიც ზუტსად იმუშავებენ იმ საკითხზე, რომ დაადგინონ ობიექტური ჭეშმარიტება.
ერთადერთი, რაც ხდება, ბრალდების მხარის მიერ საქმის მასალების გასაჯაროება და მიზანმიმართული შავი პიარია, რათა ის ეჭვები, რაც საზოგადოებას ამ საქმესთან დაკავშირებით აქვს, უკუაქციოს. იმის ნაცვლად, რომ ობიექტური და სრულფასოვანი გამოძიება ჩაატარონ, ბრალდებულს ინფორმაციულ ომს უცხადებენ.
ჩემი მთავარი მიზანი ამ საქმეში ჩართვის, სწორედ ის იყო, დადგენილიყო ჭეშმარიტება. ჩემთვის, როგორც კობაურის ადვოკატისთვის მისი ჩვენება დამაჯერებელია. მისი ნათქვამიდან გამომდინარე, ნამდვილად არ ვუშვებ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის მხრიდან სმიტების ოჯახის რომელიმე წევრის განზრახ მკვლელობას.
_ როგორ ახსნით ბრალდებულის დედის განცხადებას, რომ შესაძლოა, მისი შვილის უკან სხვა იდგეს?
_ არ მინდა, საზოგადოებამ დედის ნათქვამი არასწორად გაიგოს და არასწორი ინტერპრეტაცია მისცეს. მალხაზ კობაურის დედა იმას კი არ გულისხმობს, რომ მისი შვილის უკან შეიძლება ვიღაც იდგეს, არამედ, ის გულისხმობს იმას, რომ ამ საქმის უკანაა შესაძლო ვინმე სხვა იდგეს. ის მისი შვილის შემხებლობაზე არ მიუთითებს.
_ კობაურს საოკუპაციო რეჟმის უშიშროების კომიტეტის მიერ გაცემული საშვი ჰქონდა...
_ ეს არის დოკუმენტი, რომელიც, ნებისმიერ იძულებით გადაადგილებულ პირს აქვს ოკუპირებული ტერიტორიიდან, რომ თავის კუთვნილ ტერიტორიაზე მოახერხოს შესვლა. ამ საშვს, როგორც რუსულ სპეცსამსახურებთან თანამშრომლობის ერთ-ერთ დამადასტურებელ მტკიცებულებად გამოვიყენებთ, მაშინ ყველა დევნილს უნდა დავაბრალოთ რუსულ სპეცსამსახურებთან თანამშრომლობა?
_ ოჯახის წევრებიდან მხოლოდ ბრალდებულს რატომ ჰქონდა ეს საშვი?
_ ეს ადამიანი მეცხავრეობას ეწეოდა. ცხვარი შესაძლებელი იყო, ქართველების კონტროლირებად ტერიტორიაზე ყოფილიყო, ან იქით მხარეს გადასულიყო. ცხოვრების მომთაბარე წესი განაპირობებდა იმას, რომ ამ ადამიანს რაღაც მხრივ ოკუპირებულ ტერიტორიასთან ჰქონოდა კვეთა. მის დედას, რომელიც მრავალშვილიანი დედაა, იმის საშუალება, რომ სახლისთის, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიაზეა, მოვლის, პატრონობის შესაძლებლობა არ ჰქონდა. ამას შესაძლოა, ეს ბავშვი აკეთებდა.
ის, რომ ეს საშვი ოჯახიდან მხოლოდ კობაურს ჰქონდა, ცალსახად იმის დამადასტურებელი არ არის, რომ ის რუსეთის სპეცსამსახურებთან თანამშრომლობდა. პირდაპირ ვაცხადებ, ეს ამ ბრალდებულის წინააღმდეგ ინფორმაციულ ომს ემსახურება. საიდან გახდა ჟურნალისტებისთვის ექსპერტიზის წინასწარი, სავარაუდო დასკვნა ხელმისაწვდომი? აღნიშნული მხოლოდ ვარაუდებს ეფუძვნება, რომლის მიხედვითაც, შესაძლოა, სექსუალურ ძალადობას ჰქონდეს ადგილი, რაც საქმის მასალებში არ მაქვს.
_ რას იტყვით იმ შემთხვევაში, თუკი, ექსპერტიზის საბოლოო შედეგი დაადგენს, რომ ლორა სმიტი ნამდვილად გაუპატიურებულია?
_ იმისათვის, რომ დადგინდეს, ნამდვილად ჰქონდა თუ არა სექსუალურ ძალადობას ადგილი, ერთადერთი საშუალებაა, ექსპერტიზამ დაადგინოს, რომ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის დნმ აღმოჩნდა ქალბატონ ლორა სმიტის სხეულში. სხვა შემთხვევაში, ვერანაირად დადგინდება ის, რომ მასზე სექსუალური ძალადობა განხორციელდა.
__ სწორედ ამას გეკითხებით, რა პასუხი გექნებათ მაშინ ბრალზე, თუკი, გაუპატიურება დადასტურდება?
_ დასაშვებადაც არ მიმაჩნია, რომ ეს შესაძლოა, ასე მოხდეს. თუკი, ეს დადასტურდება, რას და როგორ მოვიმოქმედებ, ამ ეტაპზე ნამდვილად ვერ გეტყვით.
__ თავად ბრალდებულის პორზიცია როგორია ამ ფაქტთან - გაუპატიურებასთან დაკავშირებით?
_ მას შემდეგ, რაც ეს ვერსია გავრცელდა, საშუალება არ მქონია, ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს შევხვედრილიყავი. აქედან გამომდინარე, სანამ ექსპერტიზის დასკვნა და კონკრეტული პასუხები არ იქნება, ამ საკითხთან დაკავშირებით კომენტარს ვერც მე გავაკეთებ.
__ რას იტყვით, იმასთან დაკავშირებით, რომ მწყემსს ტელეფონში ცხედრების ფოტოები ჰქონდა?
_ ამას ექსპერტიზამ უნდა გასცეს პასუხი, ასევე იმასაც, ამ ტელეფონით არის გადაღებული ეს ფოტოები, თუ ჩაწერილი. მთელი რიგი საკითხებია ამ მიმართულებითაც, რასაც ექსპერტიზამ უნდა უპასუხოს.
_ თუკი, მისი ტელეფონით არ მომხდარა ცხედრებისთვის ფოტოების გადაღება, როგორ აჩვენა ბრალდებულმა ის ერთ-ერთ მწყემსს?
_ ამ მიმართულებითაც ბევრი კითხვის ნიშნები არსებობს. თუკი, მას კობაურმა ასეთი ფოტოები აჩვენა, როცა ის საგამოძიებო ორგანომ პირველად გამოკითხა, რატომ არ აღწერა ეს საკითხი დეტალურად და რატომ არ უთხრა გამოძიებას?
__ ანუ ის დაარიგეს სამართალდამცავებმა და ამის შემდეგ თქვა?
_ არ გამოვრიცხავ იმას, რომ მოწმეებზე ზემოქმედება, შანტაჟი, ან დაშინება ხდებოდეს. სწორედ ამიტომ ველოდებით ამერიკის გამოძიების ფედერალური ბიუროს გამომძიებლებს.
ესაუბრა ეკა ლემონჯავა, "ჯი-ეიჩ-ენი“