დიღომში მომხდარი თავდასხმა საშიში და ყურადღებით შესასწავლი ფაქტია. პირველ რიგში იმიტომ, რომ მას ნამდვილად აქვს 1990-იანი წლების იმ მოვლენათა შორეული „ექოს“ სიმპტომი, რომელთა მონაწილე დოდო იყო.
აქვე უნდა ითქვას, რომ დოდო გუგეშაშვილი არავითარი „მხედრიონის ლიდერი“ ან „ჯაბა იოსელიანთან დაახლოებული პირი“ არ ყოფილა: ამის მტკიცება სრული უმეცრების თუ არაკომპეტენტურობის გამოვლინებაა. „ცნობადი სახე“- კი; „ნიშანდობლივი ფიგურა“- დიახ, მაგრამ „მხედრიონს“ სხვა ლიდერები ჰყავდა, ხოლო ჯაბა იოსელიანს - სხვა „პადელნიკები“, - დოდო გუგეშაშვილზე ბევრად გავლენიანნი.
მათი დიდი ნაწილი ცოცხალი აღარ არის. მეორე ნაწილი კი რესპექტაბელური ბიზნესმენი გახდა ან იმ დროინდელი მოვლენების დროს აფხაზეთში, სამეგრელოში და თბილისში „ნაშოვნით“ ცხოვრობს; ბუნებრივია, მაშინდელი ხელისუფლება (ედუარდ შევარდნაძე) „ვალდებული“ და იძულებული იყო მათი „ღვაწლი“ გაეთვალისწინებინა; შესაბამისად, თბილისში პრესტიჟულმა მიწის ნაკვეთებმა, პრივილეგიებმა და შეღავათებმა არ დააყოვნა.
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
დოდო გუგეშაშვილს განსაკუთრებით არც არაფერი „უშოვია“; ჯაბა იოსელიანსა და „მხედრიონის“ ელიტას იგი „მდედრიონის“ საპირწონე ფიგურად უფრო სჭირდებოდა - ასე უწოდებდნენ მაშინ პრეზდენტ ზვიად გასახურდიას მომხრეებს.
გუგეშაშვილი აქტიურად მონაწილეობდა სამოქალაქო დაპირისპრებაში, რომელიც ბუნებრივად გადაიზარდა აფხაზეთის ომში. სოხუმის დაცემის შემდეგ, გუგეშაშვილი კოდორის ხეობაში დარჩა, სადაც იმ დროს ჯერ კიდევ ვრცელდებოდა საქართველოს იურისდიქცია. უფრო ზუსტად, რაიმე „იურისდიქცია“ კი არ ვრცელდებოდა, უბრალოდ იქ მაშინ (ჯერ კიდევ) ქართველები ცხოვრობდნენ, თორემ ეს მხარე სრულიად უკონტროლო იყო. გუგეშაშვილი კოდორში მრავალი თვის მანძილზე იმყოფებოდა. „მხედრიონელი“ კოდორში მაშინ ძალიან ცოტა იყო.
აფხაზეთში ომის დასრულების შემდეგ, ედუარდ შევარდნაძემ „მხედრიონის“ განადგურება და კრიმინალური ბანდების ალაგმვა გადაწყვიტა. ჯაბა იოსელიანთან ერთად, პირველ რიგში მის უახლოეს გარემოცვას და „ცნობად სახეებს“ მისწვდა. მათ შორის, რასაკვირველია, დოდო გუგეშაშვილს. მათ ბრალად წაუყენეს სამოქალაქო ომის დროს სამეგრელოში ჩადენილი დანაშაულობანი (არა ერთი); პირველ რიგში სოფელ დარჩელის გადაწვა - წმინდა წყლის სადამსჯელო ოპერაცია, რომელიც განხორციელდა ზვიად გამსახურდიას მომხრე ჯგუფების წინააღმდეგობის პასუხად; თუმცა დარჩელელები სრულიად უდანაშაულოდ დაისაჯნენ: მათი სახლ-კარი ჯერ გაძარცვეს, შემდეგ გადაწვეს, ხოლო პირუტყვი და ფრინველიც კი, ავტომატებით დაცხრილეს; ოღონდ აქვე, სამართიანობისა და ისტორიული ჭეშმარიტებისთვის უნდა ითქვას, რომ მადლობა ღმერთს, „მხედრიონსაც“ კი არ მოსვლია აზრად, დარჩლის რომელიმე მაცხოვრებელი დაეხვრიტა. თუმცა ეს დიდი ვერაფერი დამსახურება ან შეღავათია.
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
დოდო გუგეშაშვილმა მოიხადა სასჯელი, შეესწრო „მხედრიონის“ გაქრობას და ამის შემდეგაც განაგრძო „უცნაური“ აქტიურობა ყველგან, სადაც ომის სურნელი ტრიალებდა; 2008 წლის 10 აგვისტოს, დოდო და „ზვიადისტი“ მებრძოლების ლიდერი ლოთი ქობალია გორში შეხვდნენ ერთმანეთს, თუმცა ამ შეხვედრას რაიმე სერიოზული გაგრძლება ან პროცესი არ მოჰყოლია; ისტორია არასდროს მეორდება......მცირე ხანს დონბასში მებრძოლ ქართველ მეომრებს შორისაც გამოჩნდა......გუგეშაშვილის მთავარი „საქმე“ მაინც „მხედრიონის“ წარსულით „სულდგმულობა“ იყო. მატერალურადაც და ფსიქოლოგიურადაც. „მხედრიონს“ ლუციფერიც ვეღარ გააცოცხლებდა. მით უმეტეს ჯაბას გარეშე, მაგრამ იმ მრისხანე მოვლენების ექო დღემდე ისმის და გუგეშაშვილი ამას მუდამ გრძნობდა.
დოდო გუგეშაშვილი და „მხედრიონი“ გამანადგურებელი სამოქალაქო ომის პირმშონი იყვნენ. ამ ფენომენის წარმოშობაზე პირველ რიგში პასუხისმგებლობა ეკისრება მაშინდელ ე.წ. „ინტელიგენციას“, ვინც ზვიად გამსახურდიას, ინტელექტისგან და რაციონალიზმისგან სულიად დაცლილი ჩლუნგი ფანატიზმით ებრძოდა და ამ ბრძოლის პროცესში ყველას და ყველაფერს „აპრავებდა“; მათ შორის ისეთ ფენომენებსაც, რისი „გაპრავებაც“ უბრალოდ დანაშაულია ქვეყნის წინაშე. ამ კატეგორიას ვერაფრის დიდებით ვერ შეასმენდი იმ დროს, რომ კანონერად არჩეული ხელისუფლების დამხობა აუცილებლად გამოიწვევდა სამოქალაქო ომს, ხოლო სამოქალაქო ომი არის ყველაზე დიდი უბედურება, რაც ერსა და ქვეყანას შეიძლება დაემართოს, რაკი მთლიანად ანგრევს სოციალურ ქსოვილს, შლის ერთიან საზოგადოებრივ მატრიცას და არათუ წლების არამედ ათწლეულების განმავლობაში რჩება დაფარული ან დაუფარავი, მუდამ შხამიანი ბოღმის წყაროდ.
დოდო გუგეშაშვილზე თავდასხმამ არაფერიც არ „დაასრულა“ ან „წერტილი დაუსვა“, როგორც ზოგიერთმა აღიქვა მომხდარი. უბრალოდ დაადასტურა, რომ ისტორიის მოტყუება მართლა შეუძლებელია, ხოლო ასეთი მასშტაბის მოვლენები არათუ „კვალს ამჩნევს“, არამედ ნეგატიურად ცვლის ქვეყნის შინაარსს და მისი ისტორიული განვითარების ხაზს.
ნიკა იმნაიშვილი ,,ჯი-ეიჩ-ენი“