ცხინვალში მხეცურად ნაწამები და მოკლული არჩილ ტატუნაშვილის ოჯახი აცხადებს, რომ მოამზადა სარჩელი ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში რუსეთის წინააღმდეგ. სარჩელი ჯერ არ დარეგისტრირებულა სტრასბურგში ყველა წესის და პროცედურის შესაბამისად, რადგან სასამართლომ წინასწარი კვლევა უნდა ჩაატაროს და დაადგინოს, სწორად არის თუ არა მითითებული როგორც დაზარალებული, ასევე მოპასუხე მხარე.
ეს უკვე უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური საკითხია, რადგან, ღმერთმა ნუ ქნას, თუ სტრასბურგმა რუსეთის წინააღმდეგ სარჩელი არ მიიღო და განაცხადა, რომ რაკი დანაშაული რუსეთის ტერიტორიაზე არ მომხდარა, „მოპასუხე“ არასწორადაა მითითებული, ასეთი შედეგი ჩვენი ქვეყნის უმძიმესი საერთაშორისო მარცხი იქნება.
ამის ალბათობა თითქოს არც ისე დიდია, თუმცა მოსკოვს დიდი გავლენა აქვს ევროპის შესაბამის კოლაბორაციონისტულ წრეებზე და მათი, ასევე „სასარგებლო იდიოტების“ მეშვეობით შეეცდება „გაიტანოს“ პოზიცია, თითქოს მის მიერ სამხრეთ ოსეთის „დამოუკიდებლობის“ აღიარება ერთია, ხოლო „საქართველოს ტერიტორიად მიჩნეულ ქალაქში საქართველოს მოქალაქის მკვლელობა“- სულ სხვა.
დემაგოგიურად იმასაც იტყვიან, თითქოს იმ გმირი ბიჭის მკვლელობაში „რუსეთის სახელმწიფო ორგანოთა არც ერთი წარმომადგენელი არ მონაწილეობდაო“. ხოლო რუსეთის მოქალაქეები თუ იყვნენ მკვლელები, ეს თურმე სულ სხვა თემაა - „მაშინ კონკრეტულად დაასახელოს საქართველომ, ვინ მონაწილეობდა არჩილ ტატუნაშვილის წამებასა და მკვლელობაში“.
რასაკვირველია, ქართულ მხარეს ძლიერი არგუმენტები აქვს ამის საპასუხოდ: ოსური КГБ, რომელმაც არჩილი დააპატიმრა და აწამა, არათუ ფაქტობრივად, არამედ უკვე იურიდიულადაც რუსული ФСБ-ს ქვედანაყოფია და ეს „რესპუბლიკა“ 100%-ით კონტროლირდება მოსკოვის მიერ. იმაზე მეტადაც კი, ვიდრე მაგალითად, აფხაზეთი. მაგრამ აქ ლაპარაკია არა ჩვენი არგუმენტაციის სამართლიანობასა და ლოგიკურობაზე, არმედ ზემოთხსენებულ „კოლაბორაციონისტთა“ მისწრაფებაზე, რაც შეიძლება ნაკლებად აიტკივონ აუტკივარი თავი.
2009 წელს სწორედ მათი გავლენით „დაიდო“ ე.წ. „ტალიავინის დასკვნა“, სადაც აბსოლუტურად პარანოიდული „არგუმენტებია“ მოსკოვის სასარგებლოდ. მაგალითად, „ტალიავინის კომისიამ“ ვერ უარყო, რომ რუსული ჯარი საქართველოს ტერიტორიაზე (ცხინვალის რეგიონში, მაშასადამე საქართველოს ტერიტორიაზე!) ჯერ კიდევ 6 აგვისტოს შემოვიდა, მაგრამ..... „ეს აგრესია არ იყო, რაკი 8 აგვისტომდე საბრძოლო მოქმედებები არ უწარმოებია და შემდეგ მხოლოდ „მძინარე ცხინვალის დაბომბვას უპასუხაო“.
ასე წერია ზუსტად. გამოდის, სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე ჯარის შეყვანა თავისთავად აგრესია არ არის.
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
ზოგადად, ამ თემაზე უნდა ითქვას: ქართული დიპლომატია, ერთხელ და სამუდამოდ უნდა გათავისუფლდეს „რიდისგან“ და უნდა ისწავლოს დიპლომატიურად, „ტექნოლოგიურად“, ოღონდ რეგულარულად, პრინციპულად და მტკიცედ უპასუხოს ამ ძალებს, რომლებიც მუდამ „კუდს უქიცინებენ“ მოსკოვს. სამწუხაროდ, ეს ვერც ერთმა ხელისუფლებამ ვერ შეძლო - სააკაშვილის მთავრობამაც ვერ გაბედა ღირსეული პასუხი გაეცა იმ „დასკვნისთვის“, რათა ტალიავინის ხელდამსმელი გავლენიანი ევროპელი ლიდერები არ გაენაწყენებინა.
ხსენებულმა „კოლეგებმა“ რომ შემდეგ, ამგვარი „პოლიტიკური პროსტიტუციის“ შედეგად ყირიმი და დონბასი „დაიმართეს თავს“, - სხვა საკითხია და ჩვენთვის დიდი შეღავათი არ არის.
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
2006 წელს რუსეთმა მოსკოვიდან და სხვა დიდი ქალაქებიდან ათასობით ქართველი გამოაძევა. 7 მათგანი დაიღუპა. ათეულობით ადამიანი ამა თუ იმ ფორმით აწამეს, ანუ იქცნენ არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლად; სტრასბურგის სასამართლომ რუსეთი გაამტყუნა და კომპენსაციის გადახდაც დაავალა. მაგრამ მაშინ დანაშაული რუსეთის ტერიტორიაზე იყო ჩადენილი; რუსეთის მთავრობა პირდაპირ, აშკარად მონაწილეობდა და „ევრო-კოლაბორაციონისტებს“ „სათქმელიც“ არაფერი ჰქონდათ.
ახლა ბევრად რთული ვითარებაა და ევროსასამართლოში შეტანილი სარჩელი ამიტომაც შეიცავს სერიოზულ რისკს: თუ საქართველოს მთავრობამ კარგად (პროფესიულად) ვერ იმუშავა და თუნდაც სარჩელის დარეგისტრირებას ვერ მიაღწია, ეს (ვიმეორებ) ქვეყნის სერიოზული მარცხი იქნება და მნიშვნელოვან ზიანს მიაყენებს დეოკუპაციისათვის ბრძოლას საერთაშორისო სარბიელზე.
მთავრობის წევრებმა (სახელმწიფო მინისტრმა და იუსტიციის მინისტრმა) განაცხადეს, რომ მზად არიან „ყოველმხრივ მხარი დაუჭირონ სარჩელს“. თუმცა ხელისუფლება თავს იკავებს იმავე საქმეზე შეიტანოს სახელმწიფოთაშორისო სარჩელი რუსეთის წინააღმდეგ, რაც სრულიად ლოგიკური იქნებოდა, რაკი ოკუპირებულ ტერიტორიაზე საქართველოს მოქალაქე აწამეს და მოკლეს.
წამება და წამების შედეგად გარდაცვალება უმძიმესი დანაშაულია ევროკონვენციის შესაბამისად. ევროპის ტერიტორიაზე ამგვარი დანაშაული საერთოდ გაუგონარი და უპრეცედენტო შემთხვევაა. მით უმეტეს, როდესაც ევროსაბჭოს წევრ სახელმწიფოს უკავშირდება.
შესაბამისად, თუ სტრასბურგის სასამართლო რუსეთს დამნაშავედ მიიჩნევს ან მის წინააღმდეგ სარჩელს თუნდაც განსახილველად მიიღებს, ეს იქნება ევროპის ყველაზე მძლავრი ანტირუსული დემარში 2008 წლის აგრესიის შემდეგ!
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
კვირიკაშვილის მთავრობა, როგორც ჩანს, ითვალისწინებს რისკს, რომ „ევროკოლაბორაციონისტები“ შეეცდებიან არ გაამწვავონ ურთიერთობა რუსეთთან. თუმცა თვით საქართველოს მთავრობასაც აშკარად არ ეპიტნავება მოსკოვთან ურთიერთობის გამწვავება, ემბარგოს აღდგენა და ა.შ. ამიტომაც იკავებენ თავს სახელმწიფოთაშორისი სარჩელისგან; პრემიერის სპეცწარმომადგენელმა ზურაბ აბაშიძემ განაცხადა, რომ „ჯერ არ გაცნობია სარჩელს, ამიტომ კომენტარს გააკეთებს მხოლოდ საკითხის შესწავლის შემდეგ“. მანვე აღნიშნა, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა მოადგილე გრიგორი კარასინთან „ტატუნაშვილის თემაზე“ ჯერ არ უსაუბრია.
პოლიტოლოგ იოსებ ცინცაძის აზრით, მოსკოვი შეეცდება „დააიგნოროს“ სარჩელი. ყოველ შემთხვევაში მანამ, სანამ იგი „სახელმწიფოთაშორის“ სტატუსს არ შეიძენს. მით უმეტეს, ჯერ კიდევ 2 წლის წინ, რუსეთის საკონსტიტუციო სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, საერთაშორისო სასამართლოებისადმი პასუხისმგებლობის სრული ანულირების თაობაზე; ანუ მოსკოვი არც არის ვალდებული შეასრულოს (ამით სცნოს და აღიაროს) სტრასბურგის სასამართლოს ვერდიქტი.
მაგრამ ამ გადაწყვეტილების მიუხედავად, რუსეთი ჯერ არც ევროპის საბჭოდან გასულა და სტრასბურგის სასამართლოს დადგენილებებსაც ასრულებს; ესე იგი, გამამტყუნებელი განაჩენების შემდეგ კომპენსაციებს იხდის.
ოღონდ გააჩნია თვით საქმეს! ტატუნაშვილის ქეისი ბევრად პრინციპული საკითხია, ვიდრე სხვა საქმეები, რაც სტრასბურგში მოსკოვის წინააღმდეგ განიხილებოდა, რადგან თუ სტრასბურგმა მოსკოვი გაამტყუნა და ოჯახის სარჩელი დააკმაყოფილა, ამით ევროპა ერთხელ და სამუდამოდ აღიარებს: ეს ტერიტორია (ისევე, როგორც აფხაზეთი) არა მხოლოდ ოკუპირებულია რუსეთის მიერ, არამედ ყველაფერზე, რაც იქ ხდება, სწორედ რუსეთია პასუხისმგებელი. ხოლო თუ გავითვალისწინებთ, რა მნიშვნელობა აქვს „პრეცედენტულობას“ ევროპის სამართლებრივ სისტემაში, „ტატუნაშვილის ქეისი“ რუსეთის საწინააღმდეგოდ იმუშავებს ასევე დონბასში (უკრაინაც შეიტანს ამგვარ საქმეებს რუსეთის მიმართ) და ყველა სხვა რეგიონში, რომლის ოკუპირებასაც კრემლი გეგმავს, თუმცა ეს აგრესიული გეგმები ჯერ სხვაგან არ განუხორციელებია.
ამიტომ მოსკოვი, „ტატუნაშვილის საქმეზე“ იბრძოლებს ბოლომდე, იბრძოლებს როგორც არასდროს! და ქართველი იურისტების, ასევე დიპლომატების პროფესიონალიზმზეა დამოკიდებული, მოვიგებთ თუ არა ამ საქმეს: სტრასბურგის უარი, თუნდაც დაარეგისტრიროს სარჩელი რუსეთის სახელმწიფოს წინააღმდეგ, პოლიტიკურად თვით 2008 წლის კატასტროფის ტოლფასი მარცხი იქნება ჩვენი ქვეყნისთვის!
ნიკა იმნაიშვილი