მე ვიქნებოდი მომხრე, რომ ყველაზე საშინელი სასჯელი დავაწესოთ ქალთა მიმართ ძალადობაზე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, კვირა არ გავა, რომ მამაკაცმა, თუ შეიძლება მას მამაკაცი ეწოდოს, ცოლი თუ ყოფილი ცოლი არ მოკლას, თანაც ძალიან სასტიკი ფორმით. მისივე თქმით, ამ მიმართულებით ქვეყანაში უბედურება ხდება.
როგორც კვირიკაშვილმა პარლამენტში, რიგგარეშე სესიაზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, ეს არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გამოწვევა.
"ეს არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გამოწვევა როგორც კრიმინალთან ბრძოლის მიმართულებით, ასევე კულტურული, მენტალური პრობლემა გახლავთ. ამ მიმართულებით ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯები გვაქვს გადასადგმელი. მე ვიქნებოდი მომხრე, რომ ყველაზე საშინელი სასჯელი დავაწესოთ ქალთა მიმართ ძალადობაზე. ჩვენ გარკვეული ნაბიჯები გადავდგით, იუსტიციის მინისტრმა გარკვეული ცვლილებები დააინიცირა, მაგრამ სამწუხაროდ, შედეგი მეტყველებს იმაზე, რომ ვერ მივიღეთ ამ მიმართულებით სასურველი შედეგი. ეს არის სირცხვილი ჩვენი ქვეყნის, ის რაც ხდება ამ მიმართულებით და მე მომხრე ვიქნები და პირადად მხარს დავუჭერთ, რომ კიდევ უფრო გავამკაცროთ კანონმდებლობა ამ მიმართულებით, რომ არ გვქონდეს ეს ძალიან დრამატული სურათი“, - დასძინა კვირიკაშვილმა.