ENG / RUS       12+

„არასდროს მიჭირდა ისე, რომ 1000 ლარად თათარაშვილი „ჩამეშვა“ - ირაკლი მამალაძე

რესპოდენტის შესახებ

ე.წ. ციანიდის საქმეზე ბრალდების მხარის ერთ-ერთი მთავარი მოწმე, ირაკლი მამალაძე ყოფილი მაღალჩინოსნის, ირაკლი ფირცხალავს მიერ გაკეთებულ ბრალდებებს „ჯი-ეიჩ-ენ-თან“ პასუხობს.

_ გუშინ, ირაკლი ფირცხალავამ განაცხადა, რომ თქვენ იყავით, სუს-ის საიდუმლო თანამშრომელი.  

_ ამ ფაქტზე პროკურატურის მხრიდან რეაგირება მკაცრად მოვითხოვე. მამა გიორგი დაახლოებით, 6-7 თვის წინ დააკავეს. ირაკლი ფირცხალავამ კი, თვენახევრის წინ ამომიცნო და გაახენდა, რომ აგენტი ვიყავი, მანამდე თითქოს, ვერ მცნობდა... მითხრეს, რომ ფირცხალავას ათამდე საქმეში აქვს მსგავსი ჩვენება მიცემული, მაგრამ საბოლოოდ არცერთ მოსამართლეს გაუთვალისწინებია მისი ჩვენება.

_ ის ჩვენებაში კონკრეტულ წლებს და საქმეებს ასახელებს. როგორც ის ამბობს, სახელმწიფო უსაფრთხოები სამსახურის საიდუმლო თანამშრომლად 2005-2006 წლიდან ახსოვხართ.

_ იმ პერიოდში „რუსთავი2“-ში და „ალია-ჰოლდინგში“ ვიყავი.

_ გამოგიშვეს თუ არა ამ ტელეკომპანიიდან სწორედ იმის გამო, რომ თანამშრომლების ფარულ ჩაწერას ახორციელებდით?

_ ეს აბსურდია. თუ „რუსთავი2“-დან ამის გამო გამიშვებდნენ, წარმოგიდგენიათ ამასთან დაკავშირებით რამდენ რეპორტაჟს გააკეთებდნენ? პირადი დაპირისპირება მქონდა გურამ დონაძესთან, რომელიც შსს-ს პრეს-სამსახურის უფროსად მუშაობდა.

_ ანუ, გურამ დონაძესთან დაპირისპირების გამო დაგატოვებინეს „რუსთავი2“?

_ კი. ამაზე მაშინაც ძალიან ბევრი დაიწერა... მაშინ ფაქტობრივად „ალია-ჰოლდინგმა“ შემიფარა...  

_ თუ სიმართლეს არ შეესაბამება ის, რაზეც ფირცხალავამ ჩვენებაში ისაუბრა, რა ინტერესები ამოძრავებს მას თქვენს წინააღმდეგ?

_ შემიძლია დავიფიცო, რომ ამ ადამიანს საერთოდ არ ვიცნობ და არც ის ვიცი, თუ რა ინეტერესები შეიძლება ამოძრავებდეს. ცხოვრებაში ერთხელაც კი, მასზე რეპორტაჟიც კი არ მომიმზადებია. ვიმეორებ, ეს მე-10 გახმაურებული საქმე ყოფილა, სადაც ის მოწმის სახითაა დაკითხული და მუდმივად ცდილობს გამოძიებას ხელი შეუშალოს... როგორც ჩანს, ციხეში დაჯდა და რაღაც მოიფიქრა. თემურ თათარაშვილი არ არის ცოცხალი თუ გიორგი გაბუნია, რომ ეს ინფორმაცია გადაამოწმონ? თუ ადამიანს სახეზე არ ვიცნობ, როგორ განვახორციელებდი ამ ყველაფერს?

_ საიდუმლო თანამშრომელიც სწორედ ამიტომ ჰქვია, რომ მას არ უნდა იცნობდნენ.

_ თუ თემურ თათარაშვილი ჩავწერე, მინიმუმ, მასთან მიახლოების საშუალება ხომ უნდა მქონოდა? ეს სრული აბსურდია, ეს ინფორმაცია ხომ გადამოწმდება?

_ აუცილებელია თათარაშვილი თქვენ გიცნობდეთ?

_ აბა, სააკაშვილმა არ დაიჭირა და მე დავიჭირე?

_ ის სწორედ ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე დააკავეს.

_ ყველაზე ასე ამბობენ, რომ ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე დააკავეს.  თემურ თათარაშვილმა განაცხადა კიდეც თუ როგორ დააკავეს.

_ გიო გაბუნიას მიმართაც არ განგიხორციელებიათ ფარული ჩაწერა?

_ არასდროს! ამ ორივე ადამიანს ბოდიშს ვუხდი, რომ მათ ეს მძიმე ჭრილობა ზნედაცემულმა პოლიციელმა გაახსენა. გვარები და სახელები დახურული პროცესიდან დაასახელეს. წარმოგიდგენიათ, ეს პროცესები გახსნილი რომ ყოფილიყო, რეებს ჩაიდენდნენ?

_ რატომ ისმის გამუდმებით თქვენი მისამართით ბრალდება, რომ თქვენ ძალოვანი უწყების აგენტი იყავით?

_ არ ვიცი. როცა დავიკითხე, ძალიან მაინტერესებდა მამაოს ჩემს მიმართ რა რეაქციები ექნებოდა. სხვათა შორის, მას ჩემს მიმართ განსაკუთრებული აგრესია არ გამოუხატავს, არც ბევრი კითხვა დაუსვამს. მან კარგად იცოდა, რასაც ვამბობდი, სიმართლე იყო. არცერთხელ არ გავუჩერებივარ და არ უთქვამს, ასე კი არა, ასე იყოო. ბოლოს რამდენიმე კითხვა დამისვა, რაც თუ არ ვცდები იარაღს ეხებოდა. მან მოსამართლეს ისიც კი უთხრა, ჩვენ მომავალშიც გავაგრძელებთ ნათესაობასო. ამ ადვოკატებს რა უნდათ და რატომ მებრძვიან, არ ვიცი.   

პირად ურთიერთობებზე მაღლა ზნეობრივი და სახელმწიფოებრივი ხედვა დავაყენე, ავდექი და პროკურატურას მივმართე, ასეთი რამ იგეგმება, თუ შეგიძლიათ, გაერკვიეთ და ასეთ მძიმე დანაშაულში ხელი შეუშალეთ-მეთქი. ყველა ჩემი ნათქვამი ჩაწერილი, დადასტურებული  და მტკიცებულებებით გამყარებულია.

_ დაცვის მხარე აცხადებს, რომ ფარულ ჩანაწერებში გამუდმებით თქვენ იწყებთ ციანიდზე საუბარს.

_ მამალაძესთან ციანიდზე საუბარს მე არ ვიწყებ. პირიქით, თვითონ მამალაძე გამოხატავდა ინტერესს, მირეკავდა და მეუბნებოდა, რატომ ვერ მიშოვე, რა ხდებაო, მუდმივად ამაზე იყო საუბარი. ახლა კი უნდათ, როგორმე პროვოკატორი გამომიყვანონ, თითქოს, მე ვპროვოცირებდი და მამა გიორგის მე ვალაპარაკებდი, მაგრამ მინდა ვთქვა, რომ იმ დღიდან, რაც მამა გიორგიმ ციანიდი მთხოვა, არცერთხელ, მის ტელეფონზე არ დამირეკავს, არცერთი შეხვედრა ჩემი ორგანიზებული არ ყოფილა. მამალაძე თავად მიბარებდა, თავად მირეკავდა. როცა პროვოკატორი ხარ და რაღაცას გეგმავ, ალბათ ცდილობ ისე მოაწყო, რომ სავარაუდო მსხვერპლი აქეთ მოიყვანო. საქმე იმაშია, რომ მამა გიორგი თვითონ მინიშნავდა შეხვედრებს.

ყველა შეხვედრა გარდა ერთისა, ციანიდის თემას, მის მოძიებას, შოვნას უკავშირდებოდა. ის იყო გონებაგადახურებული და რას გააკეთებდა, კაციშვილმა არ იცის! ეს ჩანაწერები ხომ ხელში უჭირავთ, თუ მას შეუძლია ადამიანი იხსნას, გამოაქვენყონ, რას უყურებენ?!

_ საქმე იმაშია, რომ დაცვის მხარეს ეს უფლება ბრალდების მხრიდან შეზღუდული აქვს.  

_ გაუთქმელობაზე კი აქვთ ხელი მოწერილი, მაგრამ ამას თუ დაარღვევენ, რა დაემუქრებათ? დაკავებით არ დააკავებენ, მაქსიმუმ სანქციები დაუწესონ. ბოლობოლო, მეუფე პეტრეს გადასცენ და იმან გამოაქვეყნოს. მე ვურჩიო ეს?

_ მამალაძეს შორენა თეთრუაშვილის მოშორებაზე თქვენ არ უსვამთ კითხვას?

_  როცა მამალაძე კარიერულ წინსვლაზე მესაუბრებოდა, შორენას რას უშვები, რას უპირებ-მეთქი, ვკითხე. შორენა მარილზეაო, მიპასუხა. ეს ნორმალურად ვერც გავიგე და ისევ ვკითხე, ის კი მიკონკრეტებს მარილზეაო. ამის შემდეგ კიდევ რაღაცაზე ვსაუბრობდით. გადატანითი მნიშვნელობით, ფიგურალურად საუბრობდა შორენაზე, რომ იცოდე, მამა გაბრიელს შორენაზე ასეთი წინასწარმეტყველება აქვსო და ის წინასწარმეტყველება მოჰყვა, რაც უკვე იცით, მაგრამ ის ასე მილიონ რაღაცას ამბობდა შორენაზე, ძალიან სძულდა ეს ქალბატონი.

_  და ბოლოს, კატეგორიულად უარყოფთ რომ სუს-ის საიდუმლო თანამშრომელი იყავით?

_ არასდროს ვყოფილვარ არანაირი თანამშრომელი, სამაგისოდ საქმე არ მქონია. ჩემს ცხოვრებას, ჩემს ქონებრივ დეკლარაციებს გადახედონ. არასდროს მიჭირდა ისე, რომ 1 000 ლარად თემურ თათარაშვილი „ჩამეშვა“. ღმერთმა დამიფაროს ადამიანის გაწირვისთვის ფული ავიღო. ადვოკატი ამბობს, ვითომ ორმაგი აგენტი ვიყავი. თურმე 2 000 ლარი ამიღია გიო გაბუნიას „ჩაშვებაში“. ფანტაზიის რა უნარი აქვთ და სად არიან გასულები, არ ვიცი!

ყველაფერი შეიძლება დამაბრალონ, მე ამისთვის მზად ვარ. უბრალოდ ვერ ვხვდები ასეთი ცრუპენტელა მოწმის, ასეთი რეპუტაციის მქონე ადამიანის დაკითხვა სასამართლოს რას აძლევს.

ესაუბრა ეკა ლემონჯავა, „ჯი-ეიჩ-ენი“

 

ავტორი: . .