ENG / RUS       12+

იქნება ომი?!

ოთხშაბათს, ამერიკის შტატ ინდიანას ერთ-ერთი ავიაბაზიდან აფრინდა „სიკვდილის არწივი“ - „განკითხვის დღის თვითმფრინავი“. ასე უწოდებენ Boing E-4B Nightwatch, რომელიც ამერიკის პრეზიდენტისა და უმაღლესი მხედართმთავრის „საჰაერო-სამეთაურო პუნქტად“ ითვლება ბირთვული ომის დროს.

ამერიკელმა გენერლებმა ჯერ კიდევ გასული საუკუნის 60-იან წლებში მეცნიერულად დაადასტურეს: ბირთვული ომის დაწყებისას, ქვეყნის უმაღლესი მხედართმთავარი და მისი უახლოესი გარემოცვა, ვინც ომი უნდა წარმართოს, ანუ არმიის ელიტა, სჯობს ჰაერში იმყოფებოდეს, ვიდრე მიწაზე ან მიწისქვეშა ბუნკერში. იმიტომ, რომ ჯერ ერთი, მოწინააღმდეგეს გაუჭირდება დაადგინოს, პლანეტის საჰაერო სივრცის რომელ წერტილში იმყოფება იმ მომენტში Boing, რომელიც გარეგნულად ძალიან ჰგავს ჩვეულებრივ სამგზავრო თვითმფრინავს.

გარდა მანევრირებისა, საჰაერო საკომანდო პუნქტს სხვა არსებითი უპირატესობაც აქვს: 11-12 კილომეტრის სიმაღლეზე მას მიწაზე აფეთქებული ბირთვული ჭურვის ტალღა უეცრად ვერ მისწვდება - მოწინააღმდეგემ რომც დაადგინოს ზუსტად ადგილსამყოფელი, რაც თითქმის შეუძლებელია. და მოასწრებს გაეცალოს ადგილს. გარდა ამისა, თვითმფრინავი დაცულია რადიოაქტიული ზემოქმედებისაგან.....

მიწისქვეშა ბუნკერის ამოსასვლელი შეიძლება ბირთვულმა აფეთქებამ დაახშოს, ამ საჰაერო ხომალდს კი ძალუძს მთელი კვირა იმყოფებოდეს ჰაერში და პლანეტის ნებისმიერ წერტილში დაეშვას.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

„მფრინავი ციხე-სიმაგრის“ ჰაერში აყვანა  ბევრმა დამკვირვებელმა სრულიად ლოგიკურად მიიჩნია ბირთვული ომისათვის მზადებად. მით უმეტეს მას შემდეგ, რომ ამას წინ უძღოდა პრეზიდენტ ტრამპის თუითი : ზესახელმწიფოს მეთაური პირველად დაემუქრა პუტინს, რომ რუსეთი „უნდა ელოდოს ამერიკულ რაკეტებს სირიაში“. თუმცა, ნახევარი საათის შემდეგ დონალდ ტრამპმა პოზიცია შეარბილა, ხოლო  თეთრმა სახლმა განაცხადა: საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ არის - ახლა განხილვის სტადიაშია სხვადასხვა ოფცია. რუსები იმავე ტონალობაში პასუხობენ, რომ უკანდახევა გამორიცხულია და საპასუხო დარტყმა გამანადგურებელი იქნება.

ამ გაურკვევლობას ვითარება სულაც არ განუმუხტავს. უფრო პირიქით. ცხადია, მოსკოვი და ვაშინგტონი ასე ახლოს არასდროს ყოფილან პირდაპირ, უშუალო სამხედრო კონფლიქტთან 1962 წლის „კარიბის კრიზისის“ შემდეგ, როდესაც ნიკიტა ხრუშჩოვმა კუბაზე განალაგა ბირთვული ქობინები, ხოლო პრეზიდენტმა ჯონ კენედიმ ამერიკის ბირთვული არსენალის სრულ საბრძოლო მზადყოფნაში მოყვანა ბრძანა. მათ შორის, რასაკვირველია ტრანსკონტინენტული ბირთვული რაკეტებისა.

მაშინ მსოფლიო მართლა ბეწვზე გადარჩა: მოსკოვმა კუბიდან ბირთვული იარაღი გაიტანა. ოღონდ მხოლოდ იმის სანაცვლოდ, რომ ამერიკამ გაიტანა რაკეტები თურქეთიდან.

კორეაში და ვიეტნამში ამერიკელი და რუსი მფრინავები თუ „სამხედრო მრჩევლები“ კი ნამდვილად  ეომებოდნენ ერთმანეთს, ბევრჯერ უშუალოდ შეჯახებიან, მსხვერპლიც იყო, მაგრამ ეს მაინც „პროქსი-ომად“ ანუ არაპირდაპირ ომად ითვლებოდა.  

1983 წელს, როდესაც რუსმა მფრინავმა, შორეულ აღმოსავლეთში, კურსს აცდენილი ამერიკული სამგზავრო თვითმფრინავი ჩამოაგდო, შეიარაღებულ ძალთა საბრძოლო მზადყოფნაში მოყვანამდე საქმე არ მისულა, რადგან პრეზიდენტ რეიგანსაც და გენსეკ ანდროპოვსაც შესანიშნავად ესმოდათ: როცა საქმე ბირთვულ ზესახელმწიფოებს ეხება, აქ ნებისმიერი გადაწყვეტილება სწორედაც  „ბირთვული“ ძალისა და შეუქცევადობის მქონეა.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

დღეს ყველაზე საშიში ისაა, რომ რიტორიკა „გაიოლებულია“ და სულ მალე შეიძლება შეიქმნას სიტუაცია, როდესაც ერთ-ერთმა მხარემ ან მართლა ომი უნდა დაიწყოს, ან სამსოფლიო თავსლაფდასხმას შეურიგდეს.

ხმელთაშუა ზღვაში ამერიკული, ბრიტანული, ფრანგული და რუსული სამხედრო ხომალდები  „გვერდს ძლივს უქცევენ“ ერთმანეთს. აღარავინ მალავს, რომ ბევრი მათგანი ტაქტიკური ბირთვული იარაღის მატარებელია. „ტაქტიკური“ ჰქვია, თორემ ერთ ასეთ ჭურვსაც შეუძლია  ავიამზიდი ჩაძიროს ან მთელი ბაზა მოსპოს ცოცხალ ძალასთან ერთად.

ახლა მთავარი კითხვაა: რით უპასუხებს დონალდ ტრამპი ასადის მართლა მხეცურ მოქმედებებს - ქიმიური იარაღით მშვიდობიანი მოსახლეობის ამოხოცვას დამასკოს გარეუბან გუთაში. რაღაცით რომ უნდა უპასუხოს ცხადია: ბევრჯერ დაემუქრა, რომ ამას არ აპატიებდა. ისიც ნათელია, რომ პასუხი უნდა იყოს იმაზე შთამბეჭდავი, ვიდრე შარშანდელი დარტყმა ავიაბაზა შაირათზე - ანალოგიურ სიტუაციაში.

მაგრამ გამოიწვევს თუ არა ახალი შეტევა ასადის წინააღმდეგ რუსეთ-ამერიკის სრულმასშტაბურ ომს?

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

როგორი ემოციური და იმპულსურიც არ უნდა იყოს ტრამპი, მას გარს ახვევიან უმაღლესი კლასის სამხედრო მრჩევლები  - გამობრძმედილი გენერლები. ისინი არაფერზე უკან დამხევნი არ არიან, ძალაც აქვთ, შეძლებაც, ამერიკული არმიის აშკარა უპირატესობებიც კარგად ესმით, მაგრამ, უმაღლეს მხედართმთავარს, როგორც ყოველთვის, რამდენიმე ოფციას სთავაზობენ. ჩამონათვალმა უკვე გაჟონა პრესაში - „დაღმავალი“ რანჟირებით მათი რისკ-გენერირების შესაბამისად

1) სარაკეტო დარტყმა რუსეთის ბაზებზე, ანუ ტარტუსსა და ჰმენინზე, ასევე სირიის არმიის უდიდეს ბაზებზე და შენაერთებზე, რომელიც სავსეა აგრეთვე რუსული პერსონალით თუ სამხედრო მრჩეველთა კონტინგენტით.

ეს ყველაზე მძიმე და რადიკალური ვარიანტია, რომელიც აუცილებლად გამოიწვევს რუსეთის საპასუხო დარტყმებს ამერიკის მეექვსე ფლოტის ხომალდებზე, პირდაპირ საჰაერო ბრძოლებს თვითმფრინავების ჩამოგდებით და ა.შ და ა.შ.

მერე რაში-როგორ-რა გადაიზრდება, ამაზე ფიქრიც კი შემაძრწუნებელია. პუტინმა ერთი შეხედვით უცნაური რამ თქვა საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ: „ვირთხა კუთხეში არ უნდა მოამწყვდიო, თორემ ძალიან საშიში ხდებაო“. დაუჯერებელია, მაგრამ ამ მეტაფორით საკუთარ თავს გულისხმობდა

2) სარაკეტო-საჰაერო დარტყმები დამასკოში ბაშარ ალ ასადის რეზიდენციაზე -  ამ რეზიდენციის პირწმინდად განადგურება, რასაც, პირველი ვარიანტისგან განსხვავებით, სამხედრო თვალსაზრისით მხოლოდ სიმბოლური მნიშვნელობა ექნება, რადგან ასადი იქ ნამდვილად არ იმყოფება;  თუმცა მაინც მნიშვნელოვანი და არსებითი პასუხი გამოვა მთელი მსოფლიოს თვალში.

შესაძლოა ამერიკულმა გენერალიტეტმა კვლავ წინასწარ გააფრთხილოს რუსული პერსონალი, დატოვონ დამასკოს სამთავრობო კვარტალი.

ამ ვარიანტის ალბათობას ის ზრდის, რომ ტრამპმა, ზემოთმოყვანილ „თუითში“ - „ჭკვიანი რაკეტები“ ახსენა, ანუ ერთი მეტრის სიზუსტით რომ შეუძლიათ ლამის „ფანჯარაში“ შეფრენა.

 ამგვარი იარაღი ამერიკელებს ნამდვილად აქვთ.

3) ყველაზე რბილი ვარიანტი: ისევე, როგორც შარშან, ამერიკელები ირჩევენ სირიის არმიის რომელიმე სამხედრო ბაზას; შემდეგ „წითელი ხაზით“ უკავშირდებიან რუსულ გენერალიტეტს და „ურჩევენ“ ეს ბაზა დატოვონ; ორი საათის შემდეგ მასირებული სარაკეტო დარტყმით ანადგურებენ ამ ბაზას და აცხადებენ, რომ მოსპეს ერთ-ერთი პუნქტი, საიდანაც დიქტატორი ბაშარ ალ ასადი საკუთარ ხალხს შხამავდა.

ამით, გარკვეულწილად, ამერიკაც ინარჩუნებს „სახეს“, „რუსეთიც“ (თუ გაეცალენ და საპასუხოდ არ დაარტყეს), მაგრამ ვითარება სირიაში არ იცვლება: ასადი აგრძელებს გუთას „გაწმენდას“ ოპოზიციისგან, ხოლო ქიმიურ იარაღს აღარ იყენებს უბრალოდ იმიტომ, რომ აღარ სჭირდება - დამასკოსთან ოპოზიცია უკვე განადგურებულია,  ალავიტები, ირანელები და რუსები გუთას ისედაც აკონტროლებენ.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

პროგნოზირება ძნელია, რადგან ორივე მთავარ მოთამაშეს - პუტინსა და ტრამპს  -  ძალიან მცირე შიდაპოლიტიკური რესურსი აქვთ: ნაციონალიზმითა და „გამარჯვებათა“ მთელი სერიით (2008 წლიდან) გამძღარი რუსული საზოგადოება თავის ავტორიტარ ლიდერს უკვე მცირე მარცხსაც ძნელად აპატიებს........ამერიკულ ისტებლიშმენტში კი გრძელდება მარაზმატული, თანაც სრულიად უაზრო ინვექტივები ტრამპის „რუსულ კავშირებთან“ დაკავშირებით, ხოლო სირიის თემა სულ მცირედით თუ ჩამორჩება ვიღაც აპოკალიპტური მეძავის, „ცნობილი“ პორნოვარსკვლავის, „ქამინგ აუთებს“ - ამერიკის მომავალ პრეზიდენტთან ბობოქარი სექსის დეტალური აღწერით.

ეს ყოველივე, მელანიას, რასაკვირველია, საშინლად არ მოსწონს; დონალდი კი, როგორც ცნობილია, ცოლ-შვილზე „აფრენს“ და მთლად „დალაგებულიც“ რომ არ არის. . . . . . . . თუმცა მისი ვიზავი პუტინის ზოგიერთი ნაბიჯი და გამონათქვამი ასევე ტოვებს „შექანებულობის“ შთაბეჭდილებას

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

მაგრამ ჩვენ რა ვქნათ, ჩვენ? - თუ პირველი, მეორე ან მათი „მიქსი“ განხორციელდა?!

ვერც ვერაფერს ვერ ვიზამთ! - დავანთოთ სანთელი და მოვეფეროთ შვილებს.

ბრინჯისა და ასანთის მომარაგებას აზრი არა აქვს.

 

ნიკა იმნაიშვილი 

 

 

 

 

ავტორი: . .