ბაგრამის საავიაციო ბაზაზე დაჭრილ სამხედროების გერმანიაში გადაყვანა იგეგმება, - დაჭრილი ქართველი სამხედროების ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
,,ავღანეთში ბაგრამის საავიაციო ბაზაზე დაშავებული ქართველი სამხედროების - სერჟანტის გიორგი წიქარიშვილისა და პირველი კლასის რიგითის ირაკლი კუჭუხიძის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. მკურნალობის შემდგომი ეტაპის გასავლელად მათი გერმანიაში გადაყვანა იგეგმება. უფროსი ლეიტენანტის ივერი ბუაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ მძიმეა, თუმცა ექიმების განცხადებით, მკურნალობის პროცესში დადებითი დინამიკა შეიმჩნევა”, - აცხადებენ უწყებაში.
„მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში მონაწილე საქართველოს შეიარაღებული ძალების II ქვეითი ბრიგადის 23-ე მსუბუქი ქვეითი ბატალიონის სამი სამხედრო მოსამსახურე ბაგრამის საავიაციო ბაზაზე თვითმკვლელის მიერ განხორციელებული თავდასხმის შედეგად გუშინ დაშავდა.