„ქართულ ოცნებაში“ რომ ყველაფერი „რიგზე“ არ იყო და რაღაც სერიოზული მზადდებოდა, მაშინ გახდა საბოლოოდ ნათელი, როდესაც ჟურნალისტებმა იოლად „ააგდეს“ მმართველი პარტიის ლიდერები და „როსტომის სასახლეში“ სხდომის დაწყებამდე ალაპარაკეს პრემიერ-მინისტრის მომავალ, ვითომდაც გარდაუვალ „გადადგომაზე“. არადა, რამდენად „გარდაუვალი“ იყო ეს გადადგომა, იმ მომენტში არც არავის შეიძლებოდა სცოდნოდა.
ამის მიუხედავად, „ოცნების“ დეპუტატები, თავი რომ „ჭკუის კოლოფებად“ მიაჩნიათ, მრავალმნიშვნელოვან პასუხებს სცემდნენ კითხვებზე იმის შიშით რომ ჯერ ერთი, თუ გადადგა, „მერე ისე არ გამოჩნდეს, მე („კიტრმა“) ეს წინასწარ არ ვიცოდიო“ და მეორეც, თუკი ბატონ ბიძინას კვირიკაშვილის გადაყენება აქვს განზრახული, „მერე ისე არ გაიგოს, მე წინააღმდეგი ვიყავი“.
ამითაც ჩანს, რა უბადრუკი, უმეცარი და უნიჭო პერსონაჟებისგან შედგება ეს ე.წ. „მმართველი პარტია“, რადგან.....თუ არ გინდა შენმა განცხადებამ მოვლენამდე შექმნას რეალობა ისე, რომ მერე უკვე იმ რეალობამ მართოს სიტუაცია წინასწარი განზრახვის მიუხედავად (პოლიტიკაში ასე ხშირად ხდება), მაშინ კაცობრიობამ მოიგონა გენიალური ფორმულა: „No Comment“ ან მისი ქართული მოდიფიკაცია „კომენტარები შემდეგ“.
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
რა მოხდა უშუალოდ სხდომაზე, ზუსტად არავინ იცის არა მხოლოდ მათგან ვინც იქ არ იყო, არამედ (რაც კომიკურია) იქ მყოფთაგანაც.
ნიშანდობლივია, რომ ხსენებული „ჭკუისკოლოფები“, აბსოლუტურად სხვადასხვა ინტერპრეტაციას გვთავაზობენ: „ბიძინა ასეთი გაბრაზებული არასდროს მინახავსო“ - ამბობს ერთი. მეორე კი გვარწმუნებს: „არაფერი განსაკუთრებული არ ხდებოდა, უბრალოდ პრემიერმა ეკონომიკური ვითარება განიხილა, რომელიც ძალიან მძიმეაო“.
საქართველოში ეკონომიკური ვითარება „მძიმეა“ უკვე 50 წელია ან უფრო მეტიც. საეჭვოა „გაეროს ბავშვთა ფონდის“ დასკვნა ან სიღარიბის მაჩვენებლის ზრდა გამხდარიყო ამ ცვლილების „აღმძრავი“. რეალური მიზეზი იმ სახელისუფლებო სისტემაში უნდა ვეძიოთ, რაც ბიძინა ივანიშვილმა შექმნა ამ ქვეყანაში
თუმცა, მანამდე დავაკვირდეთ „ოცნების“ ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი და ჭკვიანი ფუნქციონერის გია ვოლსკის განცხადებას უკვე მას შემდეგ, რაც კვირიკაშვილი გადადგა: „მისი გადაწყვეტილება ჩემთვის მოულოდნელი იყოო“.
ვოლსკი ესწრებოდა „იდუმალ თათბირს“ როსტომის სასახლეში და მაინც ამბობს „მოულოდნელი იყოო“. რატომ? იმიტომ, რომ სინამდვილეში.....ბიძინა ივანიშვილს არ მოუთხოვია პრემიერ-მინისტრის გადადგომა! ვოლსკის აღქმით, მან „უბრალოდ“ გააკრიტიკა კვირიკაშვილი.......ალბათ მწარედ, მედიდური ტონით, ქედმაღლურად გააკრიტიკა შექმნილი მძიმე ეკონომიკური ვითარების გამო, ანუ დაამცირა „გუნდის“ წინაშე (!) და კატეგორიულად მოითხოვა პოლიტიკის შეცვლა იმის მიუხედავად, ეთანხმება პრემიერი კვირიკაშვილი ამ „ალტერნატიულ პოლიტიკას“ თუ არა.
ამის შემდეგ გამოდის „ოცნების“ კიდევ ერთი „გენიალური სფოუქსფერსონი“ და იმავე ტონალურად მედიდური „უორდინგით“ უყვება ჟურნალისტებს: ჩვენ დაველოდებით მთავრობის (ესე იგი პრემიერ-მინისტრის) პროგრამას, თუ როგორ ხედავენ საკუთარი ჩასვრილი საქმის გამოსწორებას და მერე ვნახავთ, ვკრავთ პანღურს თუ არაო.
რატომღაც იმთავითვე იგულისხმება, რომ გიორგი კვირიკაშვილიც ეთანხმება (აბა როგორ გაბედავს არ ეთანხმებოდეს!) შეფასებას „საქმის ჩასვრის“ შესახებ მაშინ როდესაც არათუ ეთანხმება, არამედ პირიქით, მიაჩნია, ყველაფერს სწორად და კარგად აკეთებდა, ქვეყანა ააყვავა, სწრაფი და დინამიური განვითარების გზაზე დააყენა.
მართლა ასეა თუ არა, მნიშვნელობა არა აქვს. მთავარია, რომ კვირიკაშვილს ასე მიაჩნია.
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
„რატომღაც“ არც თვით მილიარდერ ივანიშვილს, არც მის უმცროს „კოლეგას“, ვისაც სხდომის შემდეგ „უზენაესი ულტიმატუმის“ გაჟღერება დაევალა, არ მოსდით აზრად, რომ ეს ყოველივე საშინლად შეურაცხმყოფელია გიორგი კვირიკაშვილისთვის და რომ სახელმწიფო ხელისუფლება არ არის ბანკი, სადაც ბანკის დამფუძნებელი შეიძლება დროდადრო მივიდეს „ბორდის“ სხდომაზე, ტოპ-მენეჯერი შეჯოროს და „გამოსასწორებელი ვადა მისცეს“.
კონსტიტუციის თანახმად, ძალაუფლებას ქვეყანაში ფლობს ქვეყნის პრემიერ-მინისტრი. ის არის „კონსტიტუციური ხელისუფალი“. ხოლო სისტემა, რომლის აგებასაც ივანიშვილი ცდილობს უკვე 5 წელია, გულისხმობს ორი ბნელი მოდელის გადმოტანას საქართველოში: „დენ სიაოპინისა“, როდესაც ჩინეთს ჰყავდა არაფორმალური მმართველი და „ბრეჟნევისა“, ვინც საბჭოთა კავშირის დასალიერს ხელმძღვანელობდა სსრკ „კომუნისტურ პარტიას“ და სწორედ როგორც პარტიის თავმჯდომარეს, ბევრად მეტი ძალაუფლება ჰქონდა, ვიდრე იმდროინდელ მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარეს
არც ერთ დემოკრატიულ ქვეყანაში ასეთი მოდელი არ მუშაობს: ევროპისა და ჩრდილოეთ ამერიკის მმართველ პარტიებს ჰყავთ თავმჯდომარეები, მაგრამ ისინი ან თავად იკავებენ პრემიერ-მინისტრების პოსტს, ხოლო თუ ამ პოსტს სხვები ეუფლებიან, პარტიის თავმჯდომარე მხოლოდ „პირველი პარტიული ფუნქციონერია“ და მეტი არაფერი. ვერც ტერეზა მეის, ვერც დონალდ ტრამპს და ვერც ანგელა მერკელს მათი პარტიის თავმჯდომარე ვერაფერს უბრძანებს ეკონომიკური და სოციალური პოლიტიკის მიმართულებით!
მეტაფორულად თუ ვიტყვით: ბიძინა - გიორგის სთავაზობდა, შეგუებოდა სიტუაციას, როდესაც მზეთუნახავზე (ანუ კონსტიტუციურ ხელისუფლებაზე) დააქორწინა კანონიერად, მაგრამ რეალურად იმ მზეთუნახავის „ხელის ხლება“ კი აუკრძალა.......... „ეს მხოლოდ ჩემი პრეროგატივაა განურჩევლად იმისა, მოგწონს შენ თუ არა, ვარ მასზე ოფიციალურად დაქორწინებული თუ არაო“.
შეურიგდებოდა ამ სამარცხვინო სიტუაციას ქართველი (!) გიორგი კვირიკაშვილი? ბანკის ტოპ-მენეჯერი როცა იყო, - კი ბატონო, მაგრამ როგორც პრემიერ-მინისტრი......ნურას უკაცრავად, რა თქმა უნდა არა!
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
„გამოსათხოვარ სიტყვაში“ ექს-პრემიერმა მკაფიოდ თქვა, რა საკითხებზე ჰქონდა უთანხმოება პარტიის დამფუძნებელთან:
1) პრემიერ-მინისტრი არ ეთანხმებოდა საბანკო რეფინანსირების განაკვეთის ცვლილებას, რასაც ივანიშვილი მისგან მოითხოვდა, რადგან ეს ეკონომიკის სწრაფ ზრდას შეაფერხებდა
2) პრემიერ-მინისტრი არ ეთანხმებოდა ლარის კურსის შესაკავებლად სავალუტო რეზერვების გამოყენებას, რაც მოსახლეობას ნაკლებად გააბრაზებდა, მაგრამ ეკონომიკის ზრდას შეაფერხებდა...
ანუ, მთლიანობაში, პრემიერ-მინისტრი უფრო „მემარჯვენე“ მიდგომების მომხრე იყო, ივანიშვილი კი უფრო „მემარცხენე“ პოლიტიკისა.
თანამდებობიდან გადადგომით, კვირიკაშვილმა - ივანიშვილს უთხრა, რომ ის არ არის ბანკის ტოპ-მენეჯერი, საწარმოს დამფუძნებლის მითითებები უსიტყვოდ შეასრულოს......ამიტომ, თუ იქნებოდა პრემიერი, ისე იმოქმედებდა, როგორც თავად მიაჩნდა სწორად, ან გადადგებოდა თანამდებობიდან.
ჰოდა გადადგა კიდეც.
სინამდვილეში, ივანიშვილი მისგან გადადგომას კი არ მოითხოვდა, არამედ სოციალ-ეკონომიკური პოლიტიკის შეცვლას და მითითებების უსიტყვო შესრულებას.
საქართველოში ასე არ გამოვა! ვინც არ უნდა დაინიშნოს პრემიერად (თუკი, ვიმეორებ, თვით ივანიშვილი არ „იქორწინებს“ ოფიციალურად „მზეთუნახავზე“ ანუ არ დაიკავებს თავად პრემიერ-მინისტრის პოსტს) ადრე თუ გვიან კრიზისი განმეორდება.
ოღონდ.......ეს „ადრე თუ გვიან“ შეიძლება აღარც იყოს, რადგან „ოცნება“ ხელისუფლებას უბრალოდ დაკარგავს. ქუჩით თუ ქუჩის გარეშე!
საქართველო არ არის არც ჩინეთი და არც საბჭოთა კავშირი!
ნიკა იმნაიშვილი