ENG / RUS       12+

ვინ დაისჯება ბათუმის ტრაგედიისთვის?

თერთმეტი ადამიანი დაიღუპა ბათუმის ელიტურ სასტუმროში ხანძრისას.

Leogrand-ის „ხუთვარსკვლავიანობაზე“ საუბარი (ისევე, როგორც საქართველოს სასტუმროთა უდიდესი უმრავლესობისა) ელემენტარული ფეიკია: „ისე დაუმშვენდათ ცხვირიო“ სწორედ ამაზეა ნათქვამი! არავინ საქართველოში რეალურად ამგვარ „რანკინგს“ არ აწარმოებს საერთაშორისოდ აღიარებული, კოდიფიცირებული და სტანდარტიზებული ნორმების შესაბამისად. ამიტომ, „ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო“ ლონდონში, პარიზში ან ნიუ იორკში ერთია, ხოლო საქართველოში......ცნება „ფეიკის“ აზრობრივი სინონიმი „კვატი“.

ოღონდ იმიტომ კი არა, რომ სახანძრო უსაფრთხოების ნორმათა დარღვევა სასტუმროს ერთ ან ორ „ვარსკვლავს“ აკლებს: სინამდვილეში, ასეთი „სასტუმრო“, ნორმალურ ქვეყანაში, საერთოდ ვერ მიიღებს ვერანაირ მონაწილეობას სასტუმროთა „რანკინგში“. „ერთ“ ან „ორ“ ვარსკვლავს დააკლებენ კი არა, მისი საკითხი სულ არ განიხილება, რადგან „კომფორტსა“ და „უსაფრთხოებას“ რაიმე საერთო მნიშვნელი მხოლოდ ისეთ სახელმწიფოში შეიძლება ჰქონდეთ, როგორიც, სამწუხაროდ, დღეს  საქართველოა.

„ლონდონშიც ხომ დაიწვა 24 სართულიანი „გრენფელ თაუერი“ და ოთხმოცზე მეტი ადამიანი დაიღუპაო“. კი, დაიწვა, კი, ნამდვილად დაიღუპა.....მაგრამ დაიწვა 1974 წელს აგებული მრავალბინიანი  საცხოვრებელი სახლი და არა უახლესი სასტუმრო, რომელსაც ჩვენში ბრიყვულად და ცრუპენტელურად აცხადებენ „ხუთვარსკვლავიანად“ მიუხედავად სახანძრო უსაფრთხოების ელემენტარულ ნორმათა დარღვევისა!

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

სასტუმროს მეპატრონემ, ტრაგედიის შემდეგ, აღმაშფოთებელი განცხადება გააკეთა: „ნაცვლად იმისა, სპა-სალონიდან სასწრაფოდ გამოქცეულიყვნენ, ნივთების ასაღებად შეყოვნდნენო“.

ნივთების.....რომელი ნივთების - ტანსაცმლის?! აბა შიშვლები ხომ არ გამოიქცეოდნენ სპა-სალონიდან? იძულებული ხარ ასეთ თავხედობას იმავე „ტონალობაში“ უპასუხო: „თქვენ“ შეიძლება გამოქცეულიყავით შიშვლად, მაგრამ „ჩვენ“ არ გამოვიქეცით!

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

ვერავითარი პრეტენზია ვერავის ექნება სამაშველო სამსახურებთან: ადგილზე გაჩნდნენ რამდენიმე წუთში, გააკეთეს ყველაფერი, რისი გაკეთებაც შეიძლებოდა; კარგად იმუშავა პერსონალმაც: გადარჩენილები ყვებიან, რომ სტაფიდან არავინ გაქცეულა და ადამიანებს ბოლომდე ეხმარებოდნენ. მაგრამ.....რა ვუყოთ სისტემურ მიზეზებს, რომლებიც არც პერსონალზე, არც მაშველებზე თუ სახანძრო ეკიპაჟებზე არ იყო დამოკიდებული?

მაგალითად ის, რომ სასტუმროს ვენტილაციას, როგორც ჩანს,  არ ჰქონდა  ელექტროკვების დამოუკიდებელი წყარო, რომლის გათიშვა არ გამოიწვევდა ელექტროენერგიის გათიშვას მთელს 22 სართულიან შენობაში. „ნამწვი აირი“, რომელიც ადამიანთა გარდაცვალების ერთადერთი მიზეზი გახდა, მეოთხე სართულიდან (ანუ სპა-სალონში ხანძრის კერიდან) ყველა სხვა სართულზე სწორედ სავენტილაციო სისტემებმა გადაიტანეს. ამის შეჩერება მხოლოდ ვენტილაციის გათიშვით ან ბლოკირებით  შეიძლებოდა, მაგრამ პერსონალი, ვისაც ეს უნდა გაეკეთებინა, „ვაის გავეყარე ვუის შევეყარე“ სიტუაციაში აღმოჩნდა, რადგან მაღლივ  შენობაში, სადაც ასეულობით ადამიანია, ელექტროენერგიის მთლიანად გათიშვა არანაკლებ რისკებს ქმნიდა.

თუნდაც იმავე ლიფტებთან დაკავშირებით, რომელთაც ასევე არ ჰქონდათ ელექტროკვების დამოუკიდებელი წყაროები ან  შესაბამისი მექანიზმი, რომელიც ავარიის შემთხვევაში უახლოეს სართულამდე მიღწევის და შემდეგ კარების ავტომატურად გაღების გარანტიას ქმნის.

რატომ არ გააჩნდა სასტუმროს ეს სისტემები? იმიტომ, რომ ძვირია! ბიზნესმენი კი, თუ საშუალება ექნება, მუდამ ეცდება იაფად „გამოძვრეს“.

არ არსებობს ბიზნესმენი, რომელიც ნებაყოფლობით იტყვის უარს მეტ მოგებაზე და პრიორიტეტულად იფიქრებს შესაძლო ხანძარზე ისევე, როგორც არ ფიქრობს შესაძლო მიწისძვრაზე, როცა სასტუმროს აშენებს. ის უნდა აიძულო! ამას გვასწავლის საკაცობრიო გამოცდილება და თანამედროვე განვითარებულ სახელმწიფოთა პრაქტიკა.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

რა გახდა ადამიანთა დაღუპვის მთავარი მიზეზი? -   `მხრჩოლავი აირი‘ -  CO!

მერედა რატომ წარმოიშვა ამ ოდენობით მხრჩოლავი აირი სპა-სალონში?

იმიტომ, რომ სასტუმროს შიდა მოპირკეთება, როგორც  ჩანს, განახორციელეს იოლად წვადი და „მხრჩოლავი“  მასალებით, რომლებიც საშიშია, ბევრ ქვეყანაში აკრძალულია, სამაგიეროდ იაფია! 

ისევ და ისევ, თუ ბიზნესმენს სამშენებლო და ანტისახანძრო ნორმებით პირდაპირ არ დაუწესებ, არ აიძულებ ეს გაითვალისწინოს, ის მუდამ წავა „რისკზე“. მით უმეტეს, რომ საკუთარი შვილებით კი არ რისკავს, არამედ „მხოლოდ ზარალით“...... ბიზნესი კი რისკის გარეშე არ არსებობს: სხვა ადამიანებისთვის სასიცოცხლო რისკს, ჩვეულებრივი ბიზნესმენი, მისი მენტალობიდან გამომდინარე, ისევე უყურებს და აღიქვამს როგორც, მაგალითად,  „საგადასახადო“ რისკს, საინვესტიციო რისკს, წყალდიდობის რისკს, ტურისტულ სფეროში პრობლემათა წარმოშობის რისკს, ტურისტული სეზონის ჩავარდნის რისკს, ფინანსური ზარალის რისკს....ამიტომ ყველა ნორმალურ ქვეყანაში, ეს რისკები გაყოფილია. ესე იგი,  „უსაფრთხოების რისკები“ გამიჯნულია ჩვეულებრივი „ბიზნეს-რისკებისაგან“: „ბიზნეს-რისკი“ ინვესტორის პრობლემაა, ხოლო უსაფრთხოების რისკთა გამორიცხვა - მისი ვალდებულება! არა უბრალოდ „პასუხისმგებლობა“, არამედ „ვალდებულება“, რაც დადგენილია  შესაბამისი ნორმებით.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

რატომ არ გრძნობდა ეს კონკრეტული ბიზნესმენი  პასუხისმგებლობას? იმიტომ, რომ არ ეკისრებოდა ვალდებულება!

2004 წლიდან „რეფორმატორ-მოდერნიზატორებმა“ გააუქმეს ყველა სამშენებლო ნორმა, რათა ინვესტიციები მოეზიდათ. ბევრი ვერ ამჩნევს, რომ გაუქმდა არა მხოლოდ სახანძრო ზედამხედველობის სამსახური, რასაც ცრუპენტელურად ხსნიდნენ „კორუფციასთან ბრძოლით“, არამედ თვით სახანძრი უსაფრთხოების ნორმები! ეს ბევრად მნიშვნელოვანი და გამანადგურებელი შედეგის მომტანი აღმოჩნდა, ვიდრე რომელიღაც ბიუროკრატიული სტრუქტურის ლიკვიდაცია!

იგივე ხალხი, ვინც ეს (და უამრავი ამგვარი) დანაშაულებრივი გადაწყვეტილება მიიღო, დღევანდელ კითხვებს ასე პასუხობს: „არანაირი ნორმები არ უნდა არსებობდეს, ეს მხოლოდ ხელს უშლის ბიზნესს, ხელს უშლის ინვესტიციას, მაგრამ თუ ტრაგედია მოხდება, შემდეგ უნდა დადგეს იმ პირის პასუხისმგებლობის საკითხი, ვინც სასტუმრო ისე ააშენა, რომ ხანძარმა ადამიანთა სიცოცხლე იმსხვერპლაო“.

ანუ, იგულისხმება: Leogrand-ის მეპატრონის პასუხისმგებლობა უნდა დადგეს!

მაგრამ ნურას უკაცრავად. საქმეც ესაა, რომ  მას პასუხს ვერაფრით აგებინებთ. იმიტომ, რომ მისი ძვირადღირებული ადვოკატები იტყვიან: „აბა გვიჩვენეთ საქართველოში მოქმედი ნორმა, რომელიც გვავალდებულებდა არ გამოგვეყენებინა ინტერიერის მოსაპირკეთებლად  ბრჭყვიალა, ლამაზი, ეფექტური, რაც მთავარია იაფი, თუმცა იოლად აალებადი მხრჩოლავი მასალები?“

არსებობს ასეთი ნორმა? - არ არსებობს!

„აბა გვიჩვენეთ ნორმა, რომელიც გვავალდებულებდა სავენტილაციო სისტემას დამოუკიდებელი კვების წყარო ჰქონოდა ანუ  მისი ბლოკირება ყოფილიყო შესაძლებელი?“

 არსებობს ასეთი ნორმა საქართველოში?  - არა, არ არსებობს

„აბა გვიჩვენეთ ნორმა, რომელიც სასტუმროს მეპატრონეს ავალდებულებდა, შეეძინა ძვირადღირებული უსაფრთხო ლიფტები?!“

 არსებობს ასეთი ნორმა საქართველოში? -  არ არსებობს!

იგივე სახანძრო კიბე....... და ა.შ.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

 ამიტომ, სასტუმროს მეპატრონეს ყურებზე ხახვსაც ვერ დავაჭრით. ხოლო  ამგვარი მიდგომით („ნორმები და კონტროლი უნდა გაუქმდეს, მაგრამ თუ ადამიანები დაიხოცენ, მერე დამნაშავე დაისაჯოსო“) იცით ვინ დაისჯება? - უსასტიკესად დაისჯება  ის უბრალო ქართველი ელექტრიკოსი, ვინც „ხუთვარსკვლავიანი სასტუმროს“ სპა-სალონში, კედელზე ელექტროჩამრთველი (ე.წ. „შტეფსელი“) არასწორად დაამონტაჟა! სწორედ  იგი  აღმოჩნდება ყველაფერში დამნაშავე, - მხოლოდ ის წავა ციხეში, მისი ოჯახი გაუბედურდება და განადგურდება სამუდამოდ!

და ეს სამართლიანი იქნება? თუ ეს სამართლიანად აღიქმება საქართველოში, მაშინ ასეთი  ქვეყნის რაიმე „მომავალზე“ საუბარიც ზედმეტია!

 

ნიკა იმნაიშვილი   ,,ჯი-ეიჩ-ენი“

ავტორი: . .