უახლოეს დღეებში ყველა ე.წ. „პოლიტიკური მოთამაშე“, - არა მხოლოდ ცალკეული პარტიები, მათი ლიდერები, არამედ ალიანსებად შეკრული „პოლიტიკური ძალები“ დაასახელებენ საპრეზიდენტო კანდიდატებს.
ამით, საბოლოოდ გაირკვევა: თვითონ იყრის თუ არა კენჭს ხელმეორედ გიორგი მარგველაშვილი მას შემდეგ, რაც თავად დანიშნავს არჩევნების თარიღს; ვინ იქნება „ოცნების“ საპრეზიდენტო კანდიდატი, ესე იგი შევა თუ არა „ისევ“ ბიძინა ივანიშვილი მისთვის ჭირის დღესავით საძულველ საქმეში, - საჯარო პოლიტიკაში; ვის წარმოადგენს საარჩევნოდ მიხეილ სააკაშვილის „ნაციონალური მოძრაობა“ მის გარშემო შემოკრებილი „პატარ-პატარა პარტიების“ კამარილიით; ვისზე შეაჩერებს არჩევანს „ევროპული საქართველო“ (დათო ბაქრაძე ან გიგი უგულავა) და შეძლებს თუ არა ნინო ბურჯანაძე, მისი „პრორუსული ილუზიებით“, ჩაეჭიდოს პირველ სამეულს მაინც.
იქმნება შთაბეჭდილება, ყველა ეს მოთამაშე ერთმანეთის გადაწყვეტილებას ელის, რათა მხოლოდ ამის შემდეგ „განაცხადოს“. მაგრამ ამ პროცესში მმართველი პარტია ბევრად მეტს აგებს, ვიდრე მისი ოპონენტები. იმიტომ სწორედ, რომ მმართველი პარტიაა და „რბოლის“ ლიდერად ითვლება.
აქვე უნდა ითქვას, რომ თუ ბიძინა გარისკავს, „შევა“, მაგრამ პირველივე ტურში ვერ გაიმარჯვებს, ეს „ოცნების“ დასასრულის დასაწყისი გახდება! საეჭვოა ამ პარტიის ლიდერები და მისი თავკაცი რისკს ვერ აცნობიერებდეს. თუმცა, მეორეს მხრივ, ნებისმიერი სხვა კანდიდატი კიდევ უფრო დიდი რისკის მატარებელი იქნება.
სათუოა გაამართლოს ე.წ. „პროქსი“ ანუ ვითომ დამოუკიდებელი კანდიდატის (სალომე ზურაბიშვილი) წამოყენებამ, რადგან ამგვარი კანდიდატი, ოპოზიციის მხრიდან მძლავრი საინფორმაციო შეტევის ფონზე, „მეხამრიდის“ როლს ვერ შეასრულებს.
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
შეიძლება ითქვას, ეს საპრეზიდენტო არჩევნები იქცევა ბრძოლად მეორე ტურისთვის!
არადა, „მეორე ტური“ ამ ქვეყანაში არასდროს გამართულა! თუ გავიხსენებთ 1991, 1995, 2000, 2004, 2008 და 2013 წლების კამპანიებს, „სახელისუფლებო კანდიდატი“ იმარჯვებდა პირველივე ტურში. არა ყოველთვის დიდი უპირატესობით (2008წ) მაგრამ მუდამ პირველი ცდისას.
ასე რატომ ეშინოდა ყველა ხელისუფლებას „მეორე ტურისა?“. იმიტომ, რომ მართალია ქართველი პოლიტიკოსები ღიად არასდროს ამბობენ, თუმცა კი ძალიან კარგად იციან „ქართველი ამომრჩევლის“ მთავარი თვისება, გამოხატული საკმაოდ ღრმა ხალხური ანდაზით: „შენდებოდეს შეეწიე, ინგრეოდეს, შეესიეო“.
საქართველოს პოლიტიკური ენაზე თუ „გადმოვთარგმნით“, ეს ანდაზა იმას ნიშნავს, რომ მაგალითად, 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე მიხეილ სააკაშვილი თუ პირველივე ტურში ვერ გაიმარჯვებდა, მაშინ მეორე ტურში საარჩევნო ყუთთან ის ამომრჩეველიც მივიდოდა, ვინც პირველ ჯერზე არ მივიდა, რაკი „ოპოზიცია მაინც ვერ მოიგებს დააა........“
კიდევ უარესი: მეორე ტურში ოპოზიციას ის ამომრჩეველიც კი მისცემდა ხმას ვინც პირველ ტურში ხელისუფლებას დაუჭირა მხარი!
საოცრებაა, თუმცა ასეთია „ქართველი ამომრჩევლის“ უდიდესი ნაწილის ფსიქოლოგია, მისი მენტალობა: იგი მუდამ იმას ითვლის, „ვინც უფრო ძლიერია“, ვინც - „გამსვლელია“ და „წარმატებულს“ ანიჭებს უპირატესობას. მაგრამ თუკი დაინახავს, ეს „წარმატებული“, ეს „ძლიერი“ აღარც ისეთი „წარმატებული“ და „ძლიერია“, არჩევანს სულ იოლად შეცვლის - მისი ოპონენტის სასარგებლოდ.
2008 წელს ამგვარი რამ იმას გამოიწვევდა, რომ მეორე ტურში სხვაობა მიხეილ სააკაშვილსა და ლევან გაჩეჩილაძეს შორის ბევრად ნაკლები იქნებოდა, ვიდრე პირველ ტურში. შესაბამისად, გაჩნდებოდა შანსი ოპოზიციას ელაპარაკა „გაყალბებაზე“, აეგორებინა საპროტესტო ტალღა, ეცადა მოეწყო რევოლუცია და ა.შ.
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
იმდროინდელმა ხელისუფლებამ, რომელიც დღეს ოპოზიციაა, ყოველივე შესანიშნავად იცის. ამიტომაც თანხმდებიან: ყველაფერი დაივიწყონ, დაანებონ თავი ერთმანეთის ლანძღვას, „მოიყვანონ“ თავ-თავიანთი ამომრჩეველი საარჩევნო ყუთთან და . . . . . . . . მიაღწიონ მეორე ტურს!
„მორიგება“ ყოფილი მმართველი პარტიის ელიტასა („ევროპული საქართველო“) და მის დამფუძნებელს შორის „ევროპის სახალხო პარტიის“ თაოსნობით მოხდა. მაგრამ ვერანაირი შეთანხმება ვერ შედგებოდა, თავად თუ არ იქნებოდნენ დაინტერესებულნი.
„მორიგების“ არსი კი ისაა, რომ სინქრონულად აკრიტიკონ „ქართული ოცნება“, გააერთიანონ ყოველგვარი რესურსები, არ ლანძღონ ერთმანეთი, ამით მოხიბლონ ამომრჩეველი, „მოიყვანონ“ იგი საარჩევნო ყუთთან, მიაღწიონ მეორე ტურს და შემდეგ გაერთიანდნენ ოპოზიციური კანდიდატის გარშემო ლოზუნგით „ყველა ერთის წინააღმდეგ!“.
„ევროპული საქართველოს“ ლიდერებს ეს კომპრომისი მიზანშეწონილად მიაჩნიათ, რაკი მათ კანდიდატს (დავით ბაქრაძეს ან გიგი უგულავას), ყველა გამოკითხვით, აქვს შანსი გავიდეს მეორე ადგილზე, ანუ დასჯაბნოს „ნაციონალური მოძრაობის“ ნებისმიერი კანდიდატი - ვთქვათ გრიგოლ ვაშაძე. შესაბამისად, მეორე ტურში მიხეილ სააკაშვილი იძულებული იქნება (აბა EPP შუამდგომლობით გაფორმებულ შეთანხმებას ხომ არ დაარღვევს?) აქტიურად მხარი დაუჭიროს „ევროპული საქართველოს“ კანდიდატს, რაც რეალურად იმას ნიშნავს, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის თავად აღიარებს ამ პარტიის უპირატესობას. საპრეზიდენტო არჩევნები ხომ მომავალი საპარლამენტო არჩევნების „რეპეტიციად“ ითვლება „ხალხშიც“ და „პოლიტწრეებშიც?“
მერედა. . . . . . . აწყობს ეს მიშას? რა თქმა უნდა არა! ამიტომ, სინამდვილეში, იგი ბევრად უფრო ნატიფ და შორსმიმავალ პოლიტიკურ „წრფეს“ ავითარებს: თუ დაინიშნა მეორე ტური, ესე იგი სახელისუფლებო კანდიდატმა ვერ მოაგროვა ხმების საკმარისი რაოდენობა, საქართველოში განმეორდება 2003 წლის 2 ნოემბრის წინ და უშუალოდ მაშინდელი საპარლამენტო არჩევნების შემდეგ არსებული სიტუაცია.
აბა გავიხსენოთ: მაშინ იყო „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ და ზურაბ ჟვანია-ნინო ბურჯანაძის „დემოკრატები“. ეს უკანასკნელნი ნაკლებ რადიკალურად იყვნენ განწყობილნი, სულაც არ ეპიტნავებოდათ რევოლუცია, მაგრამ მიშამ, „არჩევნების გაყალბების“ სლოგანით, ისინი აიძულა (!) ჩაჰყოლოდნენ რევოლუციურ პროცესში.
როგორც სჩანს, იგივე იგეგმება ახლაც - რევოლუციური პროცესი ლოზუნგით „ვინც ჩვენთან არაა, ბიძინასთანაა!“.
ამ სლოგანის წინააღმდეგ გამოსვლა კი ძალიან გართულდება ჯერ პირველი და (განსაკუთრებით) მეორე ტურის შემდეგ, როდესაც ზემოთხსენებული მიზეზით, პირველ ტურში წარმატებით გამოსულ ოპოზიციურ კანდიდატს ბევრად მეტი შანსი ექნება მეორე ტურში და, შესაბამისად, გაძლიერდება ნარატივი „არჩევნების ტოტალური გაყალბების“ შესახებ.
ამ ყოველივეს შემოდგომაზე დაემატება „სარალიძის საქმე“, საპარლამენტო კომისიის გარდაუვალი დასკვნა და ა.შ. - ოქტომბრამდე კიდევ უამრავი რამ შეიძლება მოხდეს. გარდა ამისა, 2003 წლის სიტუაცისათან მსგავსებას აძლიერებს გავლენიანი ოპოზიციური ტელევიზიის არსებობა.
მაშასადამე, ისევ და ისევ, საკვანძო საკითხია „მეორე ტური“! თუ საპრეზიდენტო არჩევნებზე „ოპოზიციური ამომრჩეველი“ კონსოლიდირებულად მივა, ხოლო მმართველი პარტია თავის ამომრჩეველს დააბნევს „გაუგებარი“ კანდიდატების წამოყენებით, ასევე მის რიგებში მყოფი „სასარგებლო იდიოტების“ აქტიურობით ოპოზიციურ ტელეარხებზე, მაშინ, დიდი ალბათობით, მომავალი საპრეზიდენტო არჩევნები მორიგ „პოლიტიკურ მიწისძვრად“ გადაიქცევა.
ნიკა იმნაიშვილი