ჩვენი თავისუფლების, სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის ერთ-ერთი უმთავრესი, ყველაზე საიმედო საყრდენი საქართველოს შეიარაღებული ძალებია, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ვაზიანში, IV მექანიზებულ ბრიგადაში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოს შეიარაღებული ძალები საქართველოს ემსახურება არა მხოლოდ ჩვენს საზღვრებისა და მოსახლეობის დაცვის, არამედ შორეულ ქვეყნებში საერთაშორისო უსაფრთხოების სადარაჯოზე დგომითაც.
„გილოცავთ საქართველოს შეიარაღებული ძალების დღეს. ჩვენს თაობას ერგო განსაკუთრებული პატივი ეცხოვრა დამოუკიდებელ სახელმწიფოში. ჩვენი თავისუფლების, სუვერენიტეტის და დამოუკიდებლობის ერთ-ერთი უმთავრესი, ყველაზე საიმედო საყრდენი საქართველოს შეიარაღებული ძალებია. თქვენ წარმოადგენთ ჩვენი სახელმწიფოსა და საზოგადოების ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ინსტიტუტს, რომელსაც იმედით შეჰყურებს და განსაკუთრებულ პატივს სცემს ჩვენი ხალხი და მთავრობა. დარწმუნებული ვარ, სამხედრო სამსახური დამოუკიდებელი საქართველოს ჯარში თითოეული თქვენგანისთვის განსაკუთრებული პატივია. საქართველოს შეიარაღებული ძალები საქართველოს ემსახურება არა მხოლოდ ჩვენს საზღვრებისა და მოსახლეობის დაცვის, არამედ შორეულ ქვეყნებში საერთაშორისო უსაფრთხოების სადარაჯოზე დგომითაც. დღევანდელ მსოფლიოში ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების გვერდით ბრძოლას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს საქართველოს მომავლისთვის, ჩვენი დამოუკიდებლობის დაცვისთვის და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისთვის”, – მიმართა ირაკლი კობახიძემ ვაზიანში შეკრებილებს.
მისივე თქმით, შეიარაღებული ძალები ჩვენი ხალხის სურვილებისა და მისწრაფებების უპირველესი შემსრულებელია, ამიტომაც თავდაცვის სამინისტრო, გენერალური შტაბი, თითოეული ქვედანაყოფი დამსახურებულად სარგებლობს სიყვარულითა და ავტორიტეტით, როგორც საქართველოში, ისე ჩვენს პარტნიორებსა და მეგობრებს შორის.
„საქართველოს პარლამენტის სახელით, დიდ მადლობას გიხდით საქართველოს ღირსეულად წარმოჩენისათვის. დღევანდელო დღის აღნიშვნისას ყველაზე დიდი პატივი უნდა მივაგოთ საქართველოს თავისუფლებისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ ჩვენს გმირებს.მათი სახელი არასდროს მიეცემა დავიწყებას, ვიდრე საქართველოში პატივს მიაგებენ ვაჟკაცობასა და სამშობლოს ერთგულებას. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენს ვეტერან მებრძოლებს, რომლებმაც თავიანთი ახალგაზრდობა ენერგია და ხშირად ჯანმრთელობაც შეალიეს საქართველოს თავისუფლებასა და დიდებას. სამშობლოს დაცვა ყველა ჩვენგანის წმინდა ვალია. თქვენ ხართ გამორჩეული ადამიანები ჩვენს საზოგადოებაში. ვისაც წილად გხვდათ ამ წმინდა მისიის შესრულება სამშობლოს წინაშე. მინდა, გისურვოთ მხნეობა, გამარჯვებები , საქართველოს კეთილდღეობა და გამთლიანება”, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.