"ღვინის კლუბმა" მეღვინეობასა და მევენახეობაში არსებული პრობლემების შესახებ საზოგადოების ინფორმირების მიზნით ლექცია-სემინარების ჩატარება დაიწყო.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" "ღვინის კლუბიდან" აცნობეს, სემინარების მიზანია ღვინისა და გემოვნების კულტურის ამაღლება და მაღალი ხარისხის ღვინის პროპაგანდა.
ლექციები ორ კვირაში ერთხელ ჩატარდება და მას მეღვინეობა-მევენახეობის სპეციალისტები, ეთნოგრაფები, კულტუროლოგები და სხვა პროფესიის ადამიანები წაიკითხავენ.
პირველი ლექცია-სემინარი 27 ოქტომბერს, მაღაზია-სალონ "ღვინის სამყაროში" ჩატარდა და ის ცნობილმა ენოლოგმა, კორპორაცია "ქინძმარაულის" გენერალურმა დირექტორმა, ავსტრიის სადეგუსტაციო კომისიის წევრმა ნუგზარ ქსოვრელმა წაიკითხა. მისი ლექცია როგორც ღვინის დაგემოვნების პროფესიულ საიდუმლოებებს, ისე მეღვინეობისათვის დამახასიათებელ პრობლემებს ეხებოდა, რაც გამოწვეულია ვაზისა და ღვინის სხვადასხვა დაავადებით.
ნუგზარ ქსოვრელთან ერთად "ღვინის კლუბის" წევრებმა ექვსი სახეობის ქართული ღვინოც დააგემოვნეს (წინანდალი 2007- კორპორაცია ქინძმარაული; კახური 2007_ "ენისელის ღვინოები"; თავკვერი 2005 - "ოკამი"; ყვარელი 2004 - "კონჭო და კომპანია"; მერლო - "ბესინი"; ქინძმარაული 2007), საიდანაც საუკეთესო ღვინოდ "ყვარელი 2004" _ "კონჭო და კომპანია" დასახელდა, რომელიც სიძველის სასიამოვნო ტონებით, ტყის კენკრის არომატით და ამავე დროს, შემდგომი დაძველების პოტენციალით გამოირჩეოდა.
"ღვინის კლუბის" მომდევნო ლექცია-სემინარი, რომელიც სამშაბათს 10 ნოემბერს 18:00 საათზე "კავკასიურ სახლში" ჩატარდება, ყველა დაინტერესებული პირისთვის ღია იქნება. ამჯერად, "ვაზისა და ხეხილის სარგავი მასალის წარმოების ეროვნული ცენტრის" ხელმძღვანელი, სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორი, ლევან უჯმაჯურიძე ისაუბრებს თემაზე _ "იშვიათი ქართული ვაზის ჯიშები და ჯანსაღი სარგავი მასალის წარმოება". იშვიათი ჯიშების გარდა ლექცია შეეხება სამრეწველო და ინტროდუცირებულ ვაზის ჯიშებსაც, მათ ჯიშურ სიწმინდეს, ხარისხსა და დაავადებებს.