Agile Spirit 2017-ში მონაწილე ამერიკელი სამხედრო მოსამსახურეები საქართველოში ჩამოვიდნენ, - ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
,,დღეს დილით ალექსეევკის სამხედრო აეროდრომზე აშშ-ის საზღვაო ქვეითთა კორპუსისა და არმიის წარმომადგენლების მორიგი ნაკადი ჩამოვიდა. უცხოელ სამხედროებს მრავალეროვნული სწავლება Agile Spirit 2017-ის ხელმძღვანელი, საქართველოს სახმელეთო ჯარების დასავლეთ სარდალი, პოლკოვნიკი გიორგი მათიაშვილი დახვდა. აშშ-ის საზღვაო ქვეითთა კორპუსისა და არმიის წარმომადგენლები აეროპორტიდან შესაბამისი პროცედურების გავლის შემდეგ სწავლების რაიონისაკენ გაემგზავრნენ.
მრავალეროვნული სწავლება Agile Spirit 2017 წინა წლებთნ შედარებით გაცილებით უფრო ფართომასშტაბიანია. საველე და საშტაბო სწავლებაში ნატოს წევრი და პარტნიორი 8 ქვეყნის 1500-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე მიიღებს მონაწილეობას.
მრავალეროვნული სწავლება Agile Spirit 2017 საქართველოს შეიარაღებული ძალების და აშშ-ის საზღვაო ქვეითების ორგანიზებით გაიმართება. სამხედრო სწავლება საველე და საშტაბო ფაზებს მოიცავს და მისი სცენარი სტაბილურობის, შეტევა-თავდაცვით ოპერაციებს ემყარება.
სწავლების მიზანია ნატოს რეაგირების ძალების შემადგენლობაში ერთობლივ ოპერაციებში ან კრიზისებზე რეაგირებისათვის მზადყოფნა, ასევე ამერიკის შეერთებულ შტატებთან და პარტნიორ ქვეყნებთან ურთიერთქმედების დახვეწა.
სამხედრო წვრთნებში ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების, საქართველოს, აშშ-ის, ბულგარეთის, ლატვიის, რუმინეთის, უკრაინის, აზერბაიჯანისა და სომხეთის სამხედრო მოსამსახურეები მიიღებენ მონაწილეობას.
სწავლების საველე და საშტაბო ფაზები, ოფიციალურად, 11 სექტემბერს ახალციხეში, ორფოლოს პოლიგონზე საჩვენებელი წვრთნებით დასრულდება”.