"ავღანეთის ვეტერანთა საქართველოს კავშირის“ ორგანიზებით არმიჰოლში 1979-89 წლებში ავღანეთში დაღუპული 128 ქართველი სამხედროს ხსოვნის საღამო გაიმართა. ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
გასული საუკუნის 80-იან წლებში ავღანეთში მიმდინარე საომარი მოქმედებების დროს 128 ქართველი დაიღუპა 6 კი უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება.
ღონისძიების დაწყებამდე სტუმრებმა გარდაცვლილ სამხედრო მოსამსახურეების ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს, ხოლო სამშვიდობო მისიებში მყოფ სამხედრო მოსამსახურეებს ქვეყნისთვის გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადეს.
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს არმიჰოლში ღონისძიებას ვეტერანთა სახელმწიფო სამსახურის წარმომადგენლები, თავდაცვის მინისტრის მოადგილე, გენერალური შტაბის ხელმძღვანელი პირები, საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის წევრები და სხვა დეპუტატები დაესწრნენ.
ხსოვნის საღამოზე ქართული ესტრადის წარმომადგენლებმა ცნობილი მუსიკალური ნომრები შეასრულეს. სპეციალური მუსიკალური ნომრით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ორკესტრიც გამოვიდა.