საქართველოში ორდღიანი ვიზიტით აშშ-ის არმიის შტაბის უფროსი, გენერალი მარკ მილი იმყოფება.
ამერიკელ გენერალს დღეს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე, ლელა ჩიქოვანი და საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის პირველი მოადგილე, პოლკოვნიკი ნიკოლოზ ჯანჯღავა დახვდნენ და ვიზიტისთვის მადლობა გადაუხადეს. აეროპორტში გენერალ მარკ მილთან დასახვედრად ჰოჰენფელსის საწვრთნელი ბაზის მეთაური, ბრიგადის გენერალი ანტონიო აგუტოც იმყოფებოდა.
გენერალი მარკ მილი საქართველოში ვიზიტის ფარგლებში ვაზიანში მრავალეროვნული სწავლების „ღირსეული პარტნიორი 2017“-ის მიმდინარეობას გაეცნობა. ის შეხვედრებს გენერალური შტაბის უფროსთან, გენერალ-მაიორ ვლადიმერ ჩაჩიბაიასთან და საქართველოს შეიარაღებული ძალების სხვა წარმომადგენლებთან გამართავს.