წლის ბოლომდე რძის პროდუქტის მწარმოებელი კომპანია "ვინ-ბილ-დან საქართველო" სრული დატვირთვით ამოქმედებას და ექსპორტზე გასვლას გეგმავს.
"ვინ-ბილ-დან საქართველომ" პროდუქციის წარმოება ერთი თვის წინ დაიწყო და რძის პროდუქტით თბილისის გარდა საქართველოს რეგიონების მომარაგებაც დაიწყო.
მენეჯმენტის ინფორმაციით, საწარმო მაღალტექნოლოგიური ევროპული დონის ტექნოლოგიითაა აღჭურვილი და ნატურალური რძის პროდუქციის წარმოებისთვისაა დაპროექტებული. რძის გადამუშავების პროცესი მთლიანად დახურულია და მისი წარმოებისას მსოფლიოს წამყვანი მწარმოებლების დანადგარები გამოიყენება.
"ვინ-ბილ-დან საქართველო" ამ დროისათვის მხოლოდ 4 დასახელების რძის პროდუქტით _ ნატურალური რძით, არაჟნით, კეფირით და მაწვნითაა წარმოდგენილი და ბაზარზე მისი პროდუქცია სოფლის ნაბათის სახელწოდებით იყიდება.
მენეჯმენტი ნოემბრის თვის ბოლომდე იოგურტის წარმოებასაც გეგმავს, ხოლო შემდეგ ხაჭოს წარმოებაც აქვს დაგეგმილი. კომპანია პროდუქციის ექსპორტზე მოლაპარაკებებს სომხეთთან და აზერბაიჯანთან აწარმოებს და პირველი პარტიის გადაზიდვას წლის ბოლომდე ვარაუდობს.
"ვინ-ბილ-დან საქართველო" არის შვილობილი კომპანია რუსული "ვინ-ბილ-დან საქართველო კვების პროდუქტებისა", რომელიც რუსეთში გარდა რძის პროდუქტებისა ნატურალურ წვენებსაც აწარმოებს.
დღეისათვის მთლიანად "ვინ-ვილ-დანის" კვების პროდუქტში 18 ათასზე მეტი ადამიანია დასაქმებული და მის შემადგენლობაში 37 საწარმო შედის.
2005 წელს "ვინ-ვილ-დანი" გახდა პირველი რძის პროდუქტების მწარმოებელი კომპანია, რომელსაც ნება დაერთო თავისი პროდუქცია ექსპორტზე ევროკავშირის ქვეყნებში გაეტანა.