საქართველოსა და აშშ-ის შორის თანამშრომლობა, განსაკუთრებით სამხედრო სფეროში, თვისებრივად ახალ ეტაპზე გადადის, – ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ ვაზიანში, აშშ-საქართველოს ახალი პროექტის – თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის (GDRP) დაწყებისა და საბრძოლო მომზადების ცენტრის (CTC) გახსნის ცერემონიაზე განაცხადა.
მისი განცხადებით, დღეს ისტორიული დღეა, ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული თანამშრომლობა მტკიცდება.
„დღეს ჩვენ ვიწყებთ თავდაცვის მზადყოფნის პროგრამას, რომელიც თავისი მასშტაბებით არის ყველაზე ამბიციური. ეს პროგრამა ითვალისწინებს სამი წლის განმავლობაში, ცხრა ქვეითი ბატალიონის ნატო-ს სტანდარტების შესაბამისი წვრთნებით გაწვრთნას ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული თავდაცვის მიზნებისთვის. ასევე, აღნიშნული ბატალიონების ნატო-ს სტანდარტების შესაბამისად აღჭურვას“, – განაცხადა ლევან იზორიამ, რომელმაც აქვე აღნიშნა, რომ აღნიშნული საშუალებას იძლევა გრძელვადიან პერსპექტივაში, მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან თანამშრომლობა უფრო მჭიდრო და მაღალი ხარისხის გახდეს.
„ეს მოგვცემს საუკეთესო შესაძლებლობას, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში, მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან თანამშრომლობა გახდეს მჭიდრო და მაღალი ხარისხის. მიგვაჩნია, რომ იწყება ახალი ეპოქა ჩვენი თანამშრომლობის ფარგლებში, რომელიც გრძელვადიან პერსპექტივაში გაზრდის ჩვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობას, ასევე გაზრდის და გააძლიერებს თითოეული მოქალაქის დაცულობის ხარისხს“, – დასძინა ლევან იზორიამ.