პრეზიდენტად „მეოთხედახალადარჩეულმა“ ვლადიმერ პუტინმა პირველი მნიშვნელოვანი აქცია ე.წ. „ყირიმის ხიდზე“ ჩაატარა. ამ „მოვლენის“ გაშუქება რუსულ მედიაში, უპირველესად ტელევიზიებით, იმის ნიმუშად გამოდგება, თუ რამდენად ოსტატურად იყენებს ავტორიტარული რეჟიმი კომუნიკაციებს და კრეატიულ PR-ტექნოლოგიებს „დერჟავულად“ განწყობილი ბრბოს საბოლოოდ გამოსათაყვანებლად.
„ხალხის პრეზიდენტმა“ (სინამდვილეში პოპულისტმა) პუტინმა პირადად მართა პირველი სატვირთო მანქანა და შეუძღვა ოკუპირებულ ტერიტორიაზე უზარმაზარ კოლონას, რასაც მოჰყვა რუსეთის სახელმწიფო დროშების ფრიალით დაძრული „უბრალო ხალხი“ და ბაიკერი „ღამის მგლები“ ვინმე ზალდასტანოვის მეთაურობით.
უკრაინელები ამ „დერჟავულ აქციას“ ისეთივე სასოწარკვეთით ადევნებდნენ თვალს, როგორც ჩვენ ვუყურებთ „მავთულხლართების ინსტალაციას“ საქართველოს გეოგრაფიულ ცენტრში.
უკრაინის მოქალაქეებისთვის ერთადერთი შვება, რაოდენ არაპოლიტკორექტულად ან ცინიკურადაც არ უნდა ჟღერდეს, უამრავი მათი ექსპერტის მოსაზრებაა: „ყუბანიდან - ყირიმში ხიდის აგება შესაძლებელი რომ ყოფილიყო, კომუნისტები აუცილებლად ააშენებდნენ (სტალინი ააშენებდა თუ ბრეჟნევი ვერა) მაგრამ შავი ზღვა - აზოვის ზღვის დამაკავშირებელი სრუტის წიაღი, სწორედ ამ ადგილას ტექტონიკურად და სხვა მრავალი თვალსაზრისით მეტისმეტად არამდგრადია. ამიტომ ეს ხიდი ერთ საშინელ (!) დღეს შეიძლება უბრალოდ დაინგრეს მცირე ბიძგის ან დიდი წყალზეწოლის შემთხვევაშიც კი“.
ნამდვილად ასეა და პუტინს რისკი გათვლილი ექნებოდა, მაგრამ რად გინდა.......თუ მართლა დადგენა ეს საშინელი (!) დღე და ათასობით მსხვერპლი მოჰყვა.....იგივე „კრეატიული აგიტპრომი“ მხოლოდ ყრუდ იტყვის ამის შესახებ, ან საერთოდ არ იტყვის......აკი გაგვანათლა ამას წინათ რუსეთის „საინფორმაციო ჯართა“ ერთ-ერთმა ოფიცერმა, ვლადიმერ სოლოვიოვმა: „სიტყვა-ცნება Propaganda, თავდაპირველი არსით რწმენის გავრცელებას ნიშნავსო“. ჰოდა სწამს „დერჟავულ ხალხს“......რა გინდა რომ უყო?
ყირიმის სრულიად უკანონო, „უკანმოუხედავი“, ცინიკური, თავხედური ანექსიის მორიგი აქტის პასუხად დასავლეთმა „შეშფოთება“ გამოთქვა.
მხოლოდ ერთმა ამერიკულმა ტაბლოიდმა მოუწოდა უკრაინელებს: „რაღას ელით - თუ ასე არ მოგწონთ, ადექით და დაბომბეთ ეგ ხიდიო!“. თუმცა არ დაუზუსტებია, ამის პასუხად რუსეთი თუ კიევს „ისკანდერებით დაცოფავს“, რა ხარისხის იქნება ზემოთხსენებული „შეშფოთება“.
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
ჯერ ჯერობით რაიმე ახალ სანქციებზე (ყირიმის და დონბასის გამო) არაფერი ისმის. სამაგიეროდ, როდესაც საქმე უშუალოდ ევროპის უსაფრთხოებას ეხება (და ეს სულაც არ არის გასაკვირი), სერიოზულ სანქციებს ნამდვილად განიხილავენ: ამერიკის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა სახმდივან მაიკ პომპეოს დაავალა, მოამზადოს „ახლებური“ სანქციები რუსეთის წინააღმდეგ იმის გამო, რომ მოსკოვი უკვე აშკარად და დაუფარავად არღვევს ისტორიულ შეთანხმებას „საშუალო და ნაკლები სიშორის რაკეტათა აკრძალვის შესახებ“, რაც ჯერ კიდევ მიხეილ გორბაჩოვმა გააფორმა პრეზიდენტ ჯორჯ ბუშ უფროსთან.
განიხილება შემდეგი ზომები: სანქციონირებული ფიზიკური და იურიდიული პირებისთვის ნებისმიერი ტრანზაქციის დაბლოკვა, რომელიც დაკავშირებულია ქონებასთან ამერიკის ტერიტორიაზე; ამერიკაში შესვლის აკრძალვა და ვიზის გაცემაზე (გაგრძელებაზე) უარის თქმა; ასევე, უკვე გაცემული მრავალჯერადი, ხანგრძლივი ვიზების გაუქმება.....
ჯერ-ჯერობით უცნობია, რამდენად ფართო იქნება ის წრე, რომელსაც შეეხება „ვიზაბანი“. თუ ისევ მხოლოდ რამდენიმე ათეულ ოლიგარქს, მაშინ მათი „მარგი ქმედება“ აღმოჩნდება ნულის ტოლი. თუმცა, შესაძლო სანქციათა ეს პაკეტი იმითაა საინტერესო, რომ ვაშინგტონში, როგორც ჩანს, მიხვდნენ, რა არის სინამდვილეში პუტინისა და მისი რეჟიმის „სუსტი წერტილი“. თანაც სისტემური, რომლის შეცვლას იგი ვერაფრით მოახერხებს.
ამის საილუსტრაციოდ საკმარისია დავაკვირდეთ ერთ უცნაურობას: იმავე პრეზიდენტმა ტრამპმა, რამდენიმე კვირის წინ, მიიღო რუსეთისათვის კატასტროფულად დამამცირებელი გადაწყვეტილება და არა მხოლოდ დახურა რუსული საკონსულო სიეტლში, არა მხოლოდ გამოაპანღურა იქედან რუსი დიპლომატები, არამედ....... ჩამოართვა კიდეც რუსეთს მისი დიპლომატიური საკუთრება, რაც შეიძლება ითქვას, უპრეცედენტოა აქტია დიპლომატიის ისტორიაში მშვიდობიანობის დროს.
სსრკ-სთან დაპირისპირების კულმინაციურ მომენტშიც კი (ანუ 1983 წლის სექტემბერში, როდესაც რუსებმა ამერიკული სამგზავრო თვითმფრინავი ჩამოაგდეს შორეულ აღმოსავლეთში) ამგვარი მაინც არ მომხდარა, თუმცა ათეულობით დიპლომატი გამოაძევეს და ბირთვულ ომზეც ალაპარაკდნენ.
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
ბუნებრივია, „სოლოვიოვებმა“ ეს თავსლაფდასხმა ისე გააშუქეს, სულ ცოფები ყარეს, მაგრამ ჯიუტად „არ ესმოდათ“ აბსოლუტურად ბუნებრივი კითხვა: „კი მაგრამ, ამერიკასაც ხომ აქვს საკონსულო სანკტ-პეტერბურგში? ჰოდა წავართვათ საპასუხოდ ეს შენობა - აკი დიპლომატიაში მიღებულია სიმეტრიული პასუხი არამეგობრულ ქმედებებზეო“.
რატომ არ (ვერ) იღებს პუტინი ამ გადაწყვეტილებას, მიუხედავად იმისა, რომ დამცირების გამო ბოღმა ახრჩობს? სხვათა შორის, „ფორბსმა“, პირველად 5 წლის მანძილზე, პუტინს ჩამოართვა მსოფლიოში ყველაზე გავლენიანი ადამიანის ტიტული და ამის ერთ-ერთი მიზეზი უდავოდ ის გახდა, რომ მან ვერაფრით უპასუხა ამერიკულ თავსლაფდასხმას სიეტლის საკონსულოსთან და რუსეთის სახელმწიფოს კუთვნილ (!) შენობასთან დაკავშირებით.
მაშ, ვიმეორებ კითხვას: რატომ არ პასუხობს „სიმეტრიულად“?
იმიტომ, რომ აცნობიერებს მისთვის საბედისწერო სისტემურ სხვაობას: ამერიკელები არ ოცნებობენ რუსეთის ვიზებზე, აი რუსები კი.......ათიათასობით სანკტ-პეტერბურგელი (პუტინის მშობლიური ქალაქია!) ათენებს და აღამებს ამერიკის საკონსულოსთან, - ოღონდ კი როგორმე ამერიკული ვიზა მიიღოს ან გაიხანგრძლივოს. თანაც (აი ეს მომენტია ყველაზე ნიშანდობლივი) „ჩვეულებრივი რუსები“ კი არ არიან, ან მხოლოდ ოლიგარქები თუ მათი ოჯახის წევრები, არამედ რუსული ისტებლიშმენტის და ნაწილობრივ „საშუალო ფენის“ წარმომადგენლები. ეს ბევრად ფართო სოციალური წრეა, ვიდრე „ოლიგარქები და მათი ოჯახის წევრები“. თანაც, უმეტესწილად ახალგაზრდობა ანუ ყველაზე პრო-აქტიური და „სოციალურად პასსიონარული“ ფენა.
თუ სანკტ-პეტერბურგის საკონსულო დაიხურება, ეს სოციალური წრე, რომელიც ისედაც გაავებულია და უკმაყოფილოა მუდმივი პრობლემებით ამერიკის საოცნებო ვიზის აღებისას, კიდევ უფრო მეტ წყევლა-კრულვას გაუგზავნის პუტინს. მაშასადამე, ავტორიტარ მმართველს და მის რეჟიმს იმაზე ბევრად რთული პრობლემა შეექმნება, ვიდრე მაშინ, თუ პუტინის პრეს-მდივანი და მისი ოჯახობა ვეღარ გაემგზავრება ფლორიდის პენტ-ჰაუზში რომელიც დიმიტრი პესკოვმა, რასაკვირველია, „ხელფასით შეიძინა“......3 მილიონ დოლარად.
პუტინის რუსეთი არ არის ჩრდ. კორეული „კიმების რეჟიმი“. პუტინი, მისი ერთ-ერთი იდეოლოგის, ანატოლი ჩუბაისის იდეის თანახმად, რომელიც ჯერ კიდევ ელცინის ეპოქაში გამოითქვა, აშენებს ე.წ. „ლიბერალურ იმპერიას“!
თითქოს ოქსიუმორონია ხომ? აბა სად იმპერია და სად ლიბერალიზმი? თუმცა პუტინი ცდილობს ერთის მხრივ მეზობელს იპყრობდეს, აგრესიულ პოლიტიკას ატარებდეს, მაგრამ იმავდროულად ისტებლიშმენტის ლიბერალური ცხოვრების წესი არ იცვლებოდეს - ეს გავლენიანი „ფენა“ ძველებურად დასეირნობდეს პარიზის „ველებზე“, მილანის ბუტიკებში, მაიამის სანაპიროზე, კურშაველის თოვლიან მთებზე......იმპერატორმა იცის, რომ ხსენებული სოციალური ჯგუფი შედარებით მცირერიცხოვანიც რომ იყოს ასეულობით მილიონიან, ბნელ „დერჟავულ მასასთან“ შედარებით, რომელსაც არც კურშაველი აინტერესებს და არც მილანი, მაინც „ამინდისა და განწყობის“ შექმნელია საზოგადოებაში! ანუ ის ელიტაა, რომლის მხარდაჭერის გარეშე მისი რეჟიმი დიდხანს ვერ იარსებებს - აუცილებლად მოხდება, თანდათანობითი ეროზია და ბოლოს ჩამოშლა, რამდენი „ყირიმიც“ არ უნდა შემოიერთოს.
3-4 მილიონი რუსი „ელიტარი“, რომელიც მიეჩვია დასავლეთში თვეობით ცხოვრებასა და თავისუფლად სეირნობას, ცხოვრების წესის ამგვარ დანგრევას პუტინს არ აპატიებს!
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
სწორედ ამიტომ, ტრამპის გადაწყვეტილება იმაზე მიანიშნებს, რომ ვაშინგტონმა მიაგნო „უკვდავი კოშჩეის მომაკვდინებელ ნემსს“ - რუსული ზღაპრის შესაბამისად კვერცხის ნაჭუჭში რომ ყოფილა დამალული.
ისე...... პირველი, ვინც რუსეთის ამ სისტემურ სისუსტეზე და გამომდინარე შესაძლებლობებზე CNN-ის ეთერიდან მიანიშნა დასავლეთს, იყო მიხეილ სააკაშვილი, რომელმაც პირდაპირ ეთერში თქვა „უკრაინული ომის“ და ჰოლანდიელებით სავსე მალაიზიური „ბოინგის“ ჩამოგდების დროს: „მაიამი რუსებითაა სავსე და თვით პუტინის ქალიშვილებიც ნიდერლანდში ცხოვრობენო“...... მეორე დღეს, პუტინის ერთ-ერთი ქალიშვილი იძულებული გახდა ჰოლანდიელი „ბოი-ფრენდი“ მიეტოვებინა და სასწრაფოდ პეტერბურგში დაბრუნებულიყო.
ნიკა იმნაიშვილი