ერთხელ გენიალურ ალბერტ აინშტაინს უთქვამს: „როგორც ჩანს, ორი რამ არის ამქვეყნად უსასრულო: სამყარო და ადამიანური სიბრიყვე, თუმცა......პირველში ეჭვი მეპარებაო“. ანუ „მეორეში“ ეჭვი არ ეპარებოდა და ქვემორე ისტორიას რომ გასცნობოდა, კიდევ უფრო ნაკლებად შეეპარებოდა ეჭვი.
4 ოქტომბერს სოხუმში პომპეზური ღონისძიება გაიმართა: აფხაზმა ისტორიკოსებმა, ვისაც მთელი შეგნებული თუ შეუგნებელი ცხოვრება ქართველების, საქართველოს, ყოველივე ქართულის ცოფიან სიძულვილში აქვთ გატარებული, წარმოადგინეს ახალი წიგნი, სახელწოდებით „დიდი ტერორი აფხაზეთში“.
სეპარატისტთა საიტი, რომელიც ამ ღონისძიების შესახებ მოგვითხრობს, იქვე აღნიშნავს: „ამ წიგნს მსოფლიოს კონფლიქტურ ზონებში ანალოგი არ გააჩნიაო“. სრული ჭეშმარიტებაა! და თუ რატომ არა აქვს „ანალოგი“, - სწორედ ესაა აქ ყველაზე საინტერესო და ნიშანდობლივი.
პრეზენტაციას დაესწრენ აფხაზეთის პრეზიდენტი რაულ ხაჯიმბა და პარლამენტის სპიკერი ვალერი ქვარჩია. ისინი იშვიათად ჩნდებიან პუბლიკის წინაშე ერთად. მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში!
„დიდი ტერორი“ ეძღვნება 1937-1938 წლებში აფხაზური სეპარატისტული ინტელიგენციის რეპრესირებას ქართველი (! - ეს ბევრჯერაა ხაზგასმული) კომუნისტების მიერ. ბუნებრივია, აქცენტი კეთდება სტალინისა და ბერიას ქართველობაზე, მათ შოვინისტურ ქვენაგრძნობზე „თავისუფლემისმოყვარე აფხაზი ერის“ მიმართ ა.შ და ა.შ.
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
ეს ნარატივი ახალი როდია: უამრავი ამგვარი წიგნი გამოცემულა სოხუმში წინათაც. ოღონდ „ზურაბ ლაკერბაიასა და კომპანიის“ ახალ მონოგრაფიას ორი ძალიან მნიშვნელოვანი თავისებურება აქვს.
პირველი: წიგნის ავტორები და პრეზენტაციის ორგანიზატორები დაბეჯითებით აცხადებენ, რომ „დიდი ტერორი აფხაზეთში“ გამოცემულია....... „ევროპის საბჭოს“ მიერ! დიახ, დიახ, სწორედ იმ „ევროპის საბჭოსი“, რომლის წევრები ვართ 1999 წლიდან. თვით ორგანიზაციის საიტზე მსგავსი ინფორმაცია არ მოიპოვება, თუმცა ვეჭვობ, ლაკობა ტყუილს ამბობდეს, რადგან სხვა შემთხვევაში ევროსაბჭო ინფორმაციას უმალვე უარყოფდა „ქართული დიპლომატიის“ მოთხოვნით.
კიდევ უარესი: როგორც ირკვევა, არაფერსაც არ უარყოფს, ხოლო „თბილისის“ ყველა კითხვაზე, სტრასბურგში „მხრების აჩეჩვით“ პასუხობენ: „წიგნი ეძღვნება სტალინურ რეპრესიებს, ეს რეპრესიები დაგმობილია „ევროპის საბჭოს“ მიერ, კომუნიზმი გათანაბრებულია ნაციზმთან, ხოლო „დიდი ტერორი აფხაზეთში“ ეყრდნობა........თბილისის სახელმწიფო არქივის დოკუმენტებს!“
სწორედ ესაა ფორმით ანტიკომუნისტური, მაგრამ შინაარსით მძვინვარედ ანტიქართული გამოცემის მეორე ძალიან მნიშვნელოვანი სხვაობა წინა წლებში იმავე თემაზე აფხაზ სეპარატისტთა გამოცემული სხვა ანალოგიური „კვლევებისგან“.
პრეზენტაციაზე, „პროექტის კოორდინატორი“ ზურაბ ლაკერბაია აცხადებს (წავიკითხოთ ყურადღებით): „.....ორი წლის წინ გაჩნდა იდეა, გაგვეხსნა საქართველოს უშიშროების არქივები, რათა მოგვეძიებია ინფორმაცია 1937-1938 წწ რეპრესირებულ აფხაზებზე. ბევრი სირთულე იყო. უნდა დაგვერწმუნებინა ქართული მხარე, გადაელახა ფსიქოლოგიური ბარიერი, არ ცდილიყო საკითხის პოლიტიზებას, რათა საარქივო მასალები არ გამოყენებულიყო კონიუნქტურულად......მაგრამ ჩვენ ვიპოვეთ კომპრომისი, რადგან გვესმოდა: ამ ისტორიული შანსის ხელიდან გაშვება არ შეიძლებოდა! საიდუმლოდ ვმუშაობდით და შედეგსაც მივაღწიეთ“.
მრავალმხრივ საინტერესო ციტატაა. რასაკვირველია „საიდუმლოდ მუშაობდნენ“, რადგან შესანიშნავად იცოდნენ: ეს ამბავი თუ „გაჟონავდა“, მაშინ აფხაზეთიდან დევნილი მთავრობა რა თქმა უნდა შეეწინააღმდეგებოდა იმ „ღვთისშვილ სუბიექტებს“ (ეგება გამახსენოთ, ვინ იყო მაშინ, ანუ 2015 წელს, „სახელმწიფო მინისტრი“ ამ მიმართულებით?) ვინც ეს ბრიყვული გადაწყვეტილება მიიღო, - თბილისის არქივები ფანატიკოს ქართველთმოძულეებს გაუხსნა და სეპარატისტებს მათი საბოლოო მიზნის, ანუ სამომავლოდ საერთაშორისო აღიარებისათვის აუცილებელი დოკუმენტები მიაწოდა?
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
ევროპის საბჭოს ეგიდით ამგვარი წიგნის გამოცემა ძალიან მნიშვნელოვანი და ჩვენთვის საბედისწერო მოვლენაა. ასეთი წიგნები ადრეც „ტონობით“ გამოიცემოდა სოხუმში, ოღონდ „ევროსაბჭოს“ ეგიდით არა, რადგან აუცილებელი იყო ევროსაბჭოს „საკადრისი“ მაღალი აკადემიური დონე; ეს დონე კი ვერ მიიღწეოდა, თუ ქართველ „ჭკუისკოლოფებს“ ვერ დაითახმებდნენ, გაეხსნათ თბილისის არქივები აფხაზი სეპარატისტებისთვის და „დოკუმენტურად“ დაედასტურებინათ: „სტალინი და ბერია, შოვინისტური ქვენაგრძნობით, აფხაზი ერის გენოციდს აწარმოებდნენ“.
დაარწმუნებს, მოატყუეს, „დააგოიმეს“, გააბრიყვეს, „გადააგდეს“ და ახლა დაცინვით აცხადებენ: ქართული მხარე ......არ ცდილიყო საკითხის პოლიტიზებას და არქივების გახსნის საკითხს არ მიდგომოდა კონიუქტურულადო.
და თვითონ რა მიზნით იყენებენ ჩვენივე იდიოტიზმის წყალობით გასაჯაროებულ დოკუმენტებს? ზუსტად იმ პოლიტიკური და კონიუნქტურული მიზნით, რაც თავიდანვე ჩაფიქრებული ჰქონდათ, როცა „ქართველ გოიმებთან“ მოლაპარაკებას იწყებდნენ 2 წლის წინ: დამოუკიდებლობაზე საკუთარი პრეტენზიის „გასაპრავებლად“ ევროპაში!
აფხაზური სეპარატიზმის მიზანი რუსეთის შემადგენლობაში შესვლა არ არის; მისი მიზანი სრული საერთაშორისო აღიარებაა! საერთაშორისო ნორმებით კი, ამა თუ იმ ერს დამოუკიდებლობის მოსაპოვებლად სჭირდება 1) მთელი ტერიტორიის კონტროლი, რასაც მიაღწიეს 2008 წელს კოდორში ეთნოწმენდის მოწყობით და 2) „ისტორიული უფლების“ დასაბუთება. დოკუმენტებით გამყარებული „ეროვნული ნიშნით რეპრესიები“ კი, ევროპელთა თვალში, სწორედ ამ უფლებას დაუდასტურებთ.
აი, ამიტომ სჭირდებოდათ სწორედ ევროპის საბჭოს ეგიდით წიგნის გამოცემა, თან (უკვე მერამდენედ!) დიდოსტატურად გამოიყენეს ქართველ ჩინოსანთა (პირველ რიგში უხსენებლი „ექს-სახმინისტრის“) ზუსტად ის თვისება, რასაც ალბერტ აინშტაინმა „ნამდვილად უსასრულო“ უწოდა.
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
აბა როგორ წარმოგიდგენიათ, მაგალითად, აზერბაიჯანმა სომეხ სეპარატისტებს გაუხნას ბაქოს არქივები, რათა გამოსცენ წიგნი თავიანთ სეპარატისტულ მისწრაფებათა „დოკუმენტური დასაბუთებით“? ან რუსეთმა გაუხსნას ჩეჩნებს მოსკოვის არქივები? ან თუნდაც ესპანეთმა - კატალონიელებს ფრანკოს დროინდელ რეპრესიათა დამასაბუთებელი არქივები მადრიდში?
ამ სამარცხვინო ისტორიის სისტემური მიზეზი კი ისა, რომ ქართულ საზოგადოებას, უკვე ტრადიციულად, საშინლად არაკვალიფიციური (პირდაპირ თუ ვიტყვით ბრიყვი და არაკომპეტენტური) ელიტები ჰყავს: უბრალო ადამიანი კიდევ შეიძლება ვერ ხვდებოდეს, რატომ, და რა მიზნით ურეკავს მას ლამის ყოველ დღე ის ქვეწარმავლურად ეშმაკი ლაკერბაია, რატომ „მოუკითხავს თბილად შვილებს“, რატომ ელაპარაკება თვალთმაქცურად „სინამდვილეში ჩვენს ისტორიულ ძმობაზე“ და ფრთხილად შეაპარებს იქვე: „.....ვიყოთ ერთმანეთთან პატიოსანი და ეგება სტალინის რეპრესიები ერთად ვიკვლიოთ თქვენს არიქვებში, ეს რეპრესიები ხომ ქართველებსაც შეეხო და აფხაზებსაცო“.
მაგრამ შემდეგ, როცა საარქივო დოკუმენტებს ხელში ჩაიგდებს, წიგნს ევროპაში გამოსცემს ზუსტად იმ რეფრენით, რომ „ქართველმა კომუნისტებმა მოაწყვეს თავისუფლებისმოყვარე აფხაზი ერის გენოციდი კომუნისტური ტერორის დროს“
ამ წიგნს რომ ევროპელი ლიბერალი (ანუ ნამდვილი ევროპელი) წაიკითხავს, იმას ბევრი კითხვაც აღარ დარჩება, ხოლო ამგვარი „იდიოტიზმების“ შედეგს დღეს ან ხვალ თუ არა, 10 ან 20 წლის მერე აუცილებლად (აუცილებლად!) ვიწვნევთ;
აფხაზი სეპარატისტები გულდაგულ, დინჯად, ჭკვიანურად, გეგმაზომიერად. ეშმაკურად მუშაობენ, რუსეთსაც იყენებენ რასაკვირველია, მაგრამ მათი მთავარი რესურსი ევროპაში აღიარების მისაღწევად, სწორედ ქართული..... „გულუბრყვილობაა“.
ქართული ელიტები კი, ნაცვლად იმისა, ყველანაირად ხელი შეუშალონ მსოფლიო ასპარეზზე პირსისხლიანი სეპარატიზმის „გაპრავებაში“, როგორც ამ წიგნმა დაადასტურა, პირიქით-ეხმარებიან და ხელსაც უწყობენ!
ოღონდ, იმიტომ კი არა, თითქოს „აგენტები“ არიან. არა......უბრალოდ, იმ კატეგორიას განეკუთვნებიან, რომელმაც დიდი ალბერტ აინშტაინი უსასრულობის სასრულობაში დააეჭვა.
ნიკა იმნაიშვილი ,,ჯი-ეიჩ-ენი“