კომპანია "თელასის" წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მოქალაქეების მიერ მომხმარებული ელექტროენერგიის საფასურის გაზრდილი ტარიფით დაანგარიშებასთან დაკავშირებით სს "თელასის" მისამართით საჯაროდ გავრცელებული ინფორმაცია უსაფუძვლოა.
კომპანიის წარმომადგენელთა განცხადებით, "თელასი" საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის ფარგლებში საქმიანობს და აბონენტებთან ანგარიშსწორებას ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მიერ დადგენილ ნორმატიულ აქტებთან შესაბამისად ახორციელებს.
სატარიფო გაანგარიშებებს "თელასი" სემეკის დადგენილებების საფუძველზე უზრუნველყოფს. არსებული სატარიფო კანონმდებლობის (სემეკის 2006 წლის 15 მაისის # 18 დადგენილება) მიხედვით "თელასის" სააბონენტო სექტორის მომხმარებლებისთვის ელექტროენერგიის შესასყიდი საფასური 2006 წლის 1-ლი ივნისიდან საფეხურებად განისაზღვრება და შეადგენს: 100 კვტ-მდე 1 კვტ - 13.480 თეთრი; 101 კვტსთ-დან 300 კვტსთ -მდე 1 კვტ - 16.0 თეთრი; 301 კვტსთ და მეტ1 კვტ - 17.697 თეთრი", _ აცხადებენ თელასში.
კომპანიის წარმომადგენელთა განცხადებით, ამავე დადგენილების მიხედვით, ყოველი აბონენტი ელექტროენერგიის საფასურს 30 კალენდარული დღის განმავლობაში მომხმარებული ოდენობის შესაბამისი საფეხურის მიხედვით იხდის. ხოლო, იმ შემთხვევაში, როდესაც სააგარიშსწორებო პერიოდი მეტია ან ნაკლებია 30 დღეზე, საფეხურების ინტერვალი იცვლება საშუალო დღიური მოხმარების მიხედვით.
"აღნიშნული ინფორმაცია "თელასის" ყველა სააბონენტო ქვითარზე საფეხურებრივ ტარიფთან დაკავშირებით სემეკის დადგენილების ძალაში შესვლის დღიდანაა დაბეჭდილი, რის შესახებაც კომპანიის მომხმარებლები ინფორმირებულები არიან", _ აცხადებენ კომპანიაში.