საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი და ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი დავით რაქვიაშვილი ქუთაისში გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმის კადეტ გოგონებს შეხვდნენ.
საუბარი შეეხო საქართველოს თავდაცვისუნარიანობას, რეგიონში არსებულ საფრთხეებს, საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას და ქვეყანაში მიმდინარე პროცესებში ახალგაზრდების ჩართულობის მნიშვნელობას.
გიორგი აბაშიშვილის განცხადებით, ძალიან საინტერესო შეხვედრა შედგა კადეტ გოგონებთან, რომლებიც უკვე მეორე წელია კადეტთა ლიცეუმში სწავლობენ და მათი რაოდენობა დღითიდღე იზრდება.
"საქართველოს პრეზიდენტმა უკვე მეორე წელია სტიპენდიებით წაახალისა კადეტი გოგონები. ჩვენ გადავეცით მათ საქართველოს პრეზიდენტის მოკითხვა, თვითონაც ჰქონდათ არაერთი სურვილი, რომელიც გაგვიმხილეს და უახლოეს პერიოდში დაიგეგმება შეხვედრა საქართველოს პრეზიდენტის კადეტებთან", - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა.
დავით რაქვიაშვილი კმაყოფილებას გამოთქვამს, რომ ქართველი გოგონები დღეს უკვე ირჩევენ ამ სასწავლებელს, რათა მათ თავიანთი სწავლა და უნარები განავითარონ სამხედრო აღმშენებლობის მიმართულებით.
"ქართველი ქალი ისტორიულად იყო არამხოლოდ ქვეყნის აღმშენებლობის საკითხში ერთერთი გადამწყვეტი როლის შემსრულებელი, არამედ საზოგადოების შემდუღაბებელი.
კადეტი გოგონების გზა იქნება აუცილებლად წარმატებული. ის, რასაც აქ სწავლობენ დისციპლინირებული, მოტივირებული ახალგაზრდები, იქნება ეს სამხედრო მიმართულებით, თუ სხვა მიმართულებით, აუცილებლად ძალიან დიდ როლს შეასრულებენ საზოგადოებაში", - განაცხადა ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა.