სამხედრო სამეცნიერო ტექნიკური ცენტრი „დელტას“ გენერალურმა დირექტორმა ტელეკომპანია "პირველის" ეთერში, გადაცემა "საქმის კურსში" ქართულ სეტყვასაწინააღმდეგო სისტემის შესახებ ისაუბრა.
როგორც უჩა ძოძუაშვილმა აღნიშნა, რამდენიმე ქვეყნიდან დიდი დაინტერესებაა სეტყვის საწინააღმდეგო სისტემასთან დაკავშირებითაც, ამ მიმართულებით რამდენიმე ქვეყანასთან მიმდინარეობს აქტიური მუშაობა. სისტემა დიდ დაინტერესებას იწვევს განსაკუთრებით სეტყვასაშიში პროცესებით რისკიან ქვეყნებში და უკვე იგეგმება სამუშაო ჯგუფის გამგზავრება სამ სხვადასხვა ქვეყანაში ტექნიკური სამუშაოების შესრულების მიზნით.
კახეთში დამონტაჟებულმა სისტემამ 2015, 2016 და 2017 წლების სეზონზე არსებული შესაძლებლობების მაქსიმუმი გამოავლინა. გასული წლების არსებული სტატისტიკის გაანალიზება გვაჩვენებს, რომ „დელტას“ ავტომატიზირებული სეტყვასაწინააღმდეგო სისტემის მუშაობის შედეგად სეტყვისგან მოსალოდნელი ზარალი რამდენჯერმე მცირდება.
„დელტას მიერ შემუშავებული სეტყვასაწინააღმდეგო სისტემა უზრუნველყოფს 96-97 პროცენტიან ეფექტურობას, დარჩენილი 3-4 პროცენტი ყველაზე უფრო მტკივნეულად ამახსოვრდება საქართველოს მოსახლეობას, რაც აბსოლუტურად ბუნებრივია. თუმცა, არ უნდა დაგვავიწყდეს დიდი რაოდენობით განეიტრალებული სეტყვასაშიში პროცესები და თავიდან აცილებული მნიშვნელოვანი ზარალი, რამაც გამოიწვია იმ ქვეყნების დაინტერესება, რომლებიც იყენებენ ძველ სისტემებს, რომელთა რეაგირების დრო საშუალოდ 7-15 წუთია, მაშინ როდესაც ჩვენს სისტემას გადაწყვეტილების მიღებიდან პირველი გასროლის განხორციელებამდე საშუალოდ 15-20 წამი ჰყოფნის“ - აღნიშნა უჩა ძოძუაშვილმა.