ENG / RUS       12+

2017-2018: პრობლემათა ტრანზიტი

თელავის საავადმყოფოს  რეანიმაციულ განყოფილებაში ხელოვნურ სუნთქვაზე მიერთებული ახალგაზრდა ჩეჩენის ბედი უკვე იქცა ჩვენი ქვეყნის წინაშე არსებული ეგზისტენციური, ანუ სამკვდრო-სასიცოცხლო საფრთხის სიმბოლოდ და გადავიდა კიდეც ახალ, 2018 წლის ქრონოლოგიაში.

გასულ წელს, მიუხედავად უამრავი სხვადასხვა ხასიათის, შინაარსის და მასშტაბის მოვლენისა, იმაზე მნიშვნელოვანი და ნიშანდობლივი მაინც არაფერი მომხდარა, ვიდრე გაბრიელ სალოსის ქუჩაზე გამძვინვარებული ნამდვილი საბრძოლო ოპერაცია ფანატიკოსი ისლამისტების წინააღმდეგ.

გამოძიებით დადგენილია: ისინი თბილისში მასშტაბური ტერაქტისთვის ემზადებოდნენ. სად, როდის, როგორ, ვის წინააღმდეგ, ჯერჯერობით არ არის დაზუსტებული, თუმცა დროზე რომ „მიუსწრეს“, უდავოა.

ფანატიკოსთა ამ ბანდის განადგურებით საბედისწერო საკითხი  არ ამოწურულა და არც კი შემცირებულა: ოღონდ იმიტომ კი არა, რომ თავისთავად პანკისი, ან მისი მოსახლეობაა მთავარი პრობლემა. მთავარი გამოწვევა ისაა, რომ „ისლამისტებმა“ საშიშად მიაპყრეს თვალი საქართველოს: სირიასა და ერაყში განადგურებული „ჯიჰადისტების“ უდიდეს ნაწილს არანაირი შანსი არა აქვთ მოხვდნენ ევროპაში და იქ იძიონ შური. სამაგიეროდ, როგორც აღმოჩნდა, აქვთ შანსი პანკისელი და აჭარელი „ისლამისტების“ მეშვეობით ჩამოვიდნენ საქართველოში, რომლებსაც ბევრი მათგანი კარგად იცნობს და აქ განახორციელონ ტერაქტი იმ „შაითანთა“ წინააღმდეგ, ვინც „დიად ხალიფატს“ ბომბავდა.

ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე პირველი ასეთი „რაზმის“ განადგურება მათთვის მხოლოდ „სისხლის ყნოსვაა“. მით უმეტეს, რომ არსებობს სისტემური ხელშემწყობი მიზეზები: ცალფეხა და ცალხელა ჩატაევს მოუწია აჭარის მთიანეთით გადმოსვლა, თორემ უჩინარ და „საღ“ ფანატიკოსებს თურქეთთან უვიზო რეჟიმითაც შეუძლიათ ისარგებლონ. მით უმეტეს, რომ ქვეყნის ერთ-ერთი რეგიონის სახით „ბაზაც“ აღმოაჩნდათ საქართველოში.

ხელისუფლება  პრობლემის „შეკავებას“ შეძლებს მხოლოდ უცხოელ პარტნიორთა მხარდაჭერით, რაც ამ  ჭირის „ზოგჯერ მარგებლობისა“ და დიდ გლობალურ მოთამაშეებთან „ინტერესთა თანხვედრის“ წყაროდ იქცევა.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

ახალ წელს გველის საპრეზიდენტო არჩევნები. თითქოსდა, სახელმწიფოს მეთაურს არანაირი უფლებამოსილება აღარ დარჩა - სრულიად სიმბოლურ ფიგურად იქცა და „ხელისჩამორთმევაღა“ ევალება. ასევე ნაძვის ხეზე ბავშვებისთვის საჩუქრების დარიგება, მაგრამ არჩევნები არჩევნებია. მით უმეტეს, საქართველოში, სადაც 2003 წლის შემდეგ დამკვიდრებული ტრადიციით, არჩევნები ყოველთვის შეიძლება იქცეს საპროტესტო ტალღისა თუ რევოლუციის „თრიგერად“.

მით უმეტეს, რომ გასულ წელს მიღებულმა კონსტიტუციამ, ჯერჯერობით, ვერც ერთ არსებით გამოწვევას ვერ უპასუხა: „საპარლამენტო რესპუბლიკა“ “ფეიკია”, რეალური პლურალიზმის, ნამდვილი მრავალპარტიულობის და სახელისუფლებო კოალიციების გარეშე. უფრო მეტიც: ამ დემოკრატიული ინსტიტუციების გარეშე ის  შეიძლება, ბევრად საშიშიც კი გამოდგეს, ვიდრე სუპერსაპრეზიდენტო მმართველობა.

ყოველ შემთხვევაში, იმ მთავარ პრობლემას, რაც საქართველოს განვითარებაში ხელს უშლის, ანუ „კლიენტ-პატრონალურ“ სისტემას (მათ შორის მენტალურ დონეზე) ახალი კონსტიტუცია და მმართველობის ახალი ფორმა ვერაფერს აკლებს, რაკი სწორედ „ფორმაა“ და არა შინაარსი.

ოღონდ, არანაკლები პრობლემა ისაა, რომ „მთავარი ოპოზიციური ძალა“ ამ სისტემის შეცვლას კი არ ცდილობს, არამედ ამჟამინდელი მმართველი ელიტის „გაგდებას“ და სისტემის საკუთარ თავზე მორგებას. ზუსტად ამიტომ არ მოითხოვენ ე.წ. „საარჩევნო ბარიერის“ თუნდაც 3%-მდე შემცირებას ან საყოველთაო ელექტორალური ვალდებულების დაწესებას, როცა ყოველი მოქალაქე ვალდებულია, მივიდეს არჩევნებზე და მისცეს ხმა, ან თუნდაც „ყველა გადახაზოს“, რაც სერიოზული მენტალური გარდატეხის დასაწყისი იქნებოდა. ზოგი თვლის, რომ ამით არაფერი შეიცვლება, მაგრამ ხომ არც არაფერი დაზიანდება ამგვარი ცდით გარდა მთვლემარე „ობივატელის“ კომფორტისა, აწიოს ადგილი სავარძლიდან და მივიდეს საარჩევნო უბანზე.

2018 წელს, ხელისუფლება-ოპოზიციის დაპირისპირება კვლავ კონცენტრირებული იქნება „მიშას“ თემაზე, რაც სინამდვილეში, არსებითი სულაც არაა ქვეყნის განვითარებისთვის, რადგან ისევ ხელისუფლების საკითხს წყვეტს და არა რაიმე სისტემური ცვლილებებისა.

დეკემბრის მიწურულს ხელისუფლებამ, როგორც იქნა მიიყვანა საქმე ერთ-ერთ განაჩენამდე, მაგრამ მაინც ახალი წლისთვის „გადაიტანა“. ეს პრობლემათა ტრანზიტის კიდევ ერთი ნიმუშია. „მიშას პატიმრობა“ (თუნდაც რომ მოხდეს მისი ექსტრადირება) შეიძლება ხელისუფლებისთვის სრულ კატასტროფაში გადაიზარდოს, რადგან დიდხანს ვერ გაგრძელდება, როგორც შიდაპოლიტიკური, ასევე საერთაშორისო მიზეზების გამო. ციხიდან ტრიუმფით გამოსული მიშა კი „ორჯერ მიშა“ გახდება

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

გასულ წელს საქართველოში მოხდა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა ბოლო 25 წლის განმავლობაში: ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქომ დაკარგა „უმწიკვლობისა“ და „უკრიტიკობის“ უბიწო თალხი. „ციანიდის“ სკანდალმა იქუხა ისე, რომ ამ საბურველიდან საერთოდ აღარაფერი დარჩა. რაც აბსოლუტურად დადებითი მოვლენაა და ხელს შეუწყობს, ქართული ეკლესია „ხელისუფლებათა იდეოლოგიური საყრდენიდან“ იქცეს ნორმალური სოციალური ფუნქციის ინსტიტუტად, როგორც ყველა ცივილიზებულ ქვეყანაში.

თუმცა ძალიან საეჭვოა, ახალ წელს „მემკვიდრის“ თემამ და ტრადიციულმა ურთიერთდაპირისპირებამ „ოქროსა და კვერთხისათვის“ ისევ არ იფეთქოს მეუფე შიოს გარშემო, ვინც პატრიარქმა უკვე ღიად და ოფიციალურად დანიშნა ეკლესიის მომავალ საჭეთმპრობლად.

ილია მეორე ღმერთმა დიდხანს აცოცხლოს. „მოსაყდრის“ არსებობა დაძაბულობას კიდევ უფრო გაზრდის და კონფლიქტს გააღრმავებს, რადგან იმ ძალებს საპატრიარქოსა თუ წმინდა სინოდში, ვისაც ვერ წარმოუდგენია, ვინ და როგორ უნდა „იმღერონ უჩემოდა“ მუდამ ექნებათ სურვილი წინასწარ შეამზადონ მომავალი არჩევნები ისე, რომ „მთავარი კანდიდატის“ პოზიციები მაქსიმალურად დასუსტდეს.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

უვიზო რეჟიმი - გასული წლის და 25 წლიანი პერიოდის ერთ-ერთი მთავარი მიღწევაა!

 ოღონდ მისი მნიშვნელობა არ ამოიწურება მხოლოდ „ჯიბეში ასევროიანი ბილეთით - რეისზე ქუთაისი-მილანი-ქუთაისი“. სინამდვილეში, მთავარი სიკეთე, რაც ევროპასთან უვიზო მიმოსვლას ახლავს თან, არის დასავლეთის აშკარად გამოხატული მზადყოფნა, გადადგას კონკრეტული ნაბიჯები საქართველოს მხარდასაჭერად, რაც უკვე მართლა შორს სცილდება ცარიელ რიტორიკასა და ჰუმანიტარულ დახმარებას.

„უვიზო რეჟიმი“ ევროპის მხრიდან საქართველოს დამოუკიდებლობისთვის გადახდილი კონკრეტული ფასია. იმიტომ, რომ ხორციელდება მაშინ, როცა, ზოგადად,  „ანტიემიგრანტული რიტორიკა“ ევროპული დისკურსის უმნიშვნელოვანესი თემა გახდა. ანუ, ბევრად რთული გადასაწყვეტი იყო, ვიდრე „თავისუფალი სავაჭრო ზონა“ (ცნობილი შეზღუდვებით, რაც „სასაქონლო სახესა“ და სადისტრიბუციო ქსელებს უკავშირდება) ან „ევროასოცირება“ მისი ლამაზი, აღმაფრთოვანებელი  ტექსტით.

როდესაც ევროკავშირის ელიტები ამ გადაწყვეტილებას იღებდნენ, შესანიშნავად იცოდნენ, რამდენად გაიზრდებოდა არალეგალური იმიგრაცია საქართველოდან. გაიზარდა კიდეც: მარტიდან - დეკემბრამდე ქვეყანაში „არდაბრუნებულთა“ რიცხვმა 10 000-სს მნიშვნელოვნად გადააჭარბა. ცხადია, ეს ადამიანები ახლობელ-მეგობრებთან და ნათესავებთან დარჩნენ და სამუშაოს ეძებენ.

სიტუაციას ამძიმებს ტრადიციულად „მყვირალა“ ქართული კრიმინალი, - მისი „ლეგენდებითა და მითებით“. ქართული კრიმინალი ევროპაში ყველაზე სასტიკი ან შემძლე სულაც არ არის, სამაგიეროდ სხვებზე მეტად „სჩანს“. შესაძლოა სწორედ ამან განაპირობა „წინასწარი რეგისტრაციის“ პროექტი, რაც საქართველოს მოქალაქეებისათვის „ლაით-ვიზების“ შემოღებას ნიშნავს. მომავალ წელს ეს პროექტი კონკრეტულ კანონად იქცევა, თუმცა მისი ამოქმედება კიდევ ერთი წლით გადაიდება.

მიუხედავად ამისა, „უვიზო რეჟიმი“ ნებისმიერ შემთხვევაში დარჩება „ფანჯარად“ იმ სამყაროსკენ, რომელსაც საქართველოსთვის ალტერნატივა აღარ აქვს და სადაც „გასაჭრელად“, ამ ქვეყანამ, ბოლო 30 წლის განმავლობაში, უდიდესი ფასი გადაიხადა.

 

ნიკა იმნაიშვილი ,,ჯი-ეიჩ-ენი“

 

 

ავტორი: . .