ENG / RUS       12+

უნდა თუ არა მიშას საქართველოში ექსტრადიცია?

უნდა თუ არა მიშას საქართველოში ექსტრადიცია? - ერთი შეხედვით უცნაური კითხვაა, რადგან ნორმალურ ადამიანს (მით უმეტეს ასეთი ტემპერამენტის „პატრონს“) ციხეში ყოფნას, რა თქმა უნდა,  თავისუფლება ურჩევნია.

ეს ლოგიკურია და ბუნებრივი. მაგრამ კვლავ და კვლავ  ის ბრძნული „გააჩნია რა შემთხვევაში“: ყველაფერი დამოკიდებულია პერსონალურ ღირებულებებსა და პრიორიტეტებზე, ანუ, საბოლოო ანგარიშით, ინტერესებზე და მათ იერარქიაზე. „ლოგიკური დასკვნა“ ირღვევა იმ შემთხვევაში, თუ ადამიანს სხვა, უფრო აღმატებული პრიორიტეტები აქვს, რომლებიც მის იდენტობასა და ყოფას განსაზღვრავენ.

თუ ციხეში წასვლა პოლიტიკაში თავის შენარჩუნების აუცილებელი (ან/და გარდაუვალი) პირობა ხდება, მაშინ ინტერესთა ერთი შეხედვით „ბუნებრივი“ „ლოგიკური“ და „ნორმალური“ იერარქია კიდეც შეიძლება დაირღვეს.

მიხეილ სააკაშვილი, ტემპერამენტით (გამარტივებულად თუ ვიტყვით, „ხასიათით“) სანგვინიკისა და ხოლერიკის ფეთქებადი ნაზავია. ეს იმგვარი მოცემულობაა,  საერთოდ ვერ შეიცვლება ვერავითარ შემთხვევაში. უფრო ფიზიოლოგიური, ანუ გენეტიკური და თანდაყოლილიც კია, ვიდრე „აღზრდითი“, „ცხოვრებისეული“ და „გამოცდილებისმიერი“.

მიშა მოქმედებდა, მოქმედებს და სანამ პირში სული უდგას მუდამ იმოქმედებს იმ მძვინვარე ვნების შესაბამისად, რომ იყოს პოლიტიკაში, იყოს ყურადღების ცენტრში, იყოს მნიშვნელოვანი პროცესების შემოქმედი და, იმავდროულად, „ექსკლუზიურიც“.

სულაც არ ეპიტანვება ციხეში წასვლა, მაგრამ (ვიმეორებ) თუ სხვაგვარად პოლიტიკური სიკვდილი და მტანჯველი „უსაქმურობა“ ელის, ამაზე კი არა, ყველაფერზე წავა! ხოლო  ცდუნებას უძლიერებს ის უეჭველი გარემოება, რომ მისი „ციხე“ ჯერ ერთი, შესაძლოა „ციხე“ სულაც არ აღმოჩნდეს და ხანგრძლივიც ვერ იქნება.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

„მაშინ, თუ ასეა, 2013 წელს საქართველოდან არ გაიქცეოდა, დაჯდებოდა და ვანო მერაბიშვილივით ან გიგი უგულავასავით დაპატიმრებას დაელოდებოდაო“ - სრულიად უსუსური და არაკომპეტენტური არგუმენტია; ისევე, როგორც „მაშინ ეს უკრაინული დავიდარაბა რაღად უნდა, ბაჩო ახალაიასავით ჩამოვიდეს და ჩაჯდეს, ამით ხომ უფრო ვაჟკაცურად“ გამოჩნდება?. . . . . . . . . .“

არადა, სააკაშვილი ნამდვილი „პოლიტიკური ცხოველია“ - ცინიკური და პრაგმატული -  მისი მიზანი „ვაჟკაცურად წარმოჩენა“ კი არა, პოლიტიკური პერსპექტივის შენარჩუნებაა, რაც ერთი და იგივე არ არის.

ანუ, ერთია, როცა სახლში ელოდები გამომძიებლებს, ან დასაკლავი ქათამივით ჩაბარდები „ცოტნე დადიანობის“ ფუჭ მოლოდინში და სულ სხვაა, კიევში, მორიგი საერთოევროპული მნიშვნელობის ეპოქალური რევოლუციის ეპიცენტრიდან, მთელი მსოფლიოს თვალწინ რომ „მოგიტაცებენ“, სპეციალური თვითმფრინავით სამშობლოში ჩამოგაფრენენ და „რუსი ოლიგარქის მეციხოვნეებს“ გადაგცემენ.

 

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

დავაკვირდეთ რა ხდება კიევში: ასე ახლოს ექსტრადირებისგან სააკაშვილი მართლა არასდროს ყოფილა და მან ეს ძალიან კარგად იცის: საემიგრაციო სამსახურმა უარი უთხრა თავშესაფარზე, გასაჩივრების საშუალებას კი არ აძლევენ, „რადასთან“ კარვების ქალაქი დასცა, მესამე „მაიდანს“ იწყებს, პირდაპირ მოუწოდებს ხელისუფლების რევოლუციური გზით დამხობისკენ, უკვე იარაღის „სამალავებიც“  უპოვიათ (?), პრეზიდენტი პოროშენკო კი სახიფათოდ უახლოვდება ზღვარს, როდესაც ან საბოლოოდ უნდა „დაჩმორდეს“, ან რაღაც იღონოს; ეს „რაღაც“, თავის მხრივ სულ ორ ოფციას მოიცავს: დააპატიმროს და ციხეში ჩასვას უკრაინაში ან გამოაძევოს საქართველოში. პოროშენკოსთვის მეორე უფრო ხელსაყრელი და მისაღებია, ვიდრე პირველი.

რა ამით მიშას? კომიკურია, მაგრამ ასეთი ფორმით და ასეთ ფონზე საქართველოში ექსტრადირება მისთვის ქართულ პოლიტიკაში სრულფასოვანი დაბრუნების ტოლფასი გახდება! ყველაზე უარეს ვარიანტშიც კი, თუ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობას შეუფარდებენ როგორც მართლმსაჯულებისგან „თავის ამრიდებელს“, ოთხივე სასამართლო პროცესს ბობოქარ  მანიფესტაციებად გადააქცევს!

გამორიცხულია საქართველოს მთავრობას ასეთი რამ ხელს აძლევდეს: კვირიკაშვილიც და „ოცნების“ სხვა ლიდერებიც რაციონალურად მოაზროვნე ადამიანები არიან და არა მისთანა „ჭკვიანი გიჟები“. ბიძინა ივანიშვილთან ერთად, ისინი, სინამდვილეში, საკუთარ დასავლურ იმიჯს უფრთხილდებიან, რაკი კაპიტალიც იქ აქვთ და (რაც მთავარია) ოჯახობაც იქ ჰყავთ საცხოვრებლად გაშვებული. პენსიაზეც, საკუთარ თავს არა „რუბლიოვკაზე“, არამედ ლაჟვარდოვან სანაპიროზე ან ადრიატიკაზე ხედავენ.

 ამიტომ ისეთი არც თუ ერთმნიშვნელოვანი ბრალდებებით, როგორიცაა „პიჯაკები“, თუნდაც მიტინგის ძალით (უსისხლოდ!) დაშლა შორეულ 2007 წელს, პოლიციელთა ამნისტია და „ცოლის შეურაცხმყოფლის მიბეგვა“, თბილისში აკრედიტებული დიპლომატები, მათ შორის ამერიკისა და ევროპულ სახელმწიფოთა ელჩები, მთავრობას აუცილებლად სთხოვენ, როგორც მინიმუმ, სასამართლოს განაჩენამდე სხვა (არასაპატიმრო) აღკვეთის ღონისძიება გამოიყენოს. მაგალითად შინაპატიმრობა.

დასავლეთში, ზოგადად ცუდი ტონია და არადემოკრატიულობის „სურნელს აფრქვევს“, როდესაც პოლიტიკოსი, მით უმეტეს ექს-პრეზიდენტი და პარტიის ლიდერი (თუ მთლად ბოკასას იმიჯი არა აქვს იქ), სასამართლოს განაჩენამდე ციხეში ჩასვან.

მაგრამ მთავრობა აქ უკან ვერ დაიხევს, რადგან „ხალხი“ სისუსტის გამოვლინებად ჩაუთვლის „არასაპატიმრო ღონისძიებას“. ამიტომ, რაკი მთავრობისგან უარს მიიღებს, დასავლეთი, რომელიც კატეგორიულად არ არის დაინტერესებული, პოსტსაბჭოურ სივრცეზე ძალაუფლების არჩევნებით გადაცემა ციხესთან ასოცირდებოდეს მათთვის, ვინცგადასცემს“, აუცილებლად „მივა“ პრეზიდენტ მარგველაშვილთან და სთხოვს, გამოიყენოს თავისი უფლებამოსილებები ამ კაზუსის გამოსასწორებლად ან შესამსუბუქებლად.

გიორგი მარგველაშვილი, რასაკვირველია,  ერთმნიშვნელოვნად მიესალმება მიშას გასამართლებას იმ მოტივით, რომ „კანონის წინაშე ყველა თანაბარია“, არც მოქალაქეობას დაუბრუნებს, მაგრამ აი რაც შეეხება „აღკვეთის ღონისძიებას“..... არ არის გამორიცხული მანაც მხარი დაუჭიროს შინაპატიმრობას, ხოლო პროკურატურისგან უარის შემთხვევაში......საერთოდაც შეიწყალოს სააკაშვილი ჯერ კიდევ განაჩენამდე (იურიდიულად ამის სრული უფლება აქვს - ჩვენში დამკვიდრებული ბრიყვული სტერეოტიპის მიუხედავად) და ეს „დასავლეთში საქართველოს იმიჯის შენარჩუნების აუცილებლობით“ ახსნას.

არადა, როგორც ციხეში მყოფი, ასევე შინაპატიმარი, „აპატრიდი“ სააკაშვილი, ნებისმიერ შემთხვევაში „რევოლუციური ბომბი“ იქნება. „მატროსოვზე“ საკმარისად კომფორტულ პირობებში იცხოვრებს, ხოლო „რევოლუციური მასა“, სულაც უმცირესობა რომ იყოს, სრულიად საკმარისი იქნება აფეთქებისათვის.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

სხვა ახსნა იმისა, რასაც ახლა სააკაშვილი სჩადის უკრაინაში და როგორც ეთამაშება „ცეცხლს“, როცა, ფაქტიურად, ყველა „გამკეთებელი“ და „გადაწყვეტილების მიმღები“ მოიძულა სამკვდრო სასიცოცხლოდ, უბრალოდ არ არსებობს:  ყველა „ხიდს წვავს“, მიდის აშკარა ვა-ბანკზე კიევში - „რაც იქნება იქნება“ სლოგანით - და  უკვე მართლა აღარ გამორიცხავს ციხეს, როგორც ქართულ პოლიტიკაში დაბრუნების (!) საშუალებასაც, თუ იქ მორიგი რევოლუცია „არ გაუვა“.

თქვა კიდეც, მისი ერთგული „რ2“-ის ეთერში: „არც ერთ სცენარს აღარ გამოვრიცხავ და ყველა მათგანისთვის მზად ვარო“

ფსიქიატრიისა და ნევროლოგიის ანაბანაა, რომ ხასიათი და ტემპერამენტი ნევროზი არ არის. არც რაიმე სხვა ავადმყოფობაა. უბრალოდ, ადამიანის ბუნებაა და ამიტომაც არ ინკურნება!

 

ნიკა იმნაიშვილი  ,,ჯი-ეიჩ-ენი“

ავტორი: . .