ქართველი სამხედროები, საქართველოს თავდაცვის მინისტრის ხელმძღვანელობით, უკრაინის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ აღლუმში მიიღებენ მონაწილეობას, - ამის შესახებ ინფორმაციას საზოგადოებრივი მაუწყებელი უკრაინულ მედიაზე დაყრდონით ავრცელებს, რომელიც წერს, რომ აღნიშნულის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა უკრაინის პრეზიდენტთან სატელეფონო საუბრისას განაცხადა.
უკრაინა დამოუკიდებლობის დღეს 24 აგვისტოს აღნიშნავს. კიევის ცენტრში მთელი დღის განმავლობაში დაგეგმილია ღონისძიებები. ქართველი ჯარისკაცები საქართველოს წარადგენენ.
უკრაინის თავდაცვის მინისტრის განცხადებით, აღლუმში მონაწილეობის სურვილი ათმა ქვეყანამ გამოთქვა. კიევში აღლუმზე უკრაინელ სამხედრო მოსამსახურეებთან ერთად, ნატო-ს წარმომადგენლები და ის ქვეყნებიც იქნებიან, რომლებიც უკრაინას თავდაცვის რეფორმის გატარებაში ეხმარებიან.
დამოუკიდებლობის დღეს, კიევის ცენტრალურ ქუჩაზე 4500 ჯარისკაცი გამოვა. უკრაინის თავდაცვის უწყების ინფორმაციით, აღლუმზე 70 საბრძოლო მანქანას გამოიყვანენ. მათგან 25 ადგილობრივი წარმოების იქნება.
ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტსა და უკრაინის პრეზიდენტს შორის სატელეფონო საუბარი 8 აგვისტოს შედგა. უკრაინის პრეზიდენტმა აგვისტოს ომიდან 9 წლის შემდეგ, პირადად მისი და სრულიად უკრაინის სახელით ქართველ ხალხს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მტკიცე მხარდაჭერა და თანადგომა კიდევ ერთხელ გამოუცხადა.
პეტრო პოროშენკომ აღნიშნა, რომ ორი ქვეყნის ერთობლივი ბრძოლა უსამართლობისა და აგრესიის წინააღმდეგ, რომელიც კოორდინირებულად მიმდინარეობს წარმატებით დასრულდება.